ახალი ამბები

პრემიერი კლიმატის სამიტზე: საქართველოში კლიმატური ცვლილებები დათბობას გამოიწვევს

23 სექტემბერი, 2014 • • 987
პრემიერი კლიმატის სამიტზე: საქართველოში კლიმატური ცვლილებები დათბობას გამოიწვევს

“პირველ რიგში, ნება მომეცით, მადლიერება გამოვხატო გენერალური მდივნის მიმართ ჩვენი მოწვევისთვის ამ ძალიან დროულ და მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც იმართება კლიმატური ცვლილებების ახალი მნიშვნელოვანი ხელშეკრულების საერთაშორისო განხორციელების სტიმულირების მიზნით.

 

დღეს უკვე მოქმედების დროა, ვიდრე კლიმატური ძვრები გამოიწვევს ფართოდ გავრცელებულ და არაპროგნიზირებად ცვლილებებს მთელ მსოფლიოში და საფრთხეს შეუქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს. არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული კლიმატური ცვლილებებისგან. კლიმატური ცვლილებები უშუალო საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას, ხოლო ეკოსისტემებსა და ეკონომიკაზე მისი მავნე ზემოქმედება გვიბიძგებს იმისკენ, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ მდგრადი განვითარება.

 

საქართველოში კლიმატური ცვლილებები გამოიწვევს დათბობას, მნიშვნელოვან ტრანსსასაზღვრო აუზებში წყალმომარაგების შემცირებას, აგრეთვე ექსტრემალურ კლიმატურ მოვლენებსა და ამინდთან დაკავშირებული რისკების მომატებას. რთული მთიანი ტოპოგრაფია დაუცველს ხდის საქართველოს ბუნებრივი საფრთხეების მიმართ, მათ შორისაა წყალდიდობა, ღვარცოფი და მეწყერი. ზღვის დონის აწევის გამო მოიმატა ქარიშხლებმა და გააქტიურდა სანაპირო ეროზიის პროცესი, რის შედეგადაც განადგურდა სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა. აქედან გამომდინარე, მე სავსებით ვიზიარებ პატივცემული დელეგატების მიერ გამოთქმულ შეშფოთებას და ვეთანხმები ერთობლივ მოწოდებას იმის თაობაზე, რომ ეფექტიანად უნდა დავძლიოთ არსებული გამოწვევები. მე მოგიწოდებთ, რომ ახალმა ხელშეკრულებამ განამტკიცოს ყველა მონაწილე მხარის მუდმივი ძალისხმევა, რათა დაეხმაროს ყველაზე დაუცველ ქვეყნებს კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციაში, ამავე დროს ხელი შეუწყოს ისეთ მდგრად განვითარებას, რომელიც გაუძლებს კლიმატურ ცვლილებებს. ახალი ხელშეკრულება უნდა დაეფუძნოს დანაკარგებისა და დაზიანებების ვარშავის საერთაშორისო მექანიზმს, რათა ეს საკითხი გახდეს ყველაზე უფრო პრიორიტეტული.

 

საქართველო მზადაა, გადადგას პროგრესული ნაბიჯები კლიმატური ცვლილებების შერბილებისკენ. საქართველოს მთავრობა კვლავაც ადასტურებს, რომ მზად არის, შეიმუშაოს „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული მიზანმიმართული კონტრიბუციის“ ამბიციური კონცეფცია მომავალი, 2015 წლის პარიზის კონფერენციისთვის. საქართველო უკვე ახორციელებს მნიშვნელოვან ღონისძიებებს კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით: ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან ერთად, ჩვენ ახლა ვამზადებთ დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგიას, რომელიც უზრუნველყოფს ინტეგრირებულ, ყოვლისმომცველ მიმართულებას გრძელვადიანი, მდგრადი განვითარებისკენ და დაგვეხმარება კლიმატური ცვლილებების სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში.

 

პარალელურად, საქართველო მუშაობს სათანადო ეროვნული შემარბილებელი ღონისძიებების (NAMA) მომზადებაზე. საქართველო ამაყობს, რომ მან მიაღწია პირველი დონის შესაბამისობას გაეროს კლიმატური ცვლილებების ჩარჩო-კონვენციის NAMA-ს რეესტრში. ახლა საქართველო, ავსტრიის დახმარებით შეიმუშავებს სატყეო სექტორის NAMA-ს. საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო ახალი ეროვნული სატყეო სტრატეგია აღნიშნული პროცესის ხელშესაწყობად. გერმანიის მთავრობის დახმარებით, ჩვენ ასევე ვგეგმავთ NAMA-ზე მუშაობას ენერგოეფექტიანობის ინიციატივების მხარდასაჭერად, განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის შენობებთან მიმართებით. საქართველო, თავისი უზარმაზარი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გათვალისწინებით, იყენებს განახლებად ენერგორესურსებს, რაც საქართველოს ელექტროენერგიის 80 პროცენტზე მეტს შეადგენს. საქართველომ დაიწყო ახალი სტრატეგიის განხორციელება განახლებადი ენერგორესურსების განვითარების ხელშესაწყობად. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ჩვენი ამბიციაა, საქართველო გახდეს ჰიდროელექტროენერგეტიკის გიგანტი. ჩვენ არა მხოლოდ უზრუნველვყოფთ ჩვენს ქვეყანას ჰიდროელექტროენერგეტიკული რესურსებით, არამედ უნდა გავხდეთ სუფთა ელექტროენერგიის ძირითადი მიმწოდებლები მთელ რეგიონში. თუ მხედველობაში მივიღებთ ჩვენს ვრცელ ხე-ტყის საფარს, საქართველო მაქსიმალურად ეცდება ნახშირბადის გამოდევნას ატმოსფეროდან და საქართველოსა და მისი მეზობლების მიერ გამომუშავებული ნახშირბადის რაოდენობის შემცირებას. საქართველოში მეტად მნიშვნელოვანია ასევე ქალაქების როლი. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, საქართველოს 8 ქალაქი, რომელშიც ცხოვრობს მისი მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ახლახან შეუერთდა ევროკავშირის ,,მერების შეთანხმების” პროგრამას, რომლითაც აიღო ვალდებულება, 2020 წლამდე გამონაბოლქვი 20%-ით შეამციროს. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მოქმედების განხორციელების შედეგად, ისეთის, როგორიცაა განახლებადი ენერგორესურსების განვითარება, ენერგოეფექტიანობის ხელშეწყობა, ტყეების სათანადო მართვისა და ადგილობრივ დონეზე კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერა, საქართველო ეცდება მიაღწიოს მიზანს და 2050 წლისთვის გახდეს უნახშირბადო ქვეყანა. საქართველოს მთავრობა მზადაა, წვლილი შეიტანოს საერთაშორისო ძალისხმევაში, რათა წინ აღვუდგეთ კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ საფრთხეებს. მე მტკიცედ მწამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის გადამწყვეტი მოქმედება ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტია ადამიანების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების პოტენციური საფრთხეების შესამცირებლად”, – განაცხადა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი