ახალი ამბები

ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფხაზეთის ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

27 სექტემბერი, 2014 • • 1479
ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფხაზეთის ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

“ეს დღე იყო სოხუმის დაცემის დღე, დღე, როდესაც ძმათა მკვლელი ომი სოხუმის დაცემით დამთავრდა. მომავალი სოხუმში დაბრუნება იქნება, ძმათა შერიგების შედეგად დიდი სიხარული, ის იყო ომის დასასრული, მომავალი იქნება შერიგებით სოხუმში დაბრუნება”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით კი, კონფლიქტი მშვიდობით აუცილებლად მოგვარდება:

 

“მოვა დრო და ეს დღე სხვანაირად აღინიშნება, ერთი მხრივ, როგორც იმ ადამიანების ხსოვნის დღე, რომლებმაც თავი გაწირეს, ასევე იმ დღეს, რომელიც ჩვენ კვლავ დაგვაკავშირებს ერთმანეთთან, იმ ადამიანებს, რომლებიც კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს არიან ჯერ კიდევ. ეს დღე მოვა, ეს დღე მოვა მშვიდობით, ეს დღე არ მოვა და ვერ მოვა იარაღით, მაგრამ ეს დღე აუცილებლად დაბრუნდება”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, დღევანდელ დღეს  “ფეისბუქის” ოფიციალური გვერდი მეშვეობით გამოეხმაურა:

 

“ომმა ჩვენთან ერთად უდიდესი ტკივილი მიაყენა ჩვენს აფხაზ ძმებს, აუნაზღურებელია მათი დანაკლისი. და დღეს უკვე თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ აღარასოდეს დავუშვებთ ძმათა შორის სისხლის ღვრას. საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი აფხაზი ძმები შემოვატრიალოთ ჩვენკენ. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოს და გულწრფელად ვთავაზობთ მათ, გახდნენ ყველა ჩვენი მიღწევისა და წარმატების თანაზიარი. მჯერა, ჩვენი ერთიანი მტკიცე ნება გახდება ჩვენ შორის მშვიდობისა და თანხმობის აღდგენის, ძმობის დაბრუნების მყარი საფუძველი. მჯერა, ჩვენ შევძლებთ გადავლახოთ ყველა სირთულე და, გაუნელებელი ტკივილისა და მოუშუშებელი იარების მიუხედავად, ერთად ვაშენოთ მშვიდობიანი მომავალი, ერთად ვიცხოვროთ ევროპულ, დემოკრატიულ, წარმატებულ საქართველოში”.

 

თავდაცვის მინისტრი დაღუპულ გმირთა მემორიალთან პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იმ ოჯახებზე ზრუნვა, რომლებიც ომში დაღუპულებს დარჩათ:

 

 “სწორედ მათი მაგალითით უნდა გავზარდოთ ყველამ საკუთარი შვილი, სამხედრო ძალები სწორედ მათი მაგალითით იზრდება და საბრძოლო სულს ასე იმაღლებენ და მე დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანების მაგალითი არ მოგვცემს უფლებას სხვაგვარად მოვიქცეთ, ვიდრე ისინი. და თუ დაჭირდა სამშობლოს თოთოეული ჩვენგანი, ისევ გაწირავს თავს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული სხეულის გამთლიანებისთვის. ახლა მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ იმ ოჯახებზე, ვინც ამ ბიჭებმა, ჩვენმა გმირებმა დაგვიტოვეს”,- განაცხადა ალასანიამ.

 

დაუზუსტებელი მონაცემებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქიტის დროს 16 ათასი ადამიანი დაიღუპა – 10 000 ქართველი და 4 000 აფხაზი. ომამდე რეგიონში 537 000 მოქალაქე ცხოვრობდა, დღეს აფხაზეთიდან 300 ათასამდე ადამიანია დევნილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი