კომენტარი

საგზაო შემთხვევები

6 ნოემბერი, 2014 • 1629
საგზაო შემთხვევები

1

გუშინ შემხვდა ტაქსისტი, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების და ღალატის მუხლით იჯდა ციხეში.

საქართველოში ჩამოვედი თუ არა ჩამსვესო.

საქართველოში იმიტომ ჩამოვედი, რომ დედა მომიკვდაო. ჩემი საყვარელი, თბილი დედაო.

იქ საფრანგეთში ვცხოვრობდი. ადელთან. დედა ფრანგი ჰყავდა, მამა – ჰოლანდიელი. როგორ დავტოვე, იმას ენაცვალოს ჩემი თავიო.

მაგრამ დედა მომიკვდაო. ჩემი საყვარელი, თბილი დედაო. ენაცვალოს იმას ჩემი თავიო.

როგორც კი ჩამოვედი ჩამსვევსო. ძველი ვეტერანი ვარ. ყოფილ თავდაცვის მინისტრს შევხვდიო.

ბელგია მენატრება. ბრიუგე. ისეთი კოხტა ქუჩებია. ნეტავ ერთხელ კიდევ ჩამატარა იმ ქუჩებზეო.  კიდევ თუ ვნახავ ნეტავ იმ ადგილებს. მე და ადელი ბევრს ვსეირნობდითო.

ის დღე დაიწვას როცა საქართველოში დავბრუნდიო.

მერე ლაპარაკობდა რუსეთის მაფიაზე, სერიალებზე, ციხეში რომ უყურებდა დროის მოსაკლავად.

ხანდახან სიყვარულით ახსენებდა ადელს და დედამისსს.

 

2.

მარშუტკაში ჩემს უკან ისხდნენ. ორი გოგო და ერთი ბიჭი. 18-19 წლის.

მეცვა მოკლე კაბა, კეტები, ხელში ნოტები მეჭირა. 14 წლის ვიყავი, რომ მომიტაცეს.

ახლა აღარც ოჯახი დამრჩა და აღარც არაფერი.

სამაგიეროდ ნოტები დაგრჩა. ხუმრობს ბიჭი. იციანიან.

გოგო ამბობს, რომ ღამე როცა მარტო რჩება და ფიქრობს, ცდილობს იცინოს იმაზე რის გამოც ტირილი უნდა.

ბნელ სახლში ვუკრავო ღამღამობით.

რა მოხდებოდა იმ დღეს მუსიკის გაკვეთილზე რომ მივსულიყავი და არ მოვეტაცებინეთო.

 

3.

მარშუტკის მძღოლი თავის თავს ელაპარაკებოდა.

წინ წამლები ეწყო. ორი აბი პირში ჩაიდო. დაჭმუჭნული, პლასტიკატის მწვანე ბოთლიდან ყლუპ-ყლუპად სვამდა წყალს, თან გზას თვალს არ აშორებდა.

თავის თავს ელაპარაკებოდა. აქ კამერებია და მერე ვანახებ იმათ.

ღმერთო შენ დაიფარე ჩემი ოჯახი. ჩემი პატარა გოგო მიყოლეო ჯანმრთელად.

ხელზე ტატუირება ჰქონდა, იეროგლიფის წვრილი ხაზები ცერა თითს ეხვეოდნენ.

როცა მარშუტკის გაჩერებას სთხოვდნენ, თავაზიანად, მზრუნველი ტონით ეპასუხებოდა მგზავრებს.

გადატვირთულ მოძრაობაში არჩევდა გასაჩერებელ ადგილს.

რაღაცას ამბობდა ექიმებზე, შუქნიშანზე, პოლიციის სირენების ხმაზე ქალაქში.

კიდევ ერთი აბი ჩაიდო პირში.

 

4.

ერთი კალთაში ჰყავდა ჩასმული. მეორეს მინაზე მიეჭყლიტა ცხვირი.

მალე მივალთ მამა?

ჰო.

მამა…

რა იყო?

დღეს ხომ არ დამარხავენ?

არ დამარხავენ, შვილო.

აბა, როდის დამარხავენ?

ერთ კვირაში.

ეს კვირა რომ გავა. მერე?

ხო. ამოიხვნეშა.

ერთი კვირა სახლში იქნება (?) თითქოს თავიდან კითხვად ჰქონდა ჩაფიქრებული ეს დასკვნა.

მალე ჩავალთ მამა?

კი, მალე.

მამა, დილით მოკვდა?

ჰო.

მზე რომ ამოვიდა მაშინ?

ჰო.

არ ეძინა ღამე?

არა, არ ეძინა.

არ ეძინა და იმიტომ მოკვდა. დასკვნა ამჯერად უფრო დამაჯერებლად ჟღერდა.

მამა! მამმა…

ჰო?

ნუ ტირი რა, მამა.

ჰო.

ალექსი ჩიღვინაძე
ალექსი ჩიღვინაძე

ავტორის შესახებ

ალექსი ჩიღვინაძე, მწერალი

მასალების გადაბეჭდვის წესი