ახალი ამბები

Amnesty მთავრობის ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს

24 აპრილი, 2014 • • 1079
Amnesty მთავრობის ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს

“კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ შეადგინა, დისკრიმინაციის განსხვავებულ ფორმებსა და საფუძვლებს განსაზღვრავს და ყველა სახის დისკრიმინაციას კრძალავს. კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია ინსპექტორის ინსტიტუტის, როგორც კანონის აღსრულების მექანიზმის შემოღებას ითვალისწინებდა. ინსპექტორს საჩივრების განხილვის, დისკრიმინაციის თაობაზე ბრალდებების გამოძიების და პასუხისმგებელი პირების მიმართ შესაბამისი სანქციების დაწესების უფლებამოსილება ენიჭებოდა. კანონპროექტის  ეს ვერსია სამოქალაქო საზოგადოებამ, საერთაშორისო საზოგადოებამ, ექსპერტებმა და უმცირესობების წარმომადგენლებმა მოიწონეს.

 

საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა შეეცვალა კანონპროექტი ცოტა ხნით ადრე,  სანამ ის პარლამენტში შევიდოდა განსახილველად. ცვლილებები, რომელიც კანონპროექტს არსებითად ცვლის, მნიშვნელოვნად ამცირებს მის შესაძლებლობებს, ეფექტურად განახორციელოს ანტიდისკრიმინაციული ფუნქცია. ინსპექტორის ინსტიტუტი საერთოდ ამოღებულია კანონპროექტიდან და მის ნაცვლად პასუხისმგებლობა უკვე არსებულ ინსტიტუტს – ომბუდსმენის აპარატს ეკისრება. სახალხო დამცველს რაიმე სახის ჯარიმის დაკისრების ან სავალდებულო ზომების მიღების შესაძლებლობა არ აქვს და მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება. ანტიდისკრიმინაციული უფლებამოისლების შესრულების ფარგლებში მისთვის არც დამატებითი ფინანსური და სხვა სახის რესურსის გამოყოფაა გათვალისწინებული. 

 

ამიტომ აღნიშნული ცვლილებები იწვევს წუხილს, რომ უფლება – არ იყო დისკრიმინირებული, რომელიც კანონპროექტშია გათვალისწინებული, პრაქტიკაში ვერ იქნება ქმედითი. მანამ, სანამ კანონპროექტი პარლამენტში შევიდოდა, მას დაემტა ახალი მუხლი, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას ეხება. მუხლის მიხედვით, კანონის არც ერთი ჩანაწერი არ უნდა განიმარტოს ისე, თითქოს ის 2002 წლის სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებულ კონსტიტუციურ შეთანხმებას ეწინააღმდეგება. 2002 წლის კონსტიტუციური შეთანხმება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის კანონიერ საფუძვლებს განსაზღვრავს და ხაზს უსვამს იმ “განსაკუთრებულ როლს”, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ისტორიაში თამაშობდა ეკლესია. ეს შეთანხმება ეკლესიას გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს, მათ შორის საგადასახადო პრივილეგია, ასევე, სპეციალურ საკონსულტაციო როლი მთავრობასთან ურთიერთობაში და ხშირად განიხილება, როგორც დისკრიმინაციული სხვა რელიგიურ ჯგუფებთან მიმართებაში საქართველოში. ეკლესიის ლიდერები შემჩნეულნი არიან დისკრიმინაციულ რემარკებში სხვადასხვა უმცირესობის მიმართ და ისინი საუბრობენ ხოლმე “უმრავლესობის [მართლმადიდებლები] დაცვის აუცილებლობაზეც”.

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ანტიდისკრიმინაციული კანონი ეფექტური იყოს, რადგან დისკრიმინაცია მნიშვნელოვან პრობლემად იქცა ქვეყანაში. გასული ორი წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციისა და თავდასხმის ფაქტებს რელიგიური უმცირესობებისა და ლგბტ თემის წარმომადგენლების წინააღმდეგ. აღნიშნული ცვლილებები კანონპროექტში დროში დაემთხვეა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარმოდგენილ გეგმას ერთსქესიანი წყვილების ქორწინების შესაძლებლობის კანონგარეშედ გამოცხადებასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს სამოქალაქო საზოაგდოების შეშფოთება და შესთავაზოს კანონპროექტი, რომელიც დისკრიმინაციას არა მხოლოდ ქაღალდზე აკრძალავს, არამედ დისკრიმინაციის  ყველა ფორმის აღმოფხვრას პრაქტიკაშიც უზრუნველყოფს”, – ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე მითითებულია, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ერთ–ერთი წინაპირობაა.

 

amnesty
amnesty

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი