ახალი ამბები

მთავრობა აპირებს პრეზიდენტს მთავარსარდლის უფლებამოსილება შეუზღუდოს

18 აგვისტო, 2014 • • 1128
მთავრობა აპირებს პრეზიდენტს მთავარსარდლის უფლებამოსილება შეუზღუდოს

მთავრობა განმარტავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები განპირობებულია 2010 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც 2013 წელს არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდა და რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის მთელი რიგი უფლებამოსილებები შეიზღუდა, თუმცა ამ ცვლილებების მიუხედავად, პრეზიდენტი რჩება სახელმწიფოს მეთაურად და უმაღლეს სამხედრო მთავარსარდლად.

 

მოქმედი კანონმდებლობით, უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველია გაერთიანებული შტაბის უფროსი, რომელიც ხელმძღვანელობს და მართავს შეიარაღებულ ძალებს და რომელსაც, თავის მხრივ, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრეზიდენტი. თუმცა მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, რომლის ავტორიც თავდაცვის სამინისტროა, პრეზიდენტი აღარ დაამტკიცებს გაერთიანებული შტაბის დებულებას, ხოლო შტაბის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული იქნება არა პრეზიდენტის, არამედ თავდაცვის სამინისტროს წინაშე.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და გაერთიანებული შტაბის უფროს ვახტანგ კაპანაძე
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და გაერთიანებული შტაბის უფროს ვახტანგ კაპანაძე

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში “ბათუმელებს” განუცხადეს, რომ იგეგმება საქართველოს თავდაცვის შესახებ კანონპროექტის ამ მუხლის ( მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის) ცვლილება და იგი გადამუშავებული რედაქციით წარედგინება საპარლამენტო კომიტეტებს, როდესაც ისინი დაიწყებენ კანონპროექტის განხილვას. სამინისტროში განმარტავენ, რომ გაერთიანებული შტაბის უფროსი “პრეზიდენტის წინაშეც იქნება ანგარიშვალდებული”.

 

თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მთავრობამ პარლამენტს 2014 წლის აპრილში წარუდგინა, თუმცა მისი განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში ამ დრომდე არ მომხდარა. ცვლილებებით თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში მთელი რიგი უფლებამოსილებები პრეზიდენტიდან მთავრობის კომპეტენციაში გადადის.

 

“სამწუხაროა, რომ ამ კანონპროექტის ინიციატორი თავდაცვის სამინისტროა. ამ უწყებამ ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, რომ მათი ვერტიკალი სწორედ პრეზიდენტზეა ორიენტირებული და, შესაბამისად, მთავრობა სამხედრო სფეროში ვერ იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები, პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე ვერ გადაწყდება”, – აცხადებს ცენტრის – “მომავლის ინიციატივების” პრეზიდენტი ლევან ალაფიშვილი, რომლის თქმითაც, არასწორია კანონპროექტების კონცეფციის აგება ისე, რომ “ტოტალურად ყველაფერი მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდეს”.

 

მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტების პაკეტში შეტანილია თავდაცვის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტს მთავრობა მოამზადებს და წარუდგენს პარლამენტს, რაც მოქმედი კანონმდებლობით პრეზიდენტის კომპეტენციაა.

 

ორგანიზაციები – „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“ და  „თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭო”, რომლებიც სამხედრო თემატიკაზე მუშაობენ და რომლებმაც მთავრობის მიერ წარდგენილ ზემოთ აღნიშნულ კანონპროექტებზე საკუთარი შენიშვნები გაუგზავნეს პარლამენტს, მიიჩნევენ, რომ  რახან ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ქვეყნის მთავარი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ღირებულებებს, აუცილებელია, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებაში ჩანდეს პრეზიდენტის თანამონაწილეობა: “რამდენადაც პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ხოლო უსაფრთხოების კონცეფცია უნდა იყოს საერთო ეროვნული კონსესუსის საგანი პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის. შესაბამისად, სწორედ ეს პრინციპი უნდა იქნას ასახული კანონმდებლობაში“.

 

საქართველოს თავდაცვის შესახებ კანონპროექტით კიდევ ერთი საკითხი იცვლება, რომლის მიხედვითაც საგანგებო, საომარი, კრიზისული და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების დროს ეროვნული თავდაცვის დაგეგმვის უწყებათშორის კოორდინაციას წარმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო, რომელიც პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და არა უშიშროების საბჭოს, რომელიც პრეზიდენტის საკონსულტაციო ორგანოა.

 

“მოქმედი კანონმდებლობა საომარი მდგომარეობის შედეგების თავიდან აცილების და ლიკვიდაციის სამუშაოთა კოორდინაციას ავალებს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს – ეროვნული უშიშროების საბჭოს, შესაბამისად, გაუგებარია, თუ რა იგულისხმება კანონპროექტის იმ ნაწილში, რომლის თანახმად საგანგებო, საომარი, კრიზისული და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების დროს ეროვნული თავდაცვის დაგეგმვის უწყებათშორის კოორდინაციას წარმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო, რამდენადაც საომარი მდგომარეობის შემთხვევაში კონსტიტუცია მკაფიოდ განმარტავს პრეზიდენტის როლს,”– აღნიშნულია ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციების მიერ კანონპროექტზე პარლამენტისთვის გაგზავნილ შენიშვნებში.

 

ორგანიზაციები ასევე მიიჩნევენ, რომ კანონპროექტით უშიშროების საბჭოს კომპეტენცია იზღუდება, რადგან შემოთავაზებული ვარიანტის თანახმად, საბჭო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეროვნული თავდაცვის დაგეგმვის პროცესში საგანგებო და/ან საომარი მდგომარეობის დროს:

 

“თავდაცვის დაგეგმვაში მხოლოდ საგანგებო თუ საომარი მდგომარეობისას მონაწილეობა არ არის კონსტიტუციური ორგანოს კომპეტენციის ლეგიტიმური გზა. მით უმეტეს, რომ მოქმედებს ორგანული კანონი “უშიშროების საბჭოს შესახებ“, რომელიც ასეთ შეზღუდვას არ ითვალისწინებს.”

 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ პარლამენტი “ეროვნული უშიშროების საბჭოს” შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუშაობს, რის შემდეგაც დაიწყება მუშაობა თავდაცვის შესახებ კანონში ცვლილებებზეც:

 

“ახალი კონსტიტუციური რედაქცია ამოქმედდა, რის გამოც ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ კანონში შესატანია ცვლილებები, რათა ის შესაბამისობაში მოვიდეს კონსტიტუციასთან. ამიტომაც ჩვენ დროებით შევაჩერეთ თავდაცვაზე კანონპროექტის განხილვა. ჩვენ შემდეგ დავუბრუნდებით ამ კანონს და თანხვედრაში მოვიყვანთ როგორც კონსტიტუციასთან, ისე – უშიშროების საბჭოს შესახებ კანონთან.”

 

პარლამენტში მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტებში პრეზიდენტს სხვა უფლებამოსილებებიც ეზღუდება, მაგალითად, თავდაცვის სამინისტრო პარლამენტს და მთავრობას ინფორმირების მიზნით წარუდგენს ინფორმაციას თავდაცვის სისტემისა და შესაძლებლობების განვითარების შესახებ, ასევე, რეგულარულ ანგარიშს საქართველოს ნატოსა და ევროაკვშირში ინტეგრაციის შესახებ, პრეზიდენტს კი – არა.

 

მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი აღნიშნული კანონპროექტების შესახებ დამატებით შეკითხვებს არ პასუხობს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი: “კითხვებით უნდა მიმართოთ თავდაცვის სამინსიტროს, ავტორი ეს უწყებაა”.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში “ბათუმელებს” განუცხადეს, რომ  კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი მასზე, როგორც მთავარსარდალზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის გამოსცემს ბრძანებებს: “შესაბამისად, სამხედრო ძალების განკარგვაში პრეზიდენტის მონაწილეობა კონსტიტუციით არის გარანტირებული”.

 

თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წევრი საპარლამენტო უმცირესობიდან, დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხები ჯერ კონსტიტუციაში უნდა შესწორდეს, მანამდე კი მისთვის უფლებების ჩამორთმევას სხვადასხვა კანონებში ცვლილებებით, დარჩიაშვილი გაუმართლებლად მიიჩნევს:

 

“საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტი კი შეიძლება იყოს მთავარსარდალი, მაგრამ საომარი მდგომარეობა თუ არ არის, ფორმალურად ასრულებენ მთავარსარდლის მოვალეობას და მთელი დატვირთვა მთავრობაზეა გადატანილი. მაგრამ ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტთან უშიშროების საბჭო ფუნქციონირებს, კანონიც არსებობს უშიშროების საბჭოს შესახებ და სანამ ეს ასეა, მთელი რიგი საკითხები ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია. თუ უშიშროების საბჭო არსებობს და პრეზიდენტი რეალურად ერევა პრაქტიკულ უსაფრთხოების პოლიტიკაში, მაშინ მისი როლი თავდაცვის კანონში ცოტა სხვაგვარად უნდა იყოს გამოკვეთილი”.

 

როგორ აფასებენ მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში? – “სამუშაო პროცესი არ დაწყებულა. ინიცირებული ვარიანტის საკომიტეტო განხილვაც არ დაწყებულა და ნაადრევია საუბარი. ჩვენი მხრიდან სწორი არ იქნება შეფასება,”– უთხრა “ბათუმელებს” თინათინ მჟავანაძემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა.

 

კითხვაზე, კანონპროექტის ამ სახით დამტკიცების შემთხვევაში, დაადებს თუ არა პრეზიდენტი მას ვეტოს, მჟავანაძე პასუხობს:

 

“ძალიან ჰიპოტეთურ რამეს მეკითხებით, ამაზე ვერაფერს გიპასუხებთ.  ჯერ პარლამენტმა განიხილოს საკითხი, გამოიკვეთოს კონტურები და მერე ვისაუბროთ.”

თავდაცვის სფეროში საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას პარლამენტი საშემოდგომო სესიის განახლების შემდეგ დაიწყებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი