ახალი ამბები

იზორია: შიდა ინსტრუქციის პროექტით, პოლიციელს შემაკავებელი ორდერის გამოცემა ევალება

22 ოქტომბერი, 2014 • • 1078
იზორია: შიდა ინსტრუქციის პროექტით, პოლიციელს შემაკავებელი ორდერის გამოცემა ევალება

“შიდა ინსტრუქციის პროექტი მომზადდა, რომლის თანახმად, ძალადობის ყველანაირი ფორმის გამოვლენის შემთხვევაში ოჯახში, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, პოლიციელს ევალება შემაკავებელი ორდერის გამოცემა, ანუ გამოძიების დაწყებამ არ უნდა შეაფერხოს შემაკავებელი ორდერის გამოცემაც”,- განაცხადა ლევან იზორიამ.

 

კანონის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. შემაკავებელი ორდერის გამოცემის უფლებამოსილება პოლიციას აქამდეც ჰქონდა, თუმცა არსებული პრაქტიკის მიხედვით, პოლიცია მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებოდა.

 

“გაფრთხილება, რომელშიც მოძალადე პირობას დებს, რომ მეტს აღარ ჩაიდენს ძალადობას, გამოიყენებოდა მანამ, სანამ მივიღებდით ოჯახში ძალადობის შესახებ კანონს, ანუ 2006 წლამდე, რადგან ამ კანონის მიღების შემდეგ პოლიციას მიენიჭა შემაკავებელი ორდერის გამოწერის უფლებამოსილება. ამიტომ, როცა არსებობს შემაკავებელი ორდერი, გაფრთხილებას აღარ უნდა იყენებდეს პოლიცია”, – ამბობს მანანა ფურცხვანიძე, რომელიც სამართლებრივ დახმარებას უწევს ოჯახში ძალადობის არაერთ მსხვერპლს და ამბობს, რომ ბოლო წლებში პოლიციაში ტენდენციად იქცა ის, რომ აღარ გამოწერონ შემაკავებელი ორდერები, რაც ოჯახში ძალადობასთან სამართლებრივ ბრძოლას ართულებს, რადგან მისი ინფორმაციით, გაფრთხილების საფუძველზე, როგორც წესი, არავინ ისჯება საბოლოოდ.

 

“ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის თანახმად,  შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულია სხვადასხვა ზომების მიღება, მათ შორის, მოძალადის იმ სახლისაგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი