ახალი ამბები

ჩატარდება თუ არა ატესტაცია მერიაში არასამთავრობო დამკვირვებლების გარეშე

29 ოქტომბერი, 2014 • • 1146
ჩატარდება თუ არა ატესტაცია მერიაში არასამთავრობო დამკვირვებლების გარეშე

საატესტაციო საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე და თბილისის მერის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი ამბობს, რომ ყველა ორგანიზაციას ვერ მიეცემა საშუალება, რომ კომისიის შემადგენლობაში შევიდეს.

“ცალკეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებსაც შეიძლება, სწორად თუ არასწორად მიაჩნიათ, რომ ისინი წამყვანები, ლიდერები და შეიძლება გრანდიოზულები არიან, მათ ვერ მიიღეს ეს შესაძლებლობა. ელემენტარული ლოგიკით, ყველა ვერ იქნება საატესტაციო საკონკურსო კომისიის წევრი. ეს პროცესი გაცილებით ადრე დავიწყეთ და მათ გვიან განაცხადეს. მე ვფირობ, რომ ეს თითიდან გამოწოვილი პრობლემაა”, – განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა.

 

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ორგანიზაციამ უნდა მიმართოს გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რომელიც ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს. გამოცდების ეროვნული ცნეტრი აცხადებს, რომ ISFED-ის დამკვირვებლებს ტესტირების ოთახში დაუშვებენ.

 

ნინო ლომჯარია, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წარმომადგენელი, ყურადღებას ამახვლებს იმაზე, რომ ტესტირება არის ატესტაციის პირველი ეტაპი, რომელსაც მოსდევს უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი -გასაუბრება.

“მეორე ეტაპი, რაც არის გასაუბრება და უფრო მნიშვნელოვანია დაკვირვება, რადგან ტესტირება კომპიუტერიზებულია და შეგიძლია შეხედო და დააკვირდე, რომ არ გადაიწეროს. გასაუბრება ძალიან სუბიექტურია. მანდ არის ყველაზე დიდი საფრთხე სუბიექტურობის”,- ამბობს ლომჯარია.

 

მისი თქმით, მერიას ატესტაციის პროცესის დაკვირვების მოთხოვნით 6 ოქტომბერს მიმართა. ლომჯარია ამბობს, რომ ატესტაციის დაკვირვების უფლება დაინტერესებულ ორგანიზაციას აქვს.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ტესტირების ეტაპების შესახებ ბრძანების მიხედვით, საატესტაციო დარბაზში შესვლის უფლება აქვს დამკვირვებელს, რომელიც სპეციალურად გამოყოფილ ადგილას იდგება. თუმცა ამავე ბრძანებაში არაფერი წერია გასაუბრების შესახებ.

საატესტაციო კომისიის წევრები არიან არასამთავრობო ორგანიზაციების, “სიდა”, “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი”, ასევე, “სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი” წარმომადგენელები.

 

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი, რომელიც საატესტაციო საკონკურსო კომისიის წევრია, ამბობს, რომ კომისიის წევრობის შესახებ მის ორგანიზაციას მერიამ მიმართა, დაინტერესების შემხვევაში კომისიის შემადგენლობაში რომ შესულიყო.

 

ზვიად დევდარიანს მიაჩნია, რომ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა პროცესის გამჭვირვალობაზე დადებითად აისახება.

 

“ჩვენი ჩართვა კომისიაში გაკეთდა იმისთვის, რომ პროცესს ჰქონდეს ნდობა. ერთი ხელით თუ ჩვენ ჩაგვრთავენ იმისთვის, რომ ეს ნდობა იყოს და მეორე ხელით მათ უარს ეტყვიან და ამ ნდობას დაამსხვრევენ, გამოდის, რომ ჩემს ყოფნას კომისიაში რა აზრი აქვს.”

 

თბილისის მერია
თბილისის მერია

ლომჯარია ამბობს, რომ საატესტაციო კომისიაში არასამთავრობოების ჩართულობა გამჭვირვალობას ზრდის, თუმცა ისინი ამ შემთხვევაში კომისიის წევრები არიან და მათი გადაწყვეტილებაც შეიძლება გასაჩივრდეს.

 

“ეს გამჭვირვალობას ზრდის, მაგრამ ისინი არ არიან დამკვირვებლები. მათი საქმიანობაა იმ წუთას და მათი გადაწყვეტილებებიც შეიძლება ვიღაცამ გაასაჩივროს. ეს არ ნიშნავს, რომ დაკვირვება და გამჭვირვალობა ამით არის უზრუნველყოფილი.”

 

“დემოკრატიისა და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოება” აპირებს, რომ მერიას ატესტაციის პროცესზე დაკვირვების მოთხოვნით კიდევ მიმართოს.

 

ტესტირება, რომელშიც 600-მდე ადამიანი ღებულობს მონაწილეობას, 1 ნოემბერს გაიმართება და იმ დღესვე დასრულდება. რის შემდეგაც ატესტაციის მეორე ტური- გასაუბრება 7-14 ნოემბერს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი