ახალი ამბები

ფანჯიკიძე: პირველი მოწვევა კლიმატის სამიტზე მიხეილ სააკაშვილის სახელზე მოვიდა

17 სექტემბერი, 2014 • • 1297
ფანჯიკიძე: პირველი მოწვევა კლიმატის სამიტზე მიხეილ სააკაშვილის სახელზე მოვიდა

ფანჯიკიძე ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა “რუსთავი 2”-ის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო უწყებას შორის მიმოწერას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აშშ-ში გამგზავრების საკითხზე გაეროს სამიტში მონაწილეობის მისაღებად. 


“რუსთავი 2”-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, რომელიც, როგორც ტელევიზიაში აცხადებენ, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან გამოითხოვეს საჯარო ინფორმაციის სახით, გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის  საქართველოს  პრეზიდენტისადმი  ოფიციალური მოწვევა კლიმატის სამიტზე 2014 წლის 25 თებერვლითაა დათარიღებული, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ბან კი მუნის მოწვევა პრეზიდენტის ადმინისტრაციას 11 ივნისს გადასცა.

 

ამის საპასუხოდ მაია ფანჯიკიძე განმარტავს, რომ მოწვევა საგარეო საქმეთა სამინისტრომ 14 მარტს მიიღო და არა მარგველაშვილის, არამედ სააკაშვილის სახელზე იყო გამოგზავნილი:

 

“25 თებერვლით დათარიღებული მოწვევა, მხოლოდ კლიმატის სამიტზე მიიღო 14 მარტს და ეს მოწვევა იყო მიხეილ სააკაშვილის სახელზე, ესეც აჩვენებს იმას, თუ რამდენად ფორმალურია ეს მოწვევა. როდესაც მისიამ გაეროს გაუგზავნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი უკვე იყო გიორგი მარგველაშვილი, ამას კიდევ დაჭირდა რამდენიმე კვირა და 30 მაისს მიიღო საგარეო უწყებამ მოწვევა უკვე მარგველაშვილის სახელზე, რომელიც მას გადაეგზავნა 5 ივნისს, რამდენიმე დღეში. მინდა ვთქვა, ამ პერიოდში იყო  შაბათ-კვირა, შესაბამისად, ამ მოწვევის გადაგზავნა არ შეფერხებულა”, – ამბობს ფანჯიკიძე.

 

“რუსთავი 2”-ის შეკითხვაზე, თუ მიხეილ სააკაშვილის სახელზე მივიდა 25 თებერვალს მოწვევა, როგორ წერია ასევე 25 თებერვლით დათარიღებულ მოწვევაში გიორგი მარგველაშვილის სახელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განმარტა, რომ შესწორების შემდეგ გაეროდან ხელახლა  მიღებული მოწვევა, რომელიც საგარეომ მაისში მიიღო, კვლავ 25 თებერვლითაა დათარიღებული. დავით ზალკალიანმა, ასევე, დასვა შეკითხვა, რატომ დასჭირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიწვევის გადაგზავნიდან ერთი თვე თანხმობის დასადასტურებლად. თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბან კი მუნის მიწვევის გადაგზავნასთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეცნობა, რომ დელეგაციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მთავრობის გადაწყვეტილებით პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებდა:

 

“როცა ჩვენ გადავუგზავნეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას კლიმატის საკითხზე მარგველაშვილის სახელზე ფორმალურად მოსული მოწვევა, [5 ივნისს] იქვე შევატყობინეთ, რომ გენერალურ ასამბლეაზე მიემგზავრებოდა დელეგაცია და, შესაბამისად, იგი უნდა დასწრებოდა ყველა გვერდით მოვლენას”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გიორგი მარგველაშვილისგან სამიტში მონაწილეობის შესახებ თანხმობა 7 ივლისს მიიღო, 8 ივლისს კი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან პასუხად მიიღო, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეის 69-ე სესიაზე და კლიმატის ცვლილებების შესახებ სამიტზეც საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მიმოწერა კვლავ გაგრძელდა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია საგარეო უწყებას თხოვდა გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის ორგანიზებაში დახმარებას და ასევე პასუხს, თუ როდის გადაუგზავნეს გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნს გიორგი მარგველაშვილის თანხმობა.

 

11 სექტქმბერს გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაშლილია.

 

მაია ფანჯიკიძემ არაკოლეგიალობა და ქვეყნის ინტერესების დაზიანება უწოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვის ორ უწყებას შორის მიმოწერის გადაცემას:

 

“იმის გამო, რაც გუშინ “რუსთავი 2”-ზე გავრცლდა ასეთი ინფორმაცია, მე თავს ვალდებულად ვთვლი გავაკეთო განმარტება და ვთქვა ისეთი რამ, რაც არ მითქვამს აქამდე არც ერთი შეკითხვის პასუხად, როდესაც “რუსთავი 2” აქვეყნებს ორი უწყების მიმოწერას და ეს ხდება ისე, რომ მეორე უწყებამ არაფერი არ იცის იმის შესახებ, რომ ეს მიმოწერა გადაცემულია “რუსთავი 2″-სთვის, პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ ეს არაკოლეგიალობის უდიდესი გამოხატულებაა, მაგრამ ამავე დროს სახელმწიფოს დამაზიანებელი მოქმედებაა. როგორ შეიძლება, რომ 2 უწყებას შორის მიმოწერა გასაჯაროვდეს ისე, რომ მეორე მხარემ ეს არ იცოდეს. გარდა ამისა, რატომ არ აქვეყნებს პრეზიდნტის ადმინისტრაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხებს მათ მიერ მოწერილ წერილებზე, სადაც არგუმენტირებულია, თუ რატომ არ მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის ვიზიტზე”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი