ახალი ამბები

რა სამართლებრივი მდგომარეობა შექმნა პრეზიდენტის ვეტომ ფარული მოსმენების კუთხით

31 ოქტომბერი, 2014 • • 1085
რა სამართლებრივი მდგომარეობა შექმნა პრეზიდენტის ვეტომ ფარული მოსმენების კუთხით

როგორც ნეტგაზეთს საიას იურისტმა გიორგი გოცირიძემ განუცხადა, კანონმდებლობის მიხედვით, გასაღები მობილურ ოპერატორებს გადაეცემათ, თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა არ გააჩნიათ:

“სამართლებრივი მდგომარეობა არის ასეთი, რომ მოქმედებს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის მე-8 მუხლი, რაც ითვალისიწნებს იმას, რომ გასაღები მობილური ოპერატორების ხელში გადავა და შსს-მ მოსმენა მობილური ოპერატორების მეშვეობით უნდა განახორციელოს. გასაგებია ის, რომ ამ ტეპაზე მობილურ ოპერატორებს არ აქვთ საშუალება, არ აქვთ აპარატურა შეძენილი, მაგრამ არსებობს ის შავი ყუთები, რაც შსს-ს აქვს და კარგი იქნება თუ ამას სისტემის ფუნქციონირებისთვის მობილურ ოპერატორებს გადასცემენ. კანონი ავალდებულებს იმას, რომ ეს გასაღები მობილური ოპერატორების ხელში გადავიდეს. ანუ კოლაფსზე როცა საუბრობენ, სავარაუდოდ, გულისხმობენ იმას, რომ კომპანიებს არ აქვთ ამ ეტაპზე”, – ამბობს გოცირიძე და თავისი მოსაზრების გასამყარებლად ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის მე-8 პრიმა მუხლს იშველიებს:

“ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას უნდა ჰქონდეს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის, აგრეთვე მისი ქსელების მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსის შესახებ ინფორმაციის ამგვარი ინფორმაციის მიღების უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოსათვის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობა. იმ მე-3 მუხლში ძირითადად არის გათვალისიწნებული ის ინფორმაცია, რაც საიდენტიფიკაციო მასალებთან არის დაკავშირებული, ვინ დარეკა, რა დროს დარეკა და ასე შემდეგ”, – აცხადებს გოცირიძე.


საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კანონპროექტს, რომელიც თებერვლამდე საგამოძიებო ორგანოებს საშუალებას აძლევს კვლავ ჰქონდეთ პირდაპირი წვდომა სატელეფონო მოსმენების მოწყობილობებზე და რომელიც პარლამენტმა 30 ოქტომბერს დაამტკიცა, ვეტო დაედო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი თავის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტს დღესვე გადაუგზავნის. 


როგორც იურისტი თათული თოდუა განმარტავს, პროცედურის მიხედვით, პარლამენტმა ჯერ პრეზიდენტის შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს უნდა უყაროს კენჭი, ხოლო თუ მარგველაშვილის ვარიანტი ჩავარდება, მაშინ კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტს, რაც ვეტოს დაძლევის პროცედურაა. ამას მინიმუმ 76 ხმა სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი