ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: იაპონია საქართველოს “გრუზიად” აღარ მოიხსენიებს

21 ოქტომბერი, 2014 • • 935
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: იაპონია საქართველოს “გრუზიად” აღარ მოიხსენიებს

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებასაც და რუსეთ-აფხაზეთს შორის ხელშეკრულების პროექტს „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“.

 

„დღეს დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყნის პირველ პირს დატვირთული პროგრამა აქვს, რომლის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს იმპერატორთან, პრემიერ-მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. იმედი გვაქვს, შეხვედრებზე დაისმება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თემები. უკვე გაიმართა პირველი შეხვედრა სახელმწიფო მინისტრთან საგარეო საკითხებში, რომელთანაც ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე”, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ.

 

მისი განცხადებით, მინორუ კიუჩისთან შეხვედრისას ასევე გადაწყდა, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში იაპონია საქართველოს “გრუზიას” ნაცვლად “ჯორჯიად” მოიხსენიებს. აღნიშნულ საკითხს იაპონიის პარლამენტი 2015 წლის საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს.

 

სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრას ქართული მხრიდან ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი