ახალი ამბები

საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრი შეიქმნება

20 ოქტომბერი, 2014 • • 1366
საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრი შეიქმნება

სამინისტროს ცნობით, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნის საკითხზე ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპული ცენტრის (EMCDDA) დელეგაციასთან ერთად იმსჯელეს.

 

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ფუნქცია საქართველოში არსებულ ნარკოვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვა, საერთაშორისო დონეზე შესაბამის ორგანიზაციებთან  ინფორმაციის გაცვლა და  ანგარიშგების წარმოება იქნება.

 

სამინისტრო იმედოვნებს, რომ ამ ტიპის ცენტრის ფუნქციონირება  დაბალანსებული, გამჭვირვალე და თანამედროვე ანტინარკოტიკული პოლიტიკის განმაპირობებელი იქნება, მით უმეტეს, რომ ნარკომანიის მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგითა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებაცაა.

 

ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნით საქართველო უზრუნველყოფს ნარკოვითარების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვებას, მათ ანალიზს, ანალიზის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას, აცხადებს სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი