ახალი ამბები

ღარიბაშვილი: კითხეთ მარგველაშვილს, რატომ დასჭრიდა ერთი თვე საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებას

15 აგვისტო, 2014 • • 954
ღარიბაშვილი: კითხეთ მარგველაშვილს, რატომ დასჭრიდა ერთი თვე საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებას

“ჩემთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა ერთი თვე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ დოკუმენტაციაზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნას, ვინაიდან ეს არის ძალიან მარტივი პროცედურა”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ყოფნისას.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო პოლემიკა ინფორმაციისთვის საიდუმლო გირფის მოხსნის გამო, მან ჟურნალისტებს ურჩია, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართონ კითხვით, თუ რატომ დასჭირდა ერთი თვე გრიფის მოხსნის პროცედურას.

 

„თითოეული მოქალაქისთვის ცნობილი იყო, რომ ხდებოდა ასეთი ხარჯების გაწევა. ამაზე საუბარი იყო წლების განმავლობაში და არ არსებობდა მტკიცებულებები. სწორედ ამიტომ სჭირდებოდა პროკურატურას გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნა. გირჩევთ, მიმართოთ პრეზიდენტს და ჰკითხოთ, რატომ დასჭირდა ამდენი დრო. მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან მარტივი პროცედურა“, – განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის დამძიმების საკითხსაც გამოეხმაურა:

 

„ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, არის სირცხვილი, რომ გვყავდა სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ ფუფუნებაზე ხალხის ჯიბიდან ამოღებულ მილიონობით ლარს ხარჯავდა. როგორ კადრულობენ და ბედავენ მისი გუნდის წევრები, ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარონ და თქვან, რომ ეს ყველაფერი ნორმა და მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. ამაზე პასუხს გასცემს პროკურატურა და შესაბამისი ორგანოები. საქართველოში დასრულდა განუკითხაობის და დაუსჯელობის ეპოქა. ყველას მოეთხოვება სათანადო პასუხი. ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ ნებისმიერი სხვა მოხელე“, – აღნიშნა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი