ახალი ამბები

უშიშროების საბჭოს მდივნის ცნობით, სხდომას პრემიერი დაესწრება

27 ოქტომბერი, 2014 • • 1084
უშიშროების საბჭოს მდივნის ცნობით, სხდომას პრემიერი დაესწრება

“26 ოქტომბერს გაიმართა კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის, სადაც გადაწყდა, რომ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, 18 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ადმინისტრაციულ კორპუსში (თბილისი, აბდუშელიშვილის ქ.1). სხდომაზე განხილული იქნება აფხაზეთში ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარება”, – ნათქვამია უშიშროების საბჭოს განცხადებაში.


საქართველოს პრეზიდენტმა 15 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება 28 ოქტომბრისთვის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნის შესახებ. ამის მიზეზი გახდა ხელშეკრულება, რომლის ხელმოწერასაც რუსეთი აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან გეგმავს. მოგვიანებით, 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია და დაგმო რუსეთის მცდელობა „მოახდინოს ოკუპირებული აფხაზეთის ანექსია.“ პარლამენტის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა შექმნილი ვითარების სერიოზულობა და საქართველოს მთავრობის მხრიდან უკანასკნელ მოვლენებზე რეაგირების აუცილებლობა. თუმცა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საბჭოს ზოგიერთი წევრის (საქართველოს მთავრობის წევრების) პოზიციის გამო. კერძოდ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომის თარიღი გერმანიაში მის დაგეგმილ ვიზიტს ემთხვევა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ასევე ეჭვქვეშ დააყენეს 28 ოქტომბერს საბჭოს სხდომის გამართვის მიზანშეწონილობა საბჭოს ზოგიერთი წევრის თბილისში შესაძლო არყოფნის გამო. პეტრიაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა სხდომის თარიღის საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებთან შეთანხმების აუცილებლობას. აღსანიშნავია, რომ უშიშროების საბჭოს სხდომის გამო უკვე გაუქმდა ბელგიაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც ოქტომბრის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი