ახალი ამბები

პარლამენტი აუდიტის სამსახურის 2013 წლის საქმიანობით უკმაყოფილოა

30 ივლისი, 2014 • • 850
პარლამენტი აუდიტის სამსახურის 2013 წლის საქმიანობით უკმაყოფილოა

აუდიტის სამსახურის 2013 წლის საფინანსო–ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის, აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურების შემმოწმებელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დღეს განიხილეს.

 

პარლამენტმა დაადგინა, რომ აუდიტის სამსახურმა საქმიანობისას უნდა გაითვალისწინოს დროებითი კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციები და უზრუნველყოს მათი შესრულება. გარდა ამისა, საზოგადოების ჩართულობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად პარლამენტის სხდომაზე დასკვნის განხილვის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს პარლამენტის ვერგვერდზე.

 

პარლამენტმა საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს აუდიტის სამსახურის მიერ დასკვნაში მითითებული ფაქტების თავიდან აცილებისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ მიმართული მონიტორინგი დაავალა.

 

აუდიტის სამსახურის თავმჯდომარე ლაშა თორდია კომისიის დასკნვას არ ეთანხმება:

 

“არ ვეთანხმები ამ შენიშვნებს, იმიტომ რომ სუბიექტური შეფასებების საშუალებას იძლევა შემოწმების ის ფორმატი, რომელიც დღეს არსებობს. საქმიანობის შემოწმების არანაირი სტანდარტი და მეთოდოლოგია არ არსებობს. როდესაც მამოწმებს კომისია, სადაც არიან პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, რომლებიც არ ვიცით რა ცოდნის და კვალიფიკაციის მქონენი არიან, რამდენად შეუძლიათ მათ სწორი შეფასება გააკეთონ? ჩვენი აქტები, რომლის ხარისხსაც კონტროლსაც ჩვენ გავდივართ შვედეთის და გერმანიის აუდიტის სამსახურთან, საიდანაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტები არიან მოწვეული და როცა ამ აქტებზე საპარლამენტო კომისიის ჯგუფი ამბობს, რომ საერთაშორისო სტანდარტების არ არის, ეს ნამდვილად არ არის მისაღები”

 

პარლამენტი
პარლამენტი

დღის განმავლობაში საუბარი იყო იმაზე, რომ კომისიის დასკვნა პროკურატურას გადაეგზავნებოდა, თუმცა პარლამენტის გადაწყვეტილებით კომისიის დასკვნა ცნობად მიიღო. დროებითი საპარლამენტტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ პარლამენტი გადაწყვეტს, გადაუგზავნის თუ არა დადგენილებას მთავარ პროკურატურას შემდეგი რეაგირებისთვის:

 

“გადაეგზავნება, თუ არა დასკვნა პროკურატურას – ეს პარლამენტის პრეროგატივაა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენმა კომისიამ მიმართოს თვითონ პროკურატურას. “

მასალების გადაბეჭდვის წესი