ეკონომიკა

ბიზნესინტერესები და პოლიტიკური დაპირისპირება გადაზიდვების ბაზარზე

30 ოქტომბერი, 2014 • • 1611
ბიზნესინტერესები და პოლიტიკური დაპირისპირება გადაზიდვების ბაზარზე

DHL-მა და TNT–იმ 30 ოქტომბერს ეკონომიკის სამინისტროს მიერ “ფოსტის შესახებ” მომზადებული კანონპროექტი გააპროტესტეს. კომპანიების მენეჯერები აცხედებენ, რომ კანონპროექტი გადაზიდვების ბაზარზე “საქართველოს ფოსტის”  მონოპოლიას უზრუნვეყოფს. 

 

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთმა ლიდერმა და სპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა  საქართველოს პრემიერ–მინისტრი და მისი სიმამრი  კორუფციული სქემის შექმნაში ამხილა, რომელმაც გადაზიდვების ბაზარზე “საქართველოს ფოსტის”მონოპოლია უზრუნველყო.

 

ნადირაშვილის მტკიცებით, “ფოსტის შესახებ” კანონპროეტის მიღების შემდეგ “საქართველოს ფოსტა” ბაზარზე საფოსტო გადაზიდვების უფლებას მხოლოდ იმ ქვეკონტრაქტორებს მისცემს, რომლებსაც ღარიბაშვილი–თამაზაშვილის ჯგუფი ლობირებს. ნადირაშვილი აცხადებს, რომ  ერთ–ერთი კომპანია  შპს „ტოპ ტრანს სერვისია. “ 

 

კომპანია დაფუძნდა 2005 წლის 14 ივლისს ირაკლი წელაურის(დაბადებული 12.11.1985; რეგისტრირებული საქართველო, ქალაქი თბილისი, დიდი დიღომის დასახლება, IV მიკრო/რაიონი, კორპუსი 25, ბინა 35;) და გიორგი ენუქიძის (08.12.1977; საქართველო, ქალაქი თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა, N 66, ბინა 21;) მიერ. ლევან გაჩეჩილაძის კუთვნილ კომპანია „ჯივიეს“- მენეჯერ გიორგი წელაურს ეკუთვნოდა 66%, ხოლო ფირმის დირექტორ გიორგი ენუქიძეს-34%.  

 

2009 წლის 6 ოქტომბერს გიორგი ენუქიძემ უსასყიდლოდ დაუთმო თავისი წილი თამაზ თამაზ თამაზაშვილის დისშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილ თავჯდომარეს და ამჟამად პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივან ზვიად ჯანყარაშვილს (14.01.1977; სიღნაღი ქ. წნორი ვ.მოსულიშვილის ქ. N 14;) და მხოლოდ დირექტორის თანამდებობაზე დარჩა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ენუქიძის მეუღლე მეგი მათიაშვილი თამაზ თამაზაშვილის შვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნანუკა თამაზაშვილის ახლო მეგობარია (იხილე აშშ-ში პრემიერის ვიზიტის დროს გადაღებული ფოტოსურათი). ასევე აღსანიშნავია, რომ მხარეების წარმომადგენელი პირი იყო  თამაზ თამაზაშვილის ვაჟი, „ქართული ოცნების“ დეპუტატის ალექსანდრე თამაზაშილი (04.03.1985; თელავი ე.თაყაიშვილის ქ. N 1).  

 

2009 -2011 წლებში ზვიად ჯანყარაშვილმა და გიორგი ენუქიძემ რამოდენიმეჯერ გაცვალეს წილები და ყველა შემთხვევაში გადაცემა ან უსასყიდლოდ, ან ნორმინალური ღირებულებით ხდებოდა.

 

2012 წლის 10 მარტს კომპანიაში კიდევ ერთხელ მოხდა ცვლილება, გიორგი წელაურმა თავისი წილი დაუთმო ჯანყარაშვილის თანასოფლელ თემურ გოზალიშვილს (11.12.1974; სიღნაღი ქ. წნორი თბილისის ქ. N 7;), ზვიად ჯანყარაშვილმა კი ისევ უკან დაუთმო წილი გიორგი ენუქიძეს. ამ შემთხვევაშიც განმცხადებელი ალექსანდრე თამაზაშვილი იყო. 

 

ირმა ნადირაშვილის ბრალდებას პარლამენტარი ალექსანდრე თამაზაშვილი გამოეხმაურა. დეპუტატი „ტოპ ტრანს სერვისში 6 წლის მანძილზე იურისტის პოზიციაზე საქმინობას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ კომპანიაში წილის მფლობელი არასოდეს ყოფილა: 

 

“დღეს უმცირესობის წევრებმა და ირმა ნადირაშვილმა ის ინფორმაცია გააჟღერეს, რაც ისედაც საჯაროა. ირმა თავის სტიქიაშია. ის რამდენ სისულელესაც იტყვის, იმაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს” –აცხადებს თამაზაშვილი. 

 

“ნეტგაზეთის” კითხვას, არის თუ არა “ტოპ ტრანს სერვისი” “საქართველოს ფოსტის” ქვეკონტრაქტორი, არ პასუხობენ: “კომპანიის მენეჯერი ადგილზე არ იმყოფება და ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ” –აცხადებენ კომპანიაში. 

 

“ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს სპეციალური განცახდებით პასუხობს “საქართველოს ფოსტა”.  

 

“გვინდა განვაცხადოთ, რომ  „საქართველოს ფოსტას“  გააჩნია საკუთარი  სატრანსპორტო საშუალებები და  თავად  ახორციელებს  საამანათო გადაზიდვებს როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.  შესაბამისად, კომპანია არ საჭიროებს და, მომავალშიც არ იგეგმება, პარტია ნაციონალური მოძრაობის მიერ დასახელებულ კომპანიებთან, მათ შორის შპს „ტოპ ტრანს სერვისთან“ თანამშრომლობას.” 

 

 გადამზიდავების ერთდღიან გაფიცვას და კანონპროექტს “ფოსტის შესახებ” ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა:

 

“ჩემთვის ცოტა უცნაურია გაფიცვის ფორმა, ვინაიდან ამ საკითხზე მუშაობა არ დაგვისრულებია. ვესაუბრე დღეს კომპანიების წარმომადგენლებს და მომავალი კვირის დასაწყისისთვის დავნიშნეთ შეხვედრა. მათ პირადად მე შევხვდები და გვექნება მუხლობრივი განხილვა კანონის. მე ვფიქრობ, ამის შემდეგ ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნება. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებს კერძო სექტორის ინტერესებს. ვფიქრობ, დღეს გაფიცვა არ იყო მიზანშეწონილი, ვინაიდან კანონპროექტზე ჯერ არ არის დასრულებული მუშაობა. ჯერ ჩამოყალიბებული არ არის საბოლოო ვერსია”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

 

„საქართველოს ფოსტას“  მიაჩნია, რომ „ფოსტის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ნებისმიერი კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილი იქნება მხოლოდ კანონპროექტზე მუშაობის  დასრულებისა და მისი გაცნობის  შემდეგ.

 

“საერთაშორისო განჭვირვალობა საქართველოს” მთავარი ანალიტიკოსის ნათია  კუტივაძის განცხადებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კანონპროექტი „საფოსტო კავშირის შესახებ“ დეტალურად შეისწავლა და დაასკვნა, რომ  ახალი კანონპროექტი  „საქართველოს ფოსტის“ მიერ ბაზრის მონოპოლიას უზრუნველყოფს:

 

კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის მსურველი პირის ავტორიზაციას მოახდენს, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მხოლოდ ერთ ავტორიზებულ პირს მიენიჭება საფოსტო კავშირის ეროვნული (დანიშნული) ოპერატორის სტატუსი (მუხლი 38.2).  კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს (მუხლი 54.2), რომ სწორედ „საქართველოს ფოსტას“ უნდა მიენიჭოს ეროვნული (დანიშნული) ოპერატორის სტატუსი. აღნიშნული სტატუსის მინიჭება 20 წლის ვადით ხდება(მუხლი 44.1), ამ პრაქტიკის მსგავსი ანალოგი კი საერთაშორისო პრაქტიკაში არ იძებნება.  აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სამინისტრო ან უგრძელებს ამ სტატუსს არსებულ ოპერატორს, ან ახალ ოპერატორს შეარჩევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი