ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობის” შეთავაზება ხელისუფლებას

10 აგვისტო, 2014 • • 960
“ნაციონალური მოძრაობის” შეთავაზება ხელისუფლებას

“უკრაინა არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და სავაჭრო პარტნიორი. საქართველო და უკრაინა ერთად დგანან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია საქართელომ მხარდაჭერა გამოხატოს უკრაინელი ხალხის მიმართ. გვინდა საქართველოს ხელისუფლებას წინადადებით მივმართოთ, რომ გაუკეთონ ორგანიზება, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებიდან, განსაკუთრებით დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან, ევაკუირებული ბავშვების, რამდენიმე ასეული ბავშვის მაინც ჩამოყვანა მოხდეს საქართველოში გარკვეული ხანგრძლივობით, თუნდაც ერთ თვით ან თვენახევრით”– განაცხადა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე. 

 

მისი თქმით, ბავშვების ჩამოყვანა შესაძლებელია საზაფხულო ბანაკების ან სხვა ფორმით. დეპუტატის ამბობს, რომ აღნიშნულის ორგანიზებას დიდი თანხები არ დასჭირდება და მთავარი  პოლიტიკური ნებაა. მისივე თქმით, თანხების მოძიება საერთაშორის ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობითაა შესაძლებელი:

 

“ჩვენი აზრით, ეს იქნება ჰუმანიტარული ხასიათის აქცია, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი და გზავნილი ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან როგორც საკუთარი, ისე საქართველოს თავისუფლებისთვის”– განაცხადა ჯაფარიძემ. 

 

BBC–ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პრორუსმა მეამბოხეებმა აღმოსავლეთ უკრაინაში სამთავრობო შენობების დაკავება დაიწყეს, 1 500 ადამიანი დაიღუპა. პოროშენკოს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ უკრაინის მთავრობა ცდილობს მეამბოხეების მიერ აღებული ტერიტორიები დაიბრუნოს. რუსეთი კი, რომელმაც უკრაინის კრიზისის დროს ყირიმი მიიერთა, მეამბოხეებთან კავშირს უარყოფს. ერთ–ერთი ბოლო ინიციატივა, რომლითაც რუსეთი გამოვიდა, ჰუმანიტარულ მისიას უკავშირდება, თუმცა დასავლეთი ამას ეწინააღმდეგება, რადგან ფიქრობენ, რომ ამ გზით რუსეთს ჯარების შეყვანა სურს. პრეზიდენტი პოროშენკო კი აცხადებს, რომ ნებისმიერი ჰუმანიტარული მისია, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში შევა,  უნდა იყოს საერთაშორისო მისია და იგი ტერიტორიაზე უკრაინის მიერ კონტროლირებადი საგუშაგოებიდან უნდა შევიდეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი