ეკონომიკა

სებ–მა კომერციულ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა აუკრძალა

31 ოქტომბერი, 2014 • • 1985
სებ–მა კომერციულ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა აუკრძალა

სებ–ი ამ საკითხზე სპეციალურ განცახდებას ავრცელებს:  

 

“მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს აეკრძალოთ არაპროფილური საქმიანობა და საბანკო სექტორი შემოიფარგლოს მხოლოდ ტრადიციული საფინანსო მომსახურების მიწოდებით. სებ–ი მნიშვნელოვნად ამკაცრებს ახალი ნებართვების გაცემის მიდგომას არაპროფილური საქმიანობის წამოწყებაზე, რაც შესაბამისობაშია 2008 წლამდე არსებულ პრაქტიკასთან. ასევე, იმ კომერციულმა ბანკებმა, რომლებიც უკვე ჩართულნი არიან ასეთ საქმიანობაში, 30 კალენდარული დღის ვადაში სებ-ს უნდა წარმოუდგინონ ბანკის არასაფინანსო სფეროდან ეტაპობრივი (2015 წლის 31 დეკემბრამდე) გამოსვლის დეტალური სტრატეგია.” 

 

საქართველოში მოქმედი 21 კომერციული ბანკიდან არაპროფილურ აქტივებს ძირითადად ორი მათგანი ფლობს: „საქართველოს ბანკი“ 61 შვილობილი კომპანიის მესაკუთრეა, “თიბისი ბანკი” კი – 10-ის.

 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, “საქართველოს ბანკი” 100 პროცენტს ფლობს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისი აი“-ში, შპს “თელიანი ველში “ – 51,23%-ს, შპს “ინტერტურში” – 99,99%-ს, შპს „ჩემ კლინიკაში“ – 51%-ს, “რეგიონის კავკაზუს ავტოჰაუზში” – 100%-ს, პროფესიული კალათბურთის კლუბ “დინამოში” – 100%-ს და ა.შ. ბანკს ასევე აქვს წილობრივი მონაწილეობა საქართველოს რეგიონებში განთავსებულ 11 სამედიცინო კლინიკაში.

 

”თიბისი ბანკი” ფლობს სალიზინგო კომპანია ”თიბისი ლიზინგის” 89%-ს, არასაბანკო საკრედიტო დაწესებულება ”თიბისი კრედიტის” 75%-ს, საბროკერო კომპანია ”თიბისი ბროკერის” 100%-ს, ”გაერთიანებული საფინანსო კორპორაციის” 93%-ს, ”უძრავი ქონების მართვის ფონდის” 100%-ს, საბანკო სისტემების მომსახურების კომპანიის 100%-ს, ”თიბისი ფეის” 100%-ს, ასევე, ისრაელში დარეგისტრირებულ საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის კომპანია ”თიბისი ინვესტს”.

 

ეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი

მასალების გადაბეჭდვის წესი