ახალი ამბები

ბილაინის აბონენტებს სარეკლამო შეტყობინებების დაბლოკვა ერთი SMS-ის გაგზავნით შეეძლებათ

5 სექტემბერი, 2014 • • 3301
ბილაინის აბონენტებს სარეკლამო შეტყობინებების დაბლოკვა ერთი SMS-ის გაგზავნით შეეძლებათ

როგორც კომპანიაში განმარტავენ, *297# აკრეფით, აბონენტებს შეუძლიათ უარი თქვან სარეკლამო ესემესების მიღებაზე, ჩაირთონ სარეკლამო ესემესები ან შეარჩიონ ის შეტყობინებები , რომლის მიღებაც სურთ. პრინციპი ასეთია, ზემოხსენებული ნომრის აკრეფის შემდეგ სერვისი აბონენტს ეკითხება სურს თუ არა მას, რომ სარეკლამო SMS-ები მიიღოს, თუ არა სურს, საშუალებას აძლევს ყველა ამ ტიპის შეტყობინება დაბლოკოს, ხოლო სურვილის შემთხვევაში თვითონ შეარჩიოს გაყიდვების ის სფერო, რომლის თაობაზეც ინფორმაციის მიღება სურს ამა თუ იმ კომპანიისაგან, რომელიც პირდაპირ მარკეტინგს ამ ფორმით აწარმოებს.


2014 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს პირდაპირი მარკეტინგის რეგულირების დახვეწას.


“1 სექტემბრიდან მოქალაქეებს საშუალება აქვთ კომპანიებს ნებისმიერ დროს მოსთხოვონ მათი მონაცემების გამოყენების შეწყვეტა, ანუ მათთვის სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნის შეწყვეტა იმავე ფორმით, რა ფორმითაც განხორციელდა პირდაპირი მარკეტინგი. თავის მხრივ, კომპანიები ვალდებულნი არიან მოქალაქის მიმართვიდან 10 სამუშაო დღეში შეწყვიტონ მონაცემთა დამუშავება, დანერგონ შეტყობინებაზე უარის თქმის გამარტივებული ფორმა (ნაცვლად წერილობითი განცხადებისა), მოქალაქეებს მისცენ საშუალება არასასურველი შეტყობინების მიღებაზე უარი თქვან იმავე ფორმით, რა ფორმითაც განხორციელდა მარკეტინგი ან გამოიყენონ სხვა ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალება, მაგალითად, მიუთითონ შესაბამისი სატელეფონო ნომერი ან ვებ-გვერდი, სადაც შესაძლებელი იქნება შეტყობინების მიღებაზე უარის თქმა. 1 ნოემბრიდან ყველა მოქალაქეს, რომელიც თვლის, რომ მისი უფლება დაირღვა, შესაძლებლობა ექნება განცხადებით მიმათოს ინსპექტორის აპარატს, რადგან კანონის თანახმად, 1 ნოემბრიდან ინსპექტორის მანდატი სრულად ამოქმედდება კერძო სექტორის მიმართ”, – ნათქვამია პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი