ახალი ამბები

პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს სიცრუეში ადანაშაულებს

3 ნოემბერი, 2014 • 1163
პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს სიცრუეში ადანაშაულებს

“ასევე თავდაცვის სამინისტროს მიერ გრიფი საიდუმლო მიენიჭა ამ შესყიდვასთან და შემდგომ სს „სილქნეტთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს. აქვე გავნმარტავთ, რომ საიდუმლო გრიფის მინიჭების უფლებამოსილება თავდაცვის სამინისტროში აქვს მხოლოდ მინისტრს და მის მოადგილეს,”– ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის  “სილქნეტის” სასარგებლოდ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლნგვასთან დაკაშირებით დააკავებას. მათ ბრალი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, მითვისება, გაფლანგვის მუხლით  29 ოქტომბერს წარუდგინეს. 30 ოქტომბერს კი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ხუთივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.

 

პროკურატურა სიცრუეს უწოდებს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გრიფი საიდუმლო საქმეს პროკურატურამ მიანიჭა

 

“თავდაცვის სამინისტროს განცხადებები თითქოსდა საიდუმლო გრიფი ამ მასალებს საქართველოს პროკურატურამ მიანიჭა და განზრახ არ ხსნის ამ მასალებს საიდუმლო გრიფს, არის სიცრუე და მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას. საზოგადოების საყურადღებოდ კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ სწორედ თავდაცვის სამინისტრომ მოახდინა ხსენებული შესყიდვის გასაიდუმლოება, რომლითაც 2 618 004 ლარის ღირებულების ქონება და მომსახურება შეისყიდა 6 720 877 ლარად, რითაც გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 872.6 ლარი,”– ნათქვამია განცხადებაში.

 

პროკურატურის განცხადებით, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წინასწარი წერილობითი დასტურით გასაჯაროვდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც არ მოახდენდა სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას. 

 

მაღალჩინოსნების საქმეზე გრიფის მოხსნის აუცილებლობაზე თავად  თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ისაუბრა:

 

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საიდუმლო გრიფი მოეხსნას უკვე ამ საქმეს, იმიტომ, რომ უსაფრთხოების კუთხით დიდი დარტყმა მიიღო ქვეყანამ ამ ნაბიჯით. აქედან გამომდინარე, იმ მომენტების საიდუმლოდ შენახვას, რაც თავის დროზე აუცილებელი იყო, რომ საიდუმლო ყოფილიყო, ახლა მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომ სრული ჭეშმარიტების დადგენისთვის მთავარია გამოძიება ღიად და გახსნილად წარიმართოს,”– განაცხადა ალასანიამ.

 

“გაუგებარია თავდაცვის სამინისტროს განცხადებები საიდუმლო გრიფის მოხსნასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ ხსენებული დოკუმენტაცია ეხება საქართველოს სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაციას, რომელიც გასაიდუმლოებულია თვით თავდაცვის სამინისტროს მიერ და ამ საიდუმლო ინფორმაციის დაცვა მათი ვალდებულებაა,”– აცხადებს პროკურატურა.

 

პროკურატურის განცხადებით,  როგორც გამოძიების საწყის ეტაპზე, ახლაც მზად არიან, რომ დოკუმენტებზე საიდუმლო გრიფის მოხსნის შესაძლებლობის შესწავლის მიზნით მოთხოვნის შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებები და დოკუნმენტაცია მიაწოდოს კომპეტენტურ ორგანოს. დადებითი დასკვნის შემთხვევაში კი, სწორედ თავდაცვის მინისტრი ან მისი მოადგილეა უფლებამოსილი, ხსენებულ დოკუმენტებს მოხსნას გრიფი საიდუმლო. 

 

“შესაბამისად, მოვუწოდებთ თავდაცვის სამინისტროს, შეწყვიტონ პოლიტიკური სპეკულაციები და სანამ ვინმეს უსაფუძვლოდ გადააბრალებენ გარკვეულ ქმედებას, მოვუწოდებთ გაერკვნენ სამართლებრივ პროცედურებში, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მათთვის უხერხული და სამართლებრივად შეუსაბამო განცხადებების გაჟღერება.

 

საქართველოს პროკურატურა სრულ მზადყოფნას გამოთქვამს  კომპეტენტური ორგანოს – შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად საიდუმლო გრიფის მიმნიჭებელი ორგანოს – თავდაცვის სამინისტროს მიერ მისი მოხსნის შემთხვევაში, მოახდინოს  საქმეში არსებული მტკიცებულებების გასაჯაროება,”– ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა
პროკურატურა

მასალების გადაბეჭდვის წესი