ახალი ამბები

რატომ გადაიყვანა შსს–მ თბილისში დაკავებული 8 პირი რეგიონების იზოლატორებში

5 ივლისი, 2014 • • 1201
რატომ გადაიყვანა შსს–მ თბილისში დაკავებული 8 პირი რეგიონების იზოლატორებში

ნაციონალური მოძრაობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმციით, 2014 წლის 4 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული დავით გოგოხია და გოჩა დარჯანია შსს თანამშრომლებმა საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

 

ალექსანდრე ბედოიძე, ხვიჩა სუხიშვილი მარნეულის იზოლატორში აღმოჩდნენ, კოტე გაბაშვილი- მცხეთაში, ირაკლი ჩხვირკია- დუშეთის იზოლატორში.  


ლაშა რუხაია სამართალდამცავებმა ღუდუშაურის საავამყოფოდან დიღმის იზოლატორში მოათავსეს.

სად ჰყავდათ გადაყვანილი 4 ივლისს საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული  ლაშა ჭიღლაძე, ზურაბ ჭიაბერშვილმა არ იცის.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის აღმასრულებელი დირექტორი” ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ დაკავების და დროებითი განთავსების იზოლატპრებში მოქლაქეების მიყვანის ეს ფორმა ახალმა ხელისუფლებამ “ნაციონალებისაგან” ისწავლა:  

“გავიხსენოთ, 26 მაისს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები ასევე იყვნენ განთავსებული სხვადასხვა რაიონის წინასწარი დაკავების საკნებში.  ეს იყო გამართლებული იმით, რომ იყო მღელვარება, მასობრივი მოძრაობა და საპროტესტო აქციები თბილისში. და რომ მეტი მღელვარება და კონცენტრაცია არ მომხდარიყო დედაქალაქში, ამით იყო ეს განპირობებული”.


მუხაშავრია არ გამორიცხავს, რომ დღეს მოქმედმა ხელისუფლებამ საკუთრი ქმედება ამ მეთოდით გაამართლოს:  

 

“თუ ეს გაამართლა მაშინდელმა დრომ და ვითარებამ, ახლაც იგივე ვითარებაა მაშინ. მე ამ ლოგიკას არ ვეთანხმები, მაგრამ თუკი მაშინდელი ხელისუფლების ეს ლოგიკა სწორი აღმოჩნდა, მაშინ დღევანდელმა ხელისუფლებამაც უნდა გამოიყენოს ის.  მოქალაქეების რეგიონების იზოლატორებში გადაყვანა არ არის კანონდარღვევა, თუკი ხელისუფლებას ექნება ლეგიტიმური გამამართლებელი მოტივები, რომელიც მე დავასახელე. ვვარაუდობ, რომ ხელისუფლება თავის გასამართლებლად ამ მოტივებს მოიყვანს.”  

არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის  კახა კოჟორიძის განცხადებით,  დაკავებულების რეგიონებში გადაყვანას წინა ხელისუფლების დროს შსს ახორციელებდა:

 

“მაგ მეთოდს მიმართავდა წინა ხლისუფლება. მახსოვს, მე და ჩვენი ადვოკატები რომ დავდიოდით წინ და  უკან და ვარკვევდით,  თუ სად წაიყვანეს დაკავებული ადამიანები. ჩემთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ახლაც დაკავებულების  სხვადასხვა რეგიონებში გადაყვანა. ძნელი დასაჯერებელია, რომ თბილისში 8 ადამინისთვის არ იყო ადგილი იზოლატორში.”

 

კოჟორიძე განმარტავს, რომ რეგიონების იზოლატორებში დაკავებულების გადაყვანისას წინა ხელისუფლებას ასეთი არგუმენტი ჰქონდა. არ გამორიცხავს, რომ ამ ხელისუფლების არგუმენტებიც ანალოგიური იყოს:

 

“პირველი არგუმენტი ჰქონდათ, რომ არ იყო თბილისის იზოლატორებში ადგილი. ჩვენ მაშინ გვიჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ სხვადასხვა ადგილებში დაკავებულები  გადჰაყავდათ  იმიტომ,  რომ პირველ რიგში ხელი შეეშალათ დაცვის უფლების განხორციელებისათვის. რომ ადვოკატებს გასჭირვებოდათ სწრაფად გარკვევა, თუ სად იმყოფებოდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები. მეორე ის, რომ თუ ყველას ერთ ადგილას მიიყვანდნენ, შეიძლება მხარდამჭერები მისულიყვნენ და აქცია გაემართათ. არ გამოვრიცხავ,  რომ ახლაც ეს მოტივაცია და გადაწყვეტილება იყო.  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაქვს ინფორმაცია, რომ  რამდენიმე შემთხვევაში ადვოკატს არ ეძლეოდა დაცვის ქვეშ მყოფის ნახვის შესაძლებლობა. არ ატყობინებდნენ ოჯახის წევრებს, სად იყვნენ დაკავებულები. ის პრობლემები, რაც ადმინისტრაციულ დაკავებასთან არსებობდა ადრე,  ახლაც იჩინა თავი.”  

კოჟორიძე ამბობს, რომ როცა  ადვოკატს არ ეძლევა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის საშუალება, გამოძიებასთნ  კითხვები ყოველთვის ჩნდება და გაჩნდება:

 

“ უნდა მიხვდნენ სამართალდამცავი ორგანოები, რომ დაცვის უფლება არის კონსტიტუციური უფლება. როცა დასაცავი პირი ითხოვს ადვოკატთან კომუნიკაციას,  კონსტიტუციაში წერია, რომ ეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე.”  

რატომ გადაიყვანეს შსს თანამშრომლებმა 4 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული 8 პირი რეგიონებში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორებში, “ნეტგაზეთმა” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხი ამ დრომდე ვერ მიიღო.

 

შსს პრესსამსუხურის წარმომადგენლებთნ დაკავშირება ვერ მოხერხდა, რადგან უწყებაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.    

დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 4 ივლისს მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლემ თბილისის ყოფილ მერს და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. უგულავას მხარდამჭერები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პროკურორებს. დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომელიც ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი კი სამართალდამცავებმა კლინიკაშივე დააკვეს.

 

დაკავებულთა შორის იყო დეპუტატი ლევან ბეჟაშვილიც, რომელსაც ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. მისი  დაკავების უფლება სამართალდაცავებს არ ჰქონდათ კანონის მიხედვით.  იგი გაათავისუფლეს და შსს-მ განაცხადა, რომ დაკავებისას არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ბეჟაშვილი დეპუტატი იყო, თუმცა მისთვის ბრალი არ მოუხსნიათ და დანარჩენი დაკავებულების მსგავსად მასაც ბრალი ედება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი