ეკონომიკა

მთავრობის ხელფასების ზრდა პენსიების ზრდასთან შეფარდებით

21 ოქტომბერი, 2014 • • 1957
მთავრობის ხელფასების ზრდა პენსიების ზრდასთან შეფარდებით

მომავალი წლის ბიუჯეტში საჯარო მოხელეების ხელფასი კვლავ გაიზრდება. ბიუჯეტის პროექტში, რომელიც პარლამენტს ჯერ არ დაუმტკიცებია, ხელფასებისთვის 1 372 434 400 ლარია გათვალისწინებული, რაც შარშანდელთან შედარებით 54 მილიონი ლარით მეტია. მთავრობის წევრები ვარაუდობენ, რომ შეიძლება ახალი წლიდან პენსიებიც გაიზარდოს, ოღონდ მაქსიმუმ 5-10 ლარით. თუმცა პენსიების მატების საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი.


ბოლო რამდენიმე წლის პრაქტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდა გაცილებით პრიორიტეტული იყო, ვიდრე – პენსიების. ეს დინამიკა ციფრებში ასე გამოიყურება:


2010 წელს ხანდაზმულთა პენსიისთვის ბიუჯეტიდან 909 825 000 ლარი დაიხარჯა; იმავე ბიუჯეტის მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული საჯარო მოხელეებისა და მაღალი თანამდებობის პირებისთვის განკუთვნილ ხელფასებში კი უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 993 483 900 ლარი (ხოლო ნაერთი ბიუჯეტის მონცემებით, ანუ სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების ჩათვლით, ჯამში 1 120 200 000 ლარი).

საჯარო მოხელეების ხელფასებისა და მოსახლეობის პენსიების ზრდის თანაფრდობა (2010-2015 წწ)
საჯარო მოხელეების ხელფასებისა და მოსახლეობის პენსიების ზრდის თანაფრდობა (2010-2015 წწ)

2011 წელს საჯარო მოხელეების შრომის ანაზღაურებისთვის 1 136 200 000 ლარი დაიხარჯა, ხანდაზმულთათვის კი ამ წელს პენსიის სახით 987 324 500 ლარი გაიცა.


ეს სურათი მკვეთრად შეიცვალა 2012 წელს. ამჯერად ნაერთი ბიუჯეტიდან სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა ხელფასებისთვის 1 202 600 000 ლარი, ხოლო 1 068 393 900 ლარი პენსია გაიცა.


2013 წელს ჯამში გაიცა 1 148 791 100 ლარი პენსია. საჯარო მოხელეების ხელფასებში კი 1 395 100 000 ლარი დაიხარჯა. სწორედ ამ წელში გაიზარდა პენსიონერების უმრავლესობისთვის პენსია 20 ლარით.


სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებით, მიმდინარე 2014 წელს ხანდაზმულთა პენსიისთვის 1 326 065 000 ლარი გაითვალისწინეს, ხოლო სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა ხელფასებისთვის, ნაერთი ბიუჯეტის მიხედვით – 1 498 300 000 ლარი.


“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტით პენსია არ იზრდება, თუმცა მთავრობა აცხადებს, რომ გაიზრდება. 2015 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტში, რომელიც პარლამენტში შევიდა, არ არის ჩანაწერი, თუ როდის და რამდენი ლარით გაზრდის მთავრობა ასაკობრივ პენსიას. ამას ვერც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აკონკრეტებს.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი კი “ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტავს, რომ თუ ბიუჯეტის პროექტში შესაბამისი ჩანაწერი და ფინანსური უზრუნველყოფა არ გაჩნდა, 2015 წელს პენსია არ გაიზრდება. პარლამენტის საბიუჯეტო საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის პროგნოზით, თუ 2015 წლის ბიუჯეტში პენსიების ზრდის შესახებ ჩანაწერი გაჩნდა, ასაკობრივი პენსია შესაძლოა 5-10 ლარით გაიზარდოს: “თუ საკითხი გადაწყდა, ბიუჯეტს ექნება იმის რესურსი, რომ პენსია, სავარაუდოდ, 5-10 ლარით გაიზარდოს”.


სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2015 წელს პენსიების ზრდას 683 ათასი ასაკით პენსიონერი ელოდება.
2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მონაცემებით, მომავალ წელს ხანდაზმულთა პენსიისთვის 1 360 000 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა ხელფასებისთვის, ნაერთი ბიუჯეტის პროგნოზით – 1 520 000 000 ლარი.


“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთავრობამ პენსია მხოლოდ ერთხელ, 2013 წლის პირველ სექტემბერს გაზარდა – მინიმალური პენსია 150 ლარი გახდა. ასაკის პენსიონერთათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა მანამდე 125 ლარი იყო. პენსიის მატება 681 392 პენსიონერს შეეხო.


“ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს პენსია 2012 წლის პირველი სექტემბრიდან 100 ლარიდან 125 ლარამდე გაიზარდა. საჯარო სამსახურებში, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ჯამში, 109 338 ადამიანია დასაქმებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი