ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარე კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

31 მაისი, 2014 • 1204
ცესკოს თავმჯდომარე კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თამარ ჟვანია ფიქრობს, რომ ეს პროცესი სახიფათოა, “ვინაიდან შესაძლოა გამოიწვიოს კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო სიის გაუქმება”.

 

“აღნიშნული ქმედებები პირდაპირი საშიშროებაა, რომ შეიქმნას არათანაბარი საარჩევნო გარემო და ზიანი მიადგეს საარჩევნო პროცესს. არსებითად მნიშვნელოვანია, აღიკვეთოს ქმედებები, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებს არჩევნებზე, ვინაიდან ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია უზრუნველვყოთ თითოეული ამომრჩევლის საარჩევნო უფლება, შევქმნათ ყველა პირობა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი და კენჭისყრის დღე წარიმართოს თანაბარ და სამართლიან გარემოში”, – ნათქვამია ცესკოს თავმჯდომარის 31 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

 

 ჟვანია მოუწოდებს პასუხისმგებელ უწყებებს, მიიღონ შესაბამისი ზომები მსგავსი ზეწოლის ფაქტების გამოძიების, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით. საარჩევნო ადმინისტრაცია ოფიციალურად გადაუგზავნის სამართალდამცავ ორგანოებს მის ხელთ არსებულ მონაცემებს დაოყოვნებლივი რეაგირებისთვის.

კანდიდატებზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებებზე განცხადება სამმა სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციამ 30 მაისს გაავრცელა და შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

 

სადამკვირვებლო  ორგანიზაციების ცნობით,  10 საარჩევნო ოლქში 32-მა პირმა თავისი კანდიდატურა, სავარაუდოდ, ზეწოლის გამო მოხსნა.  

 

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარდა იმისა, რომ ადამიანის მიმართ მუქარა და ზეწოლა სისხლის სამართლის დანაშაულია, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებამ შესაძლოა სხვა საფრთხეებიც შექმნას,  კერძოდ, საოლქო საარჩევნო კომისიებმა პარტიულ სიაში კანდიდატების არასაკმარისი რაოდენობის გამო შესაძლოა პარტია რეგისტრაციიდან საერთოდ მოხსნან.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 მაისს განაცხადა, რომ არ დაუშვებენ სხვა პოლიტიკური პარტიის [გარდა “ქართული ოცნებისა”] გამარჯვებას არც ერთ რეგიონსა და ქალაქში.  

თამარ ჟვანია
თამარ ჟვანია

მასალების გადაბეჭდვის წესი