ეკონომიკა

EBRD–მა “საქართველოს ბანკში” 5%–იანი წილი გაყიდა

25 სექტემბერი, 2014 • • 1859
EBRD–მა “საქართველოს ბანკში” 5%–იანი წილი გაყიდა

ამის შესახებ EBRD–ი სპეციალურ პრესრელიზს ავრცელებს.

 

პრესრელიზის თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 1 795 503 აქცია 23 სექტემბერს ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაყიდა. ერთი აქცია 24,98 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

 

აქციები RBC Capital Markets-ის საშუალებით საერთაშორისო ინვესტორთა წრემ იყიდა. 

 

EBRD-ის მმართველი დირექტორის ნიკ ტესეიმანის განმარტებით, EBRD-მა საკუთარი ფუნქცია ამოწურა. 2008 წლის კრიზისის შემდეგ “საქართველოს ბანკს” EBRD–ი დაეხმარა.

 

“ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ-ლისტინგში განთავსება ბანკისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. გვჯერა, რომ ბანკი მომავალშიც განაგრძობს დინამიკურ განვითარებას, EBRD–ი კი კვლავ განაგრძობს “საქართველოს ბანკის” დაკრედიტებას, ისევე, როგორც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას”, – აცხადებს ტესეიმანი.

 

EBRD-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში მოცემულა “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის შეფასებაც. მისი თქმით, EBRD–მა “საქართველოს ბანკის” ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბების საქმეში 19 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

 

„მოხარულები ვართ, რომ საერთაშორისო ინვესტორებმა ბანკში საკუთარი წილი გაზარდეს, ეს ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ მხარდაჭერას. ეს არის ერთგვარი სიგნალი საქართველოს ფინანსური ბაზრის შესახებ უცხოელი ინვესტორებისთვის”.

 

“საქართველოს ბანკის” მთლიანი აქტივები 6,667.7 მილიონი ლარია. მთლიანი ვალდებულებები –5,410.8 მილიონი ლარი, კლიენტთა დეპოზიტები- 3,074.7 მილიონი ლარი. სააქციო კაპიტალი- 1,256.9 მილიონი ლარი, წმინდა სესხები- 3,659.4 მილიონი ლარი; წმინდა მოგება- 112.0 მილიონი ლარი, საბაზრო კაპიტალიზაცია- 1,464.0 მილიონი აშშ დოლარი.   


“საქართველოს ბანკის” აქციონერები, 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აქციების 36%–ს ფლობენ ინსტიტუციონალური ინვესტორები დიდი ბრიტანეთიდან; 56.9%–ს – განვითარებადი ბაზრებით დაინტერესებული ინსტიტუციონალური ინვესტორები; 5.7%–ს – მენეჯმენტი და თანამშრომლები;1.4%–ს – მენეჯმენტის ტრასტი (ბონუსების სახით გასაცემი აქციები).

 

საქართველოს ბანკის აქციონერებს შორის არიან Firebird Management LLC, Franklin Templeton Investments, IFC. 

 

საქართველოს ბაზარზე ეროვნული ბანკის მონაცენებით  21 კომერციული ბანკი ოპერირებს. 

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი

მასალების გადაბეჭდვის წესი