ახალი ამბები

ივანიშვილი: პოლემიკაში ვერ შევალ, ვის ხელში უნდა იყოს “გასაღები” და რატომ

8 ნოემბერი, 2014 • • 895
ივანიშვილი: პოლემიკაში ვერ შევალ, ვის ხელში უნდა იყოს “გასაღები” და რატომ

“ჩემი პოზიცია, რასაც მუდამ ვაფიქსირებდი, როდესაც პოლიტიკაშიც მოვედი და როდესაც რაიმე თემაზე მსჯელობა მიდიოდა, – არ გამოიგონოთ ახალი ველოსიპედი; ორი-სამი ქვეყანა მაინც დამისახელეთ ევროპული, სადაც მსგავსი არსებობს. სხვანაირად თემის განხილვასაც არ ვიწყებდი და არ ვაპირებდი. საქართველომ არ უნდა გამოიგონოს ახალი ვარიანტი, სად უნდა იყოს “გასაღები”. საქართველომ უნდა აირჩიოს ერთ-ერთი ვარიანტი იქიდან, რისი პრაქტიკაც არსებობს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში. ესეთი უნდა იყოს ორი ან სამი ქვეყანა მაინც, რომლის პრაქტიკაც შეიძლება გაიზიარო,” – განაცხადა ივანიშვილმა.

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ “ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და შს სამინისტროს დასუსტებას ანგარიში უნდა გავუწიოთ”

 

“იმას, რასაც ამბობენ, რომ ტელეფონის პროვაიდერებს უნდა ჰქონდეთ გასაღები და ამის მაგალითები და პრეცედენტები, როგორც მეც წავიკითხე და ვარ ინფორმირებული, უფრო მეტია, ვიდრე რომ შს სამინისტროს ჰქონდეს გასაღები. მაგრამ ამის მაგალითებიც არის: არის საფრანგეთი, არის პოლონეთი, არის ისრაელი. ამერიკაც, მგონი (არ მახსოვს ზუსტად). პრეცედენტები არსებობს და ნუ გვავიწყდება. ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, ზოგი უპასუხისმგებლოდ და დიდი ნაწილი შეგნებულად, ნაციონალური მოძრაობის სახით, ცდილობენ დააკნინონ შსს, ზოგიც -შეუგნებლად. თუ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, NGO-ების სახით და ასე შემდგომ, აჟიტირებულად- გინდა თუ არა უნდა იყოს ისე, როგორც ჩვენ გვინდა და აუცილებლად უნდა გადაეცეს [“გასაღები” მობილურ პროვაიდერებს]. მთავრობის და შს სამინისტროს პოზიცია არის ისეთი, როგორიც არის. მე სხვა რამეზე მინდა გავაკეთო აქცენტი. არჩევის საშუალება არის და ნუ გვავიწყდება ჩვენ, რომ ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და შს სამინისტროს დასუსტებას ანგარიში უნდა გავუწიოთ, ბალანსი უნდა არსებობდეს, რა თქმა უნდა.”

 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, არც ერთი პრეცედენტი არ არსებობს, რომ შსს უსმენს და იყენებს მოსმენებს. ყოფილ პრემიერს მიაჩნია, რომ აშშ-სა და ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც აქვთ მოქალაქეებს იმის განცდა, რომ მათ უსმენენ და ამ მხრივ საქართველოზე უკეთეს მდგომარეობაში ისინი არ იმყოფებიან:

 

“დღეს ვერც ერთი ქვეყანა მსოფლიოში, მათ რიცხვში აშშ-ის და ყველაზე განვითარებულ ევროპის ქვეყნებს, ვერც ერთ სახლემწიფოში თქვენ ვერ ნახავთ მოქალაქეს, დღეს რომ არ ჰქონდეს მსგავსი შფოთვა, რომ მას უსმენენ. ყველაზე განვითარებულ სახელმწიფოშიც კი: ამერიკა, გერმანია… ვინც გნებავთ. ეს პრობლემები არ არის უკეთესად, ვიდრე ჩვენთან. იქაც მოქალაქეებს აქვთ განცდა, რომ მათაც შეიძლება უსმენდნენ, ისევე როგორც ჩვენთან. ე.ი. ამ მხრივ საქართველო არ არის უარესებში.”

მასალების გადაბეჭდვის წესი