საზოგადოება

ფილდსის მედალი მათემატიკაში ქალს პირველად გადაეცა

13 აგვისტო, 2014 • • 2316
ფილდსის მედალი მათემატიკაში ქალს პირველად გადაეცა

ჯილდოს მფლობელი მერიემ მირზახანი წარმოშობით ირანიდანაა. ამჟამად იგი მათემატიკის პროფესორია სტენფორდის უნივერსიტეტში, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს.

 

მერიემ მირზახანმა ჯილდო მათემატიკის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული აღმოჩენისათვის მიიღო. კონკრეტულად კი – რიმანის ზედაპირის  მოდულარული სივრცეების დინამიკასა და გეომეტრში შეტანილი წვლილისთვის.

 

დაჯილდოვების ცერემონია 13 აგვისტოს სეულში, მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესზე გაიმართა. საპრიზო თანხა 15,000 კანადურ დოლარს შეადგენს. მერიემ მირზახანთან ერთად საპრიზო ადგილზე კიდევ 3 მკვლევარი გავიდა.

 

აღნიშნული მედალი პირველად 1936 წელს გაიცა და მას შემდეგ სულ 55 მფლობელი გამოვლინდა. ამ ჯილდოთი მსოფლიო მათემატიკოსთა კავშირი 40-წლამდე ნიჭიერ ახალგაზრდებს ოთხ წელიწადში ერთხელ აჯილდოვებს. გამოცემა “გარდიანი” წერს, რომ პრიზს ნობელის პრემიას უწოდებენ მათემატიკის სფეროში. ჯილდოს არსებობის 80 წლის მანძილზე, მისი მოპოვება ქალმა პირველად შეძლო.

 

მერიემ მირზახანი 37 წლისაა. იგი ირანში დაიბადა და აღიზარდა. დოქტორის ხარისხი 2004 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში მიენიჭა.  როგორც “გარდიანი” წერს, ბავშვობიდან ლიტერატურით იყო გატაცებული და მისი ძმა აღმოჩნდა ის, ვინც დღეს უკვე ყველაზე დიდი მათემატიკური ჯილდოს მფლობელის მათემატიკით დაინტერესება მოახერხა.

 

მერიემ მირზახანი
მერიემ მირზახანი

 

თინეიჯერობის ასაკში, 1994-95 წლებში, მერიემ მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში გაიმარჯვა, სადაც ოქროს მედლის პრიზიორი გახდა.  მოგვიანებით, სტუდენტობის წლებში, მათემატიკა ხშირად ხდებოდა მისი შთაგონების წყარო და რაც მეტ დროს უთმობდა საგანს, მის მეტ აღფრთვანებას იწვევდა.

 

“ამერიკის მათემატიკურ საზოგადოებასთან” მიცემული ინტერვიუს დროს მერიემ მირზახანი იმ სოციალურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც გოგონებს ხელს უშლის უშლის მათემატიკური მეცნიერებებით დაინტერესებაში.

 

“სოციალური ბარიერები მათემატიკური მეცნიერებებით დაინტერესებული გოგონებისათვის შეიძლება არ არის იმაზე ნაკლები, რაც ჩემი მოზრდილობის პერიოდში იყო. კარიერა და ოჯახური ურთიერთობები კვლავ დიდ გამოწვევად რჩება, რაც ქალთა უმრავლესობას რთული გადაწყვეტილების მიღებას აიძულებს და, როგორც წესი, სამუშაოს დათმობით მთავრდება”.

  

ფრანსის კირვანი ოქსფროდის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ერთ-ერთი წამყვანი მატემატიკოსია ბრიტანეთში. მისი აზრით, იმის გამო, რომ მათემატიკა მამაკაცებთან ასოცირდება, ბევრი გოგონა ბავშვობიდან კარგავს მოტივაციას, ეს საგანი ისწავლოს:

 

“მათემატიკა არის  დიდი ჯილდო. სამწუხაროდ, ბევრი ბავშვი კარგავს თავდაჯერებულობას ძალიან ადრე, რადგან ის ტრადიციულად განიხილება, როგორც “მამაკაცური”  მეცნიერება. მიუხედავად იმისა, რომ ქალები ცნობილი არიან მათემატიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საუკუნეების განმავლობაში”.

 

მისივე ინფორმაციით,  ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბრიტანელი ქალების 40%  სწავლობს მათემატიკას ბაკალავრიატში, მაგრამ პროპორცია ეცემა, როცა საუბარი  დოქტორის ხარისხს ეხება:

“იმედი მაქვს, ეს ჯილდო შთააგონებს გაცილებით მეტ გოგონასა და ახალგაზრდა ქალს, რათა ირწმუნონ თავიანთი შესაძლებლობების და მიზნად დაისახონ, თავადაც გახდნენ ამ მედლის მფლობელები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი