ახალი ამბები

უშიშროების საბჭო აფხაზეთის თემაზე 28 ოქტომბერს შეიკრიბება

17 ოქტომბერი, 2014 • • 1384
უშიშროების საბჭო აფხაზეთის თემაზე 28 ოქტომბერს შეიკრიბება

საბჭოს აპარატის განცხადებით, უშიშროების საბჭოს შეხვედრის მიზანია თავდაცვის ორგანიზაციის მიზნით კოორდინირებული ნაბიჯების დაგეგმვა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან  ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების“ ინიცირების პირობებში.

 

საბჭოს მუდმივი წევრების გარდა სხდომაზე მიწვეულნი არიან  პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში,  გენერალური შტაბის უფროსი.

 

უშიშროების საბჭოს შეხვედრა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დარბაზში გაიმართება.

უშიშროების საბჭო
უშიშროების საბჭო

რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

შეთანხმება სხვადასხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებს აფხაზეთის საზღვრების ერთობლივად დაცვას და ერთობლივი სამხედრო შენაერთების შექმნას. შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში კი, მხარეები ვალდებული იქნებიან ერთმანეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ.

პროექტში ასევე წერია, რომ საქართველოსთან საზღვარზე კონტროლი ეტაპობრივად უნდა გამკაცრდეს, რუსეთთან კი პირიქით – ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას. შეთანხმება თანამშრომლობის ახალ დონეს ითვალისწინებს, ასევე, საბაჟო, ეკონომიკურ, სოციალურ, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი