ახალი ამბები

ადვოკატის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დაკავებულებს თავდებად უდგებიან

30 ოქტომბერი, 2014 • • 1119
ადვოკატის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დაკავებულებს თავდებად უდგებიან

მისივე ინფორმაციით, დაკავებულებს თავდებში უდგებიან  თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, ვარლამ ავალიანი და თამარ ქაროსანიძე,  ასევე,  გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე გიორგი კბილცეცხლაშვილი და რომან ჯოხაძე.

 

” არსებობს დოკუმენტი, სადაც ეს ადამიანები თავდებად უდგებიან დაკავებულებს,  დაცვის მხარეს გააჩნია ეს დოკუმენტი”, – ამბობს ადვოკატი.

 

დღეს მოდულის შენობაში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, მითვისება, გაფლანგვის მუხლით წარუდგინეს. ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს საქმის მასალების ასლების გადაღების საშუალება არ მისცა:

 

 

“ეს ახსნეს იმით, რომ საქმეს ადევს გრიფი საიდუმლო, შემოიტანეს დროებით მოთავსების იზოლატორში ტომებით  საქმე და გვითხრეს, რომ წაიკითხეთ და გაეცანით აქვეო, 1000 ფურცელს ადამიანი ვერ წაიკითხავს. საპროცესო კოდექსში, რითაც სამართალწარმოება ხორციელდება, პირდაპირ წერია და მიუთითებს, რომ ნებისმიერი მტკიცებულება ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს უნდა გადასცეს. საიდუმლოს ინფორმაციას კანონი იმიტომ ადებს, რომ ყველას ხელი არ მიუწვდებოდეს და არ გაეცნოს. მე თუ დოკუმენტის წაკითხვის საშუალებას მაძლევ და მეუბნები გადავიკითხო, ჩემთვის უკვე საიდუმლო აღარ არის. ამას წავიკითხავ პროკურატურაში, თუ წავიკითხავ სახლში,  არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუკი შინაარს ვგებულობ, უკვე საიდუმლო არაა ხომ ჩემთვის? პროკურატურაში 1000 ფურცელს ვერ წაიკითხავ ფიზიკურად, რომც წაიკითხო, მონიშვნა გინდა, სამუშაოდ გინდა, სასამართლოში განხილვისთვის გინდა და გეზღუდება ეს უფლებები. ფაქტობრივად, დაცვის  გარეშე ტოვებს დაკავებულებს ბრალდების მხარე”-ამბობს ადვოკატი გიორგი სამუშია, რომელიც დაკავებული ხუთი მაღალჩინოსნიდან სამის- გიზო ღლონტის, დავით წიფურიას და ნუგზარ კაიშაურის ინტერესებს იცავს.

 

ადვოკატი ამბობს, რომ ამ საკითხს ხვალ სასამართლო პროცესზე დააყენებს, რომელიც, წესით, დახურული იქნება, რადგან საქმე გრიფით საიდუმლოა. პროცესი 12:00 საათზეა დანიშნული, დაცვის მხარისთვის ასევე უცნობია პროკურატურის შუამდგომლობაც. გიორგი სამუშიას განცხადებით, არც მისი დაცვის ქვეშ მყოფები და არც სხვა ორი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით. პროკურატურის ცნობით, საუბარია თანხის კომპანია სილქნეტის სასარგებლოდ გაფლანგვის საქმეზე. ამ საკითხს გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტროც. როგორც თავდაცვის უწყების განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია სილქნეტის მომსახურების შესყიდვას, რომელიც პროკურატურამ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვად შეაფასა და მაღალი თანამდბეობის 5 პირი დააკავა, საიდუმლო გრიფი ადევს. “საზოგადოების მაღალი ინტერსის გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, მოეხსნას გრიფი აღნიშნულ შესყიდვას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი