ახალი ამბები

IDFI : უპასუხოდ დატოვებული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები გაზრდილია 26%-ით

1 ოქტომბერი, 2014 • • 1109
IDFI : უპასუხოდ დატოვებული  საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები გაზრდილია 26%-ით

ინსტიტუტმა 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ივლისამდე  1009 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სამინისტროების დაქვემდებარებაში მყოფ 61 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და საქვეუწყებო დაწესებულებას მიმართა.

 

კვლევის შედეგების მიხედვით, ინსტიტუტმა სრულყოფილი პასუხი მიიღო 429 განცხადებაზე. არასრულყოფილი პასუხი იქნა გაცემული 40 მოთხოვნაზე; საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ინსტიტუტს უარი უთხრეს 17 შემთხვევაში; საერთოდ უპასუხოდ დატოვეს 202 მოთხოვნა; 321 შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ არ ჰქონდათ განხორციელებული კონკრეტული ქმედება ან არ გააჩნდათ მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

ინსტიტუტის შეფასებით, კვლევის პერიოდში საშუალოდ ყველაზე მაღალი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი (96,25%) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებულმა უწყებებებმა მიიღეს. მათ მცირედით ჩამოუვარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (95,56%) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (94,53%) დაქვემდებარებული უწყებების საშუალო მაჩვენებლები. კვლევის მიხედვით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე დაბალი საშუალო მაჩვენებლები მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა (32,86%) და იუსტიციის (40,2%) სამინისტროებს დაქვემდებარებულმა უწყებებმა.

 

IDFI – ის განცხადებით, კვლევა მიზნად ისახავს გამოავლინოს, შენარჩუნებულია თუ არა სამინისტროების დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებული დადებითი ტენდენციები საჯარო  ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, რაც ინსტიტუტის მიერ ჩატარებული წინა კვლევებით დასტურდება.  2013 წლის ოქტომბერი – 2014 წლის ივლისი პერიოდში სსიპ-ებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლების არჩევნების შემდგომ საწყის ეტაპზე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით ირკვევა, რომ სრულყოფილი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია 27%-ით, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები გაზრდილია 26%-ით.

 

“სამინისტროების დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთო მაჩვენებლების გაუარესება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მთელმა რიგმა უწყებებებმა, რომლებიც განვლილი პროექტის ფარგლებში საკამოდ მაღალი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლებით გამოირჩეოდნენ, ამჯერად ინსტიტუტის ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა. შესაბამისად, ხსენებული დაწესებულებების არა-ანგარიშვალდებულება ძალიან უარყოფითად აისახა სამინისტროების დაქვემდებარებული უწყებების საერთო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელზე”- ნათქვამია კვლევაში.

 

კვლევის პერიოდში ინსტიტუტის მიერ სამინისტროებს დაქვემდებარებული სსიპ-ებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების გარდა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილები გაიგზავნა აგრეთვე დამოუკიდებელ სსიპ-ებში, მარეგულირებელ კომისიებში და სხვა განსხვავებული ხასიათის საჯარო დაწესებულებებში.  დროის იმავე პერიოდში აღნიშნული ტიპის 19 საჯარო დაწესებულებას სულ გაეგზავნა 345 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა.

 

კვლევის შედეგების თანახმად, ინსტიტუტმა სრულყოფილი პასუხი მიიღო 168 განცხადებაზე; არასრულყოფილი პასუხი მიიღო 16 მოთხოვნაზე; ინფორმაციის გაცემაზე უარი მიიღო 11 შემთხვევაში; დამოუკიდებელმა სსიპ-ებმა უპასუხოდ დატოვეს 39 მოთხოვნა; 111 შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ არ ჰქონდათ განხორციელებული კონკრეტული ქმედება ან არ გააჩნდათ მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

19 საჯარო დაწესებულებიდან 16 მათგანის შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლები მერყეობს 80% -დან 100%-მდე. 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ივლისამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი 10-დღიანი ვადის დაცვით ინსტიტუტის გაგზავნილ ყველა მოთხოვნა სრულყოფილად დააკმაყოფილა საჯარო სამსახურის ბიურომ, სახალხო დამცველის აპარატმა, დაზვერვის სამსახურმა და პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ. აღნიშნულ უწყებებს შორის კვლევის პერიოდში ყველაზე არაანგარიშვალდებულ დაწესებულებებს წარმოადგენდნენ სავაჭრო სამრეწველო პალატა – 0%, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია -8.3%, საქართველო პროკურატურა (54,6%).

 

კვლევის შედეგების შეფასებისას IDFI აცხადებს,რომ  საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ, მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენციები შეინიშნებოდა საჯარო ინფორმაციის გაცემის ზოგადი პრაქტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით. თუმცა წინამდებარე კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ მთელი რიგი დაწესებულებების შემთხვევაში, პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ ნაჩვენები დადებითი ტენდენციები დაკავშირებული იყო ახალი ხელისუფლების მოღვაწეობის მხოლოდ საწყის ეტაპთან, როდესაც საჯარო დაწესებულებების მიერ რაიმე სახის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის სურვილი ნაკლებად არსებობს.

“უარყოფითი ტენდენციების მხრივ აღსანიშნავია საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების დაქვემდებარებული უწყებები, რომელთა უმრავლესობამ კვლევის პერიოდში IDFI-ის ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა. ამ მხრივ აღსანიშნავია აგრეთვე სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, საქართველოს პროკურატურა, სავაჭრო სამრეწველო-პალატა, რომლებმაც არ მოგვაწოდეს ის ინფორმაცია, რომლის საჯაროდ ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იქნა მათ მიერ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებების საწყის ეტაპზე, 2013 წლის დასაწყისში. ამავდროულად, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მთელ რიგ დაწესებულებებში შენარჩუნებულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი მაჩვენებლები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებები, რომლთა უმრავლესობა კვლავ ინარჩუნებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უმაღლეს – 100%-იან მაჩვენებელს იმ ფონზე, როდესაც უშუალოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი პოლიტიკური ცვლილებების საწყის ეტაპთან შედარებით შემცირდა 61%-ით”.- ნათქვამია კვლევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი