ახალი ამბები

შსს: დარიალის ხეობაში ჩარჩენილი 70 პიროვნება ვერტმფრენით ყაზბეგში გადაჰყავთ

21 აგვისტო, 2014 • • 1294
შსს: დარიალის ხეობაში ჩარჩენილი 70 პიროვნება ვერტმფრენით ყაზბეგში გადაჰყავთ

შსს-ს მაშველებმა დარიალის ხეობაში მდებარე მამათა მონასტრიდან ყაზბეგამდე 70-ზე მეტი მოქალაქე გადმოიყვანეს. ამ დროისთვის სამაშველო ჯგუფებს მოქალაქეები ვერტმფრენის საშუალებით გადმოჰყავთ, აცხადებს სამინისტრო.

 

შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის ადგილზე სამაშველო ოპერაციას აწარმოებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში 20 აგვისტოს, გვიან ღამით, შევიდა შეტყობინება დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის შესახებ. დევდორაკის მყინვარიდან მოწყვეტილი წყლიანი მასის ჩამოწოლამ მდინარე თერგის კალაპოტის შეცვლა გამოიწვია. მდინარის წყალი საავტომობილო გზის გასწვრივ მიედინება.

სამაშველო ოპერაცია დარიალის ხეობაში გრძელდება
სამაშველო ოპერაცია დარიალის ხეობაში გრძელდება

შსს აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახის მძიმე ტექნიკა. მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება ორი პირი, რომლებიც ხეობაში ჰესის სადერევაციო გვირაბში აწარმოებდნენ სამუშაოებს.

 

შსს-ს მაშველები მათ საძიებო სამუშაოებს გვირაბის ორივე შესასვლელიდან აწარმოებენ. სრულად არიან ევაკუირებული დარიალჰესის და დარიალის საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლები.

 

მეწყერი დარიალის ხეობაში პირველდ 2014 წლის 17 მაისს ჩამოწვა. სოფელ გველეთთან მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები. 

 

შსს-ს ცნობით, საგანგებო სიატუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალ ჰესის გვირაბიდან თურქეთის რესპუბლიკის 12 მოქალაქე და მეწყერის ქვეშ მოყოლილი სატვირთო ავტომანქანიდან 1 მძღოლი გამოიყვანეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი