XXVIII ოლიმპიადა ათენში 2004 წლის 13 აგვისტოს დაიწყო და 29 აგვისტომდე გაგრძელდა. ოლიმპიადაზე, რომლის დევიზი იყო “კეთილი იყოს დაბრუნება სახლში”, 10,625 ათლეტი მონაწილეობდა 201 ქვეყნიდან.
სპორტის 28 სახეობაში 301 მედალი დარიგდა. საქართველოდან მონაწილეობას 32 ათლეტი, 6 ქალი და 26 კაცი იღებდა. საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა 10 მედალი ჩამოიტანა.
ათენის ოლიმპიური სოფელი, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მაშინდელი პრეზიდენტის, ჟაკ როჟეს მიერ “დაუვიწყარ, საოცნებო თამაშებად” შეფასებულ ოლიმპადას მასპინძლობდა, დღეს მიტოვებულია.
საბერძნეთში ბევრს სჯერა, რომ ათენის ოლიმპიური თამაშები არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც განაპირობა საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისი. კრიზისი საბერძნეთში 2008 წელს დაიწყო და ფაქტობრივად ქვეყნაამ ვერ შეძლო დღემდე მდგომარეობიდან გამოსვლა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილმა დირექტორმა დომინიკ სტროს-კანმა საბერძნეთის პარლამენტში გამოსვლისას 2010 წლის 7 დეკემბერს აღნიშნა, რომ საბერძნეთის კრიზისი არის ევროპის კრიზისი და რადგანაც საბერძნეთი ევროგაერთიანების ყველაზე მოწყვლადი წევრია, ამის გამო მას დაატყდა ყველაზე პირველად დეფოლტი.
კრიზისის გამო საბერძნეთის მთავრობას მოუწია, რომ სხვადასხვა სფეროს დაფინანსება შეემცირებინა და სამუშაო ადგილები გაეუქმებინა, რის გამოც ქვეყანა საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა.
საბერძნეთს 2014 წლის თებერვალში გერმანია დაპირდა, რომ მესამეჯერ მისცემდა 10-დან 20 მილიარდამდე ევროს ოდენობის სესხს იმისათვის, რათა მიიღოს გადამჭრელი ზომები უმუშვრობის დასაძლევად და მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად.
საბერძნეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 2008 წლის პირველ კვარტალში იყო 0.1, 2011 წლის მეოთხე კვარტალში -07.9 გახდა, ხოლო 2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა -0.9 არის.