ახალი ამბები

ივანიშვილის ქვისლი უარყოფს, რომ პრემიერ–მინისტრი და შსს ბიზნესის წართმევაში დაადანაშაულა

27 ოქტომბერი, 2014 • 2691
ივანიშვილის ქვისლი უარყოფს, რომ პრემიერ–მინისტრი და შსს ბიზნესის წართმევაში დაადანაშაულა

“როგორც კომპანიის დირექტორი გია ბერაძე აცხადებს, ეს გახლდათ ბიზნესის წართმევის კლასიკური სქემა, რომელშიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მოქმედი პრემიერ–მინისტრის ნდობით აღჭურვილი პირები და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები,”– ნათქვამი იყო “პირველი” პრესკლუბის მიერ გავრცელებულ ანონსში.

 

საქმე ეხება კომპანია “სერვის ცენტრს”, რომელსაც ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული შსს–სთან, რომლის მიხედვითაც მას თბილისის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა, შენახვა და დაცვა ევალებოდა. კომპანიის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას თქმით, 2014 წლის თებერვალში 112–ის დებულებაში შევიდა ცვლილებები და მასაც მიეცა იმავე მომსახურების განხორციელებაის უფლება, რასაც “სერვის ცენტრი” აკეთებდა.  თუმცა კომპანიას ხელშეკრულება 2014 წლის აპრილში 2017 წლამდე გაუგრძელდა, 15 მაისს ეს ხელშეკრულება მათთვის მოულოდნელად შეწყდა. “სერვის ცნტრის” დირექტორის თქმით, მას განუმარტეს, რომ მათი მხრიდან გარკვეულ ბრალდებებს ჰქონდა ადგილი, კერძოდ იმას, რომ “სერვის ცენტრი” გამოძახების ადგილას დროულად არ ცხადდებოდა. გია ბერაძე ამბობს, რომ ეს ბრალდება აბსურდულია და თუ რაიმე იყო მათ მუშაობაში გამოსასწორებელი, საპატრულო პოლიციას წერილობით უნდა მიემართა.

 

გია ბერაძემ დღეს ხელშეკრულების შეწყვეტაში საპატრულო პოლიციის უფროსი დავით ცინარიძე და მისი მოადგილეები დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათ პირადი ინტერესები ამოძრავებდათ. რაც შეეხება გავრცელებული განცხადების მიხედვით პრემიერ–მინისტრის დადანაშაულებას, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ანონსს დილით გაეცნო:

 

“პრემიერ–მინისტრზე იყო იქ ანონსში ნათქვამი, ეს გაირკვევა, საიდან წარმოიშვა,”– თქვა მან.

 

განსხვავებული ვერსია აქვს  “სერვის ცენტრის” ადვოკატს, დიმიტრი გაბუნიას, რომელმაც პრესრელიზში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა:

 

“ვინ ნიშნავს საპატრულო პოლიციის უფროსს? შინაგან საქმეთა მინისისტრი. თუ შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის საქმის კურსში, როგორ იღებს ცინარიძე ესეთ გადაწყვეტილებებს, მით უმეტეს, როცა ეხება საქმე  ყოფილი პრემიერის ქვისლს. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის მოპასუხე, მისი ერთ–ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფია საპატრულო პოლიცია, რომ დიახ, ჩვენ გვაქვს პრეტენზია შინაგან საქმეთა მინისტრთან და შს სამინისტროსთან.

 

122–ის დებულებაში ვის შეაქვს ცვლილებები? მოქმედ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ეს ხელშეკრულება ეგრეთ წოდებულად “გაპრავდეს”. როგორ გგონიათ თქვენ, რომ მოქმედი პრემიერ–მინისტრი, რომელსაც შეაქვს ცვლილება, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ყოფილი პრემიერის ქვისლს, თუნდაც ამას რომ თავი დავანებოთ, არ იკითხავდა, რატომ შეგაქვთ ცვლილებები ამ დებულებაში, ამ განკარგულებაში?”– განაცხადა ადვოკატმა “პირველის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გია ბერაძის საუბრის შემდეგ.

 

გია ბერაძე კი არ ადასტურებს, რომ რაიმე პრეტენზია აქვს პრემიერ–მინისტრთან. პირიქით, მისი თქმით, პრემიერ–მინისტრის აპარატი საქმის მოგვარებაში იყო ჩართული.

 

“ვინც მოინდომა, პირდაპირ გეტყვით და ეცადა, რომ ეს დამთავრებულიყო არა სასამართლოს გზით და, ასე რომ ვთქვათ, ურთიერთშიეთანხმებით, იყო ეს პრემიერ–მინისტრის აპარატი. პირადად ბიზნეს–ომბუდსმენი გია გახარია პირველი დღიდან ჩართული იყო ამ საკითხში, ანი–ბანი იცოდა ამ საქმის და მისგან მიღებული გვაქვს პასუხი, რომლითაც ჩვენ ვიცით, ვისი შეცდომა იყო, რა იურიდიული შეცდომები იქნა დაშვებული საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობის მიერ,”– განაცხადა მან.

 

ბერაძე იმასაც უარყოფს, რომ ბიზნესის “წართმევას” ჰქონდა ადგილი:

 

“დღეს არ არის ის დრო, რომ ვინმეს რამე წაართვან, ვერც გაბედავენ და მცდელობა შეიძლება იმ ნარჩენებისგან  მოდიოდეს, ვინც დღეს საპატრულო პოლიციაში მუშაობს,“– თქვა “სერვის ცენტრის” დირექტორმა.

 

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ კი, ნეტგაზეთის შეკითხვაზე, თუ რატომ ჰქონდათ მას და მის ადვოკატს განსხვავებული პოზიციები, გია ბერაძემ განაცხადა:

 

“ეგ თავისი პრობლემააა და მაგას გავარკვევ”.

 

“სერვის ცენტრის” დირექტორმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მან 15 მაისს, თავის დაბადების დღეს, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ  მოულოდნელად შეიტყო:

 

“15 მაისის დილა რომ გათენდა, ჩვენი თანამშრომლები რატომღაც არ გამოცხადდნენ სამუშაო ადგილას. რომ მოვიკითხეთ, სად ხართ, ეს ჩვენი მთელი თანამშრომლები გადაუყვანიათ 112–ის მომსახურებაში. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი. მიდიოდა თანამშრომლებზე ზეწოლა 112–ის თანამშრომლებისგან, რომ ეს სასმსახური დაიხურება და უნდა იმუშაოთ ჩვენთან, სხვანაირად თქვენ მომავალი არ გაქვთ,”– თქვა მან.

 

გია ბერაძე ამბობს, რომ საპატრულო პოლიციის უფროსს, დავით ცინარიძეს ამას არ აპატიებს, რადგანაც მათ წარსულში მეგობრობა აკავშირებდათ:

 

“იმდენად არაპროფესიონალიზმი ჰქვია მაგას, იმდენად პირადულში გადაიყვანეს, ჩემ დაბადების დღეზე გააკეთეს ეს, 15 მაისს. არც ერთს, არც მეორეს, არც მესამეს, არც მეოთხეს არ ვაპატიებ. რატომ არ ვაპატიებ, იცით? მეგობრობა, ახლობლობა… იმიტომ, რომ დრო იყო, ცხინვალი თუ სხვა პერიოდი, რომ ერთი “ბანკა”  “ტუშონკა” გვიჭამია, ერთად ღამე გვითევია მანქანის ქვეშ ქუჩაში, ეგ არ უნდა დავიწყებოდათ,“– განაცხადა მან.

 

როგორც გია ბერაძე, ასევე მისი ადვოკატი ადასტურებენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით აპირებენ სასამართლოსა და პროკურატურას მიმართონ. ადვოკატის თქმით, ისინი 3 მილიონი ლარის ოდენობით ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ, რადგანაც, 2017 წლამდე რომ გაგრძელებულიყო ხელშეკრულება, კომპანია ამ რაოდენობის შემოსავალს მიიღებდა, ახლა კი შემოსავლის გარეშე დარჩა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ “სერვის ცენტრის” ბრალდებები აბსურდულია და პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი