ახალი ამბები

რატომ არის ქალი ყოველთვის დამნაშავე?

5 ივნისი, 2014 • 5297
რატომ არის ქალი ყოველთვის დამნაშავე?
  • თამთა, რა არის ამ დამოკიდებულების მიზეზი – “ქალი ყოველთვის დამნაშავეა“?

თუ ზოგადად ვიტყვით, ამის მიზეზი არის პატრიარქალური საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობთ. პატრიარქატი აისახება როგორც ქალების, ასევე კაცების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

  • როცა ქალს აუპატიურებენ ან კლავენ, ადამიანები ამ შემთხვევშიც კი აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ქალს, მაგალითად, მოკლე კაბა ეცვა, ან იმაზე, რომმან (ქალმა) ალბათ რაღაც გააკეთა ისეთი“, “აეჭვიანა“, “ალბათ არ უყვარდადა .. რას ნიშნავს, როცა ძალადობას, მკვლელობას ამართლებ?

პრობლემაა ის, რომ თვითონ ქალებიც არ ლაპარაკობენ ამაზე ხმამაღლა, რადგან გაუპატიურება ტაბუირებული თემაა და საჯაროდ არ განიხილავენ. ძალიან ადვილია დაადანაშაულო ის, ვინც სუსტია და არ აქვს ძალაუფლება, აგრესორი კაცი კი გამოაძვრინო სიტუაციიდან. ამის მიზეზები, ვფიქრობ, უფრო ძირშია მოსაძებნი, ვთქვათ, ჩვენს კულტურაში, რადგან აქ კაცებს არ ასწავლიან, რომ არ იყვნენ აგრესორები. ის, რომ მოკლე კაბა მაცვია, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გამომწვევი ვარ, შეიძლება მცხელა და ამიტომ მაცვია შილიფად.

  • არის შემთხვევები, როცა დამნაშავეს ქალში თვითონ ქალებიც ეძებენ, როგორ ფიქრობთ, რატომ არ არის სოლიდარობის განცდა?

ქალი, ისევე როგორც კაცი, არის ამ სისტემის ნაწილი. კულტურისგან რეპრესირებული ქალი ჩვენს საზოგადოებაში უამრავია, რომელიც პირველი დაადანაშაულებს ქალს – თუ მას ან მის ახლობელს არ შეხებია პრობლემა. საზოგადოება, მათ შორის ქალებიც, ცდილობს რაღაც ნაჭუჭში იცხოვროს. ძალადობა მარტო თავში ან ცხვირში ჩარტყმა არ არის, თუმცა ამის სტატისტიკაც ძალიან მაღალია საქართველოში.

  • ლეონიძის მხატვრულ სახეს მინდა შევეხო, სადაცმარიტასქალები კაცებზე არანაკლებ ესვრიან ტალახს იმის გამო, რომოჯახი შებილწა“. ეს არის ქალების სისუსტის ნიშანი?

ვფიქრობ, ქალებმა მათ მიმართ არსებულ სტერეოტიპებს სხვანაირად უნდა შეხედონ. ამის პრობლემა კულტურაშიც შეგვიძლია ვეძებოთ და პიროვნებებშიც. დიდი წილი მაინც კულტურაზე მოდის, რადგან ადამიანი გარკვეულ სოციუმში იზრდება და ამ სოციუმის წესები განსაზღვრავს ადამიანების დამოკიდებულებებს. თუ ოდესმე არაფერზე დაფიქრებულხარ, ზედმეტი წიგნი არ წაგიკითხავს და ზედმეტი კითხვა არ დაგისვამს, მაშინ კულტურის რეპრესიულ, მჩაგვრელ ხასიათს იღებ შენც. მე ხშირად ვეუბნები სტუდენტებს, მთავარია გაგიჩნდეს კითხვები – რატომ ხდება ასე? რატომ ვადანაშაულებთ ქალს?ძალიან მტკივნეული იქნება, თუ ყველაფერზე ქალებს შეგვახოცავენ ხელს.

  • ერთ თავის წერილში ცნობილი ფემინისტი ქალი, ბარბარე ჯორჯაძე წერდა, რომყოველი ბრალეულობა ქალს მიაწერეს“, ანუ ქალი ბრალეულის როლში საქართველოში დიდი ხანიაა. ყველაზე მეტად რა პერიოდში მძაფრდება ქალების დისკრიმინაცია?

ამას არ აქვს საქართველოში დრო, პერიოდი. მე-19 საუკუნეში, იგივე ბარბარე ჯორჯაძე, კატო მიქელაძე, ეკატერინე გაბაშვილი წერდნენ ოჯახში ძალადობასა და ქალთა ჩაგვრაზე. იგივე პრობლემა აქტუალურია 21-ე საუკუნის საქართველოშიც. ეს ჩემთვის ძალიან სევდიანია, რადგან ამ მიმართულებით თითქმის არაფერი შეცვლილა. ამას აქვს ბევრი მიზეზი. რაღაც რომ შეცვალო, უნდა ილაპარაკო ამაზე. თვითონ ქალებიდან უნდა წამოვიდეს ამ საკითხებზე მსჯელობა, რადგან კაცი ამაზე არასდროს ილაპარაკებს, რადგან ქალის დისკრიმინაცია მის სქესზეა დაფუძნებული. იყო პერიოდები, როცა უფრო აქტიურად საუბრობდნენ ქალები, მედიაც უფრო მეტს წერდა ქალების ინიციატივებზე, პრობლემებზე. რაღაც მიღწევები გვაქვს, შეიცვალა კანონიც, მაგრამ კანონის შეცვლა გაცილებით ადვილია, ვიდრე იმ სტერეოტიპების, რომელზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ. ამას სხვანაირი მიდგომა სჭირდება.

  • საზოგადოების ცნობიერებას ამ მიმართულებით რა ცვლის?

მედიამ უნდა მიაწვდინოს ხმა იმ ქალებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი არიან და ამ სტერეოტიპებით ცხოვრობენ. წარმოიდგინეთ ქალი, რომელსაც არ ჰქონია საშუალება განათლება მიეღო, გაათხოვეს ძალიან ადრე, ცხოვრობს სადღაც შორეულ სოფელში, არ მიუწვდება ხელი ინტერნეტზე. ერთადერთი წყარო ინფორმაციის შეიძლება იყოს გაზეთი ან ტელევიზია. მედიამ უნდა უთხრას მას, თუ რა არის მისი უფლება, რა არის ჩაგვრა. ამის იდენტიფიცირება უნდა შეძლოს ქალმა და აი, მაშინ, თუკი ადამიანსაც სურს, რომ შეიცვალოს რაღაც მის ცხოვრებაში, დაიწყება ცვლილება. ამაზე საჯაროდ საუბარი კი გავლენას მამაკაცებზეც მოახდენს.

  • შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 20 წელია ოჯახში ქალი გახდა შემომტანი. ქალის, როგორც შემომტანის დისკრიმინაცია მაინც რატომ გრძელდება?

კი, ქალი გახდა ოჯახის მარჩენალი, მაგრამ კაცი განაგებს ამ ფინანსებს და ქალი ამას ვერ უწევს წინააღმდეგობას. იმიტომ, რომ კაცს რაღაცნაირი ლეგიტიმაცია აქვს ჩვენს საზოგადოებაში და ეს აძლევს ამის უფლებას. თუ კაცია შემომტანი, ქალს აიძულებს სახლში იჯდეს, უკეთებს იზოლაციას და რაც მთავარია, კაცს უჭირს ქალის, როგორც პიროვნების აღიარება.

  • ქალების მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში რა როლი აქვს ეკლესიას?

ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. იმ ფონზე, რაც ამ ქვეყანაში ხდება, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა დიდი სიყალბეა. ბუნდოვანია, რა მიიჩნევა “სიწმინდედ” – მორჩილი ცოლი, დომინანტი ქმარი და შვილები, რომლებიც მშობლების მსგავსად გაიზრდებიან და არასდროს არაფერზე დასვამენ კითხვებს? ასეთ დროს იკარგება მნიშვნელოვანი, – სიყვარული, ურთიერთპატივისცემა.

  • ახალი აღთქმა არ ქადაგებს ქალსა და მამაკაცს შორის უთანასწორობას. რატომ სურთ ქალის როლის წარმოჩენა მორჩილებაში?

მე მგონია, რასაც საქართველოში ეკლესია ქადაგებს, ძალიან შორს დგას ქრისტიანობისგან. ამას აკეთებენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ყველა ინსტიტუტს, მათ შორის სახელმწიფოსაც, უნდა ქალის როლის დასუსტება, თუმცა ეკლესია გამოირჩევა ამ მხრივ. ის, რომ შეიძლება რომელიმე ქალს არ უნდოდეს იყოს დედა, ცოლი ან მხოლოდ დიასახლისი, ამ ადამიანების ბედი ამ ქვეყანაში იქნება ძალიან ტრაგიკული, რადგან იზღუდება არჩევანის თავისუფლება.

  • საარჩევნო სიებში ძალიან ცოტა ქალია წარმოდგენილი. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს დამოკიდებულებაც შეიცვალა ქალების მიმართ?

ქალები პოლიტიკაში პრიორიტეტული არასდროს ყოფილა, ახლა მით უმეტეს. თუ სადმე იყო, ესეც დასავლეთის ზეწოლის შედეგია. სუსტია სამოქალაქო სექტორიც. ვიცი, რომ ქალთა უფლებების გაზრდაზე ბევრი ფინანსური რესურსი დაიხარჯა, მაგრამ შედეგი არ არის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი