ახალი ამბები

პეტრიაშვილი: პრეზიდენტი გაეროს სამიტზე ჯინიანი ბავშვივით იჩემებს წასვლას

10 სექტემბერი, 2014 • • 1140
პეტრიაშვილი: პრეზიდენტი გაეროს სამიტზე ჯინიანი ბავშვივით იჩემებს წასვლას

აღნიშნულ საკითხს პეტრიაშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე ვრცელი სტატუსი მიუძღვნა. ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით,  გაეროს სამიტზე ორი უმაღლესი თანამდებობის პირის წასვლა ქვეყანას დააზარალებს.

“ჩვენი ქვეყანა რომ 194-ში ამ უცნაურობით გამოირჩევა ყველა გაიგებს, თუ უკვე არ იცის, და დაიცინება, დაშავდება. ერთი საქართველოდან გენერალურ მდივან ბან კი მუნთან ორი შეხვედრის მოთხოვნით რომ გაეროს სამდივნოში დავიცინებით, მაგრად დაშავდება. ერთ შენობაში ორი დელეგაციით გადაადგილება, ორი ლოგისტიკა, ორი უსაფრთხოება შაყირის და იმავდროულად წუხილის საგანი რომ გახდება, დაშავდება”,- წერს ეტრიაშვილი.

 

მისივე თქმით, არ უკვირს საკითხთან ოპოზიციის დამოკიდებულება, რადგან რომ არა  2012 წლის 1 ოქტომბერი, ბრიუსელშიც ხელმოწერაზე, გაერო-შიც გენერალურ ასამბლეაზე და კლიმატურ ცვლილებების სამიტზე, უელსში ნატო-ს სამიტზე და გნებავთ ამერიკელი სკაუტების შეკრებასა თუ ევროპელ არქიტექტორთა კონფერენციაზე,  ყველგან მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა წარდგენილი:

“მე რაც მტკივა, ეგ არის, რომ ჩვენი კოალიციის მიერ, ბატონი ბიძინას წარდგინებით ერთსულოვნად შეთანხმებული პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილმა ასევე ძალიან კარგად იცის, რომ მისი წასვლა ქვეყნის იმიჯსაც დააზიანებს და პრეზიდენტის ინსტიტუტსაც, აგრეთვე კარგად იცის, რომ ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანას, ჯინიანი ბავშვივით იჩემებს წასვლას და ჩემი აზრით, ეს წასვლა მხოლოდ ნიუ იორკში წასვლა არაა.  რა პრობლემაა. სადაც უნდა იქ წავიდეს. ოღონდ გავერკვეთ. და დროზე გავერკვეთ.  გამოვიდეს პრეზიდენტი და თქვას ხმამაღლა, მთავრობა თავისთვისაა, მე ჩემთვის და თვითონაც ამოისუნთქავს, გულზე მოეშვება. მე პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს, ხალხის არჩევანს და ასეც გავაგრძელებ, ვიდრე სახელმწიფო მოხელე ვიქნები. მთელ ოპოზიცურ სპექტრს კი გაუხარდება, დროებით წამოვა სეტყვა და კრიტიკის ქარიშხალი, მაგრამ სიცხადე ყველაფერს სჯობს.  ეგრე აჯობებს ქვეყნისთვის, ხალხისთვის და მისთვისაც”,-წერს პეტრიაშვილი.

 

 

გაეროს კლიმატის სამიტი ნიუ იორკში ამა წლის 23 სექტემბერს გაიმართება.  მთავრობა თვლის, რომ სამიტს პრემიერი უნდა დაესწროს, რადგან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნის დელეგაციას ის წარმოადგენს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა გენერალური მდივნისაგან მიწევევა მიიღო ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ კლიმატის სამიტზე. საგარეო საქმეთა მინისტრ  მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ნიუ იორკში ორი დელეგაციის გამგზავრება უხერხულია, ამიტომ ამ ღონისძიებასაც პრემიერი უნდა დაესწროს.

 

8 სექტემბერს ამ საკითხზე მიმდინარე დისკუსია გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. გია ვოლსკიმ და ვიკა დოლიძემ მთავრობის პოზიცია გაიზიარეს, ხოლო თედო ჯაფარიძის აზრით, მხარეებმა შეთანხმება მოლაპარაკებების შედეგად უნდა შეძლონ.

 

9 სექტემბერს რუსთავი 2-ზე, გადაცემა “არჩევანში” საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრემიერის განცხადებების საპასუხოდ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი წავა სამიტზე, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილს ეფექტური ვიზიტი უსურვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი