ახალი ამბები

ოქროს საკიდები, ბეჭდები, იმპერატორ კონსტანტინე VIII-ის მონეტა – ახალი აღმოჩენა მცხეთაში

4 აგვისტო, 2014 • • 3157
ოქროს საკიდები, ბეჭდები, იმპერატორ კონსტანტინე VIII-ის მონეტა – ახალი აღმოჩენა მცხეთაში

აღნიშნული არქეოლოგიური სამუშაოები კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სააგენტოს განცხადებით, არქეოლოგებმა უნიკალურ მასალებს მიაკვლიეს.

 

“მცხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ოქროს მონეტა ადასტურებს, რომ ფიქრის გორის სამაროვანზე მცხეთის მოსახლეობის დაკრძალვა არა მხოლოდ IV-VI სს. არამედ შუა საუკუნეებშიც ხდებოდა. კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დღესვე დაიწყებს მუშაობას, რომ მოპოვებულ არტეფაქტებს მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. ფართო საზოგადოება უახლეს მონაპოვარს შემოდგომაზე თბილისში იხილავს. თვის ბოლომდე გადაწყდება და დადასტურდება თუ რომელ სივრცეში გამოიფინება ახალი მასალები. საბოლოოდ, კი აღნიშნული ნივთები ექსპონირებული იქნება მცხეთის ახალ მუზეუმში”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს დაფინანსებით მცხეთის მუზეუმის შენობის ესკიზური პროექტი უკვე მზადაა, სამშენებლო სამუშაოების დაწყება კი 2015 წლიდან იგეგმება. 

 

მცხეთაში, ფიქრის გორაზე, სამარხები პირველად 2014 წლის ივლისში კერძო მესაკუთრის კუთვნილ ნაკვეთში მიწის სამუშაოების წარმოების დროს აღმოაჩინეს. კანონის გათვალისწინებით სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა და ტერიტორიის შესწავლა არქეოლოგებმა დაიწყეს.

 

“არქეოლოგებმა საკვლევ ტერიტორიაზე შეისწავლეს ადრეული შუა საუკუნეების სამაროვანი, სადაც ხუთი ტიპის სამარხი გამოიკვეთა: ორმოსამარხი, თიხის ფილასამარხი, ქვატეხილებითა და ქვიშაქვის ფილებით ნაგები სამარხი, ქვის კვადრებით ნაგები სამარხი და ქვის ფილებით შედგენილი სამარხები. აქ დომინანტი სწორედ ქვასამარხებია. როგორც აღმოჩნდა, სამაროვანზ, გავრცელებულია როგორც საოჯახო საკრძალავები, ასევე ინდივიდუალური სამარხებიც და აქ მიცვალებულები უმეტესად დაკრძალული არიან ქრისტიანული წესით. სამარხებში აღმოჩენილი არტეფაქტები ტიპურია იმ მასალებისა, რომელიც მცხეთის სხვადასხვა სამაროვანზე სხვადასხვა პერიოდშია გამოვლენილი. ოქროს ნივთების გარდა ახალ აღმოჩენებში ასევე წარმოდგენილია საკინძები, ფიბულები, სანელსაცხებლები, და სხვადასხვა მასალით დამზადებული ბეჭდები და მძივები”.- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი