ახალი ამბები

პრემიერი PACE-ის რეკომენდაციაზე: ეს არის ენმ-ის მცდელობა და EPP-ს სოლიდარობა

2 ოქტომბერი, 2014 • • 1195
პრემიერი PACE-ის რეკომენდაციაზე: ეს არის ენმ-ის მცდელობა და EPP-ს სოლიდარობა

“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის ძირითად ტექსტში საუბარია მხოლოდ პოზიტივზე”, – ამბობს პრემიერი. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიზანმიმართულად ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, რადგან დოკუმენტში საგანგაშო არაფერია.

 

„საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში გამოხატულია ძირითადად პარტიების აზრი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი და მათ გამოხატეს სოლიდარობა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაყენებული საკითხებისადმი. აჟიოტაჟის ატეხვის მიზეზი არ არსებობს. რეზოლუციის ძირითად ტექსტში საუბარია მხოლოდ პოზიტივზე. სააკაშვილის და ახალაიას თაობაზე გაკეთებული ჩანაწერი არ მიმაჩნია საგანგაშოდ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, ებრძოლოს საკუთარ სახელმწიფოს, რასაც აკეთებდა წლების განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, არც ერთ საქმესთან დაკავშირებით კითხვა არ არსებობს, რადგან გამოძიება მიმდინარეობს გამჭვირვალედ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბაჩო ახალაია ბრალდებულია ადამიანების წამებაში და მსოფლიო სტანდარტია, როდესაც მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ადამიანები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

 

“მთავარმა მომხსენებელმა სილევიჩმა თავად განაცხადა, რომ ეს მათი პოზიცია არ იყო და მონიტორინგის კომიტეტი პროექტის უკან გამოთხოვასაც ცდილობდა, თუმცა „ევროპის სახალხო პარტიის“ უმრავლესობაში ყოფნის გამო ეს ვერ მოხერხდა. ისინი [ნაცმოძრაობ] ისე ხატავენ ამ სურათს, თითქოს ეს არის ევროპის საბჭოს მოწოდება. მე გიმეორებთ, რომ არც ერთ საქმესთან დაკავშირებით ჩვენს ხელისუფლებას პასუხგაუცმელი კითხვა არ დაუტოვებია. პროცესი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. თუნდაც ახალაიას საქმეში პროკურატურა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ასე რომ, ეს ჩანაწერი 9 თვე და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, არის ნაციონალური მოძრაობის მცდელობა და ევროპის სახალხო პარტიის სოლიდარობა იქნა გამოხატული”, – განაცხადა ღარიბაშილმა მცხეთაში ჟურნალისტებთან საუბარში.

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 103 ხმით 27-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ, რომელიც ხელისუფლების საქმიანობას არაერთ ნაწილში აფასებს კრიტიკულად. ყოფილი მაღალჩინოსნების  წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ საქმეების შესახებ ასამბლეა აცხადებს:

 

“ასამბლეა მხედველობაში იღებს დიდი რაოდენობის ბრალდებებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. ამავე დროს, სერიოზულად ვართ შეშფოთებული  ჩივილით, რომ მათი დაპატიმრება და სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, სამართალი კი შერჩევითი და რევანშისტულია”- წერია ანგარიშში.

 

ევროსაბჭოს რეკომენდაციები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით ასეთია:

“ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ არ შეიძლება დანაშაული დაუსჯელი დარჩეს, განსაკუთრებულად ის დანაშაული, რომელიც მთავრობის წევრების და პოლიტიკოსების მიერაა ჩადენილი წარსულში ან აწმყოში.

 

ასამბლეა მოუწოდბს საქართველოს ხელისუფლებას,  ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ  საგამოძიებო მოქმედებები მიუკერძოებლად, გამჭირვალედ და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების  დაცვით ჩატარდეს, როგორც ეს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციითაა გათვალისწინებული.

 

ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ არა მხოლოდ შერჩევითი ან პოლიტიკურად მოტივირებული სამართალს არ უნდა ჰქონდეს ადგილი, ასევე არ უნდა არსებობდეს აღქმა, რომ სამართალი შერჩევითი და პოლიტიკურად მოტივირებულია.

 

ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად და გამჭირვალედ გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ არასათანადო ქცევასთან დაკავშირებული ბრალდებები, რომელიც დაკავშირებულია ზემოთ აღნიშნულ საქმეებთან”.

 

უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ასამბლეა აცხადებს, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა, თუმცა მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით, სამართლებრივი პროცედურები, მათ შორის წინასწარი დაკავების მოთხოვნები, არ იყოს პოლიტიკურად მოტივირებული. 

 

რაც შეეხება ბაჩო ახალაიას საქმეს, ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს იმ პერიოდის ხანგრძლივობის გამო, რაც ახალაიას წინასწარ პატიმრობაში ყოფნა უწევს და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გამოიყენოს ყველა სახის სამართლებრივი საშუალება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თვალსაზრისით.

 

ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების კონტექსტში ასამბლეა ასევე აცხადებს, “იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკური გარემო ყოფილი ხელისუფლების წევრების სამართლებრივი დევნის გამო მნიშვნელოვნად დაიძაბა, ასამბლეა მიესალმება  შესაძლო ამნისტიის წინადადებას, მძიმე დანაშაულების გამოკლებით”.


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ზემოხსენებულ რეოზულიცაზე კენჭისყრის შედგები, სადაც ჩანს, რომ დოკუმენტს მხარი არამხოლოდ ევროპის სახალხო პარტიის წევრებმა, არამედ “ლიბერალებმაც” დაუჭირეს და “სოციალისტებმაც”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი