ახალი ამბები

ივლიანე ხაინდრავა ავარეთ-კახეთის გზას სამხედრო ძალის მატარებელ ელემენტად არ განიხილავს

13 ოქტომბერი, 2014 • • 1504
ივლიანე ხაინდრავა ავარეთ-კახეთის გზას სამხედრო ძალის მატარებელ ელემენტად არ განიხილავს

“რუსეთი ერთი დიდი საფრთხეა საქართველოსთვის, ეს გასაგებია და ყველა ნაბიჯს, რომელიც ჩრდილოეთიდან მომდინარეობს, ჩვენ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, მაგრამ ამ ეტაპზე და არსებულ ვითარებაში ასეთ გზას მე უფრო განვიხილავდი როგორც რუსული რბილი ძალის მატარებელ ელემენტს და არა როგორც სამხედრო ძალის მატარებელ ელემენტს, რადგან რუსული სამხედრო ბაზები არის აფხაზეთსა და ცხინვალში, ტანკებიც არის, რაკეტებიც არის, ერთი ბაზა სამხრეთით აქვთ და ეს სავსებით საკმარისია აგრესიული, მილიტარისტული განზრახვებისთვის. სიფრთხილეა საჭირო, ბოლოს და ბოლოს, გზა ვერ შედგება, თუ ჩვენი მხრიდან შესაბამისი მონაკვეთი არ აშენდება”,- განაცხადა ივლიანე ხაინდრავამ.

 

ტელეკომპანია “იმედმა”  24 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა მოსკოვში საქართველოდან ჩასულ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი საგზაო პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა. კარასინის თქმით, საუბარია იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში არსებობდა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე ამბობს ეს თემა მისი და კარასინის შეხვედრის ფორმატში არ განხილულა:

 

“თუ რუსეთის მხარე გამოიჩენს ინიციატივას, მოვისმენთ. ჩემი საქმეა დაგიდასტუროთ, განიხილება თუ არ განიხილება ეს საკითხი მთავრობაში და არ განიხილება ეს თემა არანაირად. როგორც მოვისმინეთ მედიისგან, რუსეთი იქ რაღაც სამუშაოებს ატარებს, ვერ ავუკრძალავთ რუსეთს თავის ტერიტორიაზე გზა ააშენოს, დაანგრიოს ან შეაკეთოს”-ამბობს აბაშიძე “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი