ახალი ამბები

IPN მედიის განვითარების ფონდს საგენტოების საქმიანობის შესწავლას ურჩევს

7 ნოემბერი, 2014 • • 1591
IPN მედიის განვითარების ფონდს საგენტოების საქმიანობის შესწავლას ურჩევს

“მედიის განვითარების ფონდის” მიერ გავრცელებულ კვლევაში ,”სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედია – არათანაბარი კონკურენცია საინფორმაციო სააგენტოებს შორის” , მოყვანილია ფორმულირება “საინფორმაციო სააგენტოების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება”, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მცდარია და, სავარაუდოდ, საზოგადოების შეცდომაში შყვანას ისახავს მიზნად, აცხადებს ინტერპრესნიუსი.

სააგენტოს განცხადებით, ინტერპრესნიუსი არის შპს, რომელიც არ ფინანსდება არც ერთი ორგანიზაციის მიერ. სააგენტო უწევს სხვადასხვა ტიპის მომსახურებას (იხილეთ სერვისები) როგორც საჯარო, ისე კომერციულ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა საერთო რიცხვი ასზე მეტია.

 

“”ინტერპრესნიუსი” უპირობო ლიდერია ქართულ საინფორმაციო სააგენტოებს შორის. დამკვეთების სიმრავლეს განაპირობებს სააგენტოს სანდოობა, ობიექტურობა, ოპერატიულობა, მაღალი რეიტინგი და სტაბილურობა, რითაც ნამდვილად ვამაყობთ. სააგენტო მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გეგმავს გაზარდოს როგორც საბიუჯეტო, ისე კომერციული, არასამთავრობო თუ სხვა დამკვეთი ორგანიზაციების რიცხვი, რომელთაც გაუწევს ჯეროვან მომსახურებას”, – წერია დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, სააგენტო მოუწოდებს “მედიის განვითარების ფონდს”, უახლოეს ხანში შეცვალოს ფორმულირება “საინფორმაციო სააგენტოების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება” და ურჩევს, რომ მომავალში მსგავსი კვლევების ჩატარებისას უკეთ შეისწავლოს საინფორმაციო სააგენტოების საქმიანობა.

 

მედიის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევა, მედიასაშუალებების არათანაბარ პირობებში ჩაყენება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სარეკლამო და საინფორმაციო მასალების გაუმიჯნავად გამოქვეყნებით – ეს შედეგები გამოიკვეთა კვლევის თანახმად, რომელიც “მედიის განვითარების ფონდმა” ჩაატარა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საინფორმაციო სააგენტოების დაფინანსების შესახებ. კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი