ახალი ამბები

ღარიბაშვილი ალასანიაზე: ერთი ავანტიურისტი და უჭკუო მინისტრი ჩამოგვშორდა

6 ნოემბერი, 2014 • 1291
ღარიბაშვილი ალასანიაზე: ერთი ავანტიურისტი და უჭკუო მინისტრი ჩამოგვშორდა

“მე მინდა გავიხსენო, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ღიად ლობირებდა, მფარველობდა ნაციონალებს, იყო ირაკლი ალასანია, დაწყებული გიგი უგულავათი, ბოკერიათი… ასე რომ, ჩემთვის ყველა კითხვა არის ამოხსნილი, იგივე მისი განცხადება 2 დღის წინ, რომ ის აპირებს ყველასთან ითანამშრომლოს, ყველა პროევროპულ ძალასთან, მათ შორის ნაციონალებთან, რა თქმა უნდა, ეს არის კიდევ ერთი თვითლუსტრირება,”– განაცხადა პრემიერმა.

 

პრემიერმა ღარიბაშილმა განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქციელი მისთვის ღალატის ტოლფასია და ის, რაც ალასანიამ “სააკაშვილის სტილში” გააკეთა, კითხვებს ბადებს:

 

“რაც გააკეთა ალასანიამ, რა თქმა უნდა, ეს არის ჩემთვის პირადად 2012 წლის პირველი ოქტომბრის გამარჯვების ღალატი, ეს არის ქართველი ხალხის მოტყუების მორიგი მცდელობა და მას ეს არაერთხელ გაუკეთებია, ამას ძალიან კარგად დაინახავს ჩვენი მოსახლეობა და ძალიან ბევრ სიურპრიზს ნახავს. მე გუშინ ვთქვი, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯები, ჩვენი 10 და 100 ალასანიას მსგავსი ავანტიურების, რა თქმა უნდა, არ გვეშინია. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ აბსურდულ წინააღმდეგობებს მარტივად გადავლახავთ. მაგრამ ის, რაც მან გააკეთა, სააკაშვილის სტილში, ძალიან ბევრ კითხვებს ბადებს”.

 

პრემიერი ამბობს, რომ “მოღალატეების” ჩამოშორება მთავრობის გუნდიდან ხალხისთვის არის უკეთესი:

 

“რაც უფრო მალე მოხდებოდა ასეთი მოღალატე ადამიანების ჩამოშორება ჩვენი გუნდიდან, მით უკეთესი ჩვენთვის და ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. რაც საწყენია ჩემთვის პირადად ის არის, რომ ისინი არ უფრთხილდებიან ჩვენს ქვეყანას. მათ არ ეცოდებათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, რომელმაც ძალიან ბევრ უბედურებას გაუძლო,”– განაცხადა ღარიბაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან პრემიერმა ღარიბაშვილმა 4 ნოემბერს გადააყენა, მას შემდეგ, რაც ალასანიამ პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება თავდაცვის სამინსტროში შეაფასა როგორც შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. ალასანიას გადაყენების შემდეგ თანამდებობები დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა. ამას გარდა, კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვეს “თავისუფალმა დემოკრატებმა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი