სამართალი

რატომ შეიძლება დაისვას 3 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი

23 აპრილი, 2014 • • 1344
რატომ შეიძლება დაისვას 3 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი

ამ დეპუტატთაგან ერთ–ერთი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზვიად კვაჭანტირაძეა, რომელიც  “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ცნობით, რეესტრის უკანასკნელი ჩანაწერით დღემდე სააქციო საზოგადოება “გოლდენ ფლის გრუფის და შპს უნიონ კრედიტის დირექტორია.


კიდევ ერთი პარლამენტარი გოგი თოფაძე 2013 წლის 18 ივნისამდე იყო შპს ყაზბეგი 2005–ის, ხოლო 2013 წლის 19 ივნისამდე შპს ყაზბეგი–ნაყინის დირექტორი. ამ პერიოდში თოფაძე უკვე იყო პარლამენტის წევრი.


არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, თამაზ ავდალიანის ჩანაწერებშიც, რომელიც 2013 წლის 10 იანვრამდე შპს ასკო ლტდ–ის დირექტორი იყო მაშინ, როცა იგი პარლამენტის წევრი 2012 წლის 21 ოქტომბერს გახდა.


 

“საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით დეპუტატს უფლება არ აქვს უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა, იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელმაც საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წლის მუშაობა შეაფასა და დღეს შესაბამისი ანგარიშიც გამოაქვეყნა 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 2013 წლის 21 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდში.

 

დეპუტატი გოგი თოფაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ის კომპანიები, რომლებიც ზემოხსენებულ ანგარიშშია მოყვანილი, უკვე 10 წელია აღარ არსებობს, შესაბამისად, ვერ გაიზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საპარლამენტო საქმიანობის პარალელურად სამეწარმეო საქმიანობასაც ეწეოდა. თოფაძის თქმით, მან ყველა თავისი ბიზნესაქტივი სამართავად შვილს გადაუფრომა:

 

“ეს კომპანიები უკვე 10 წელია აღარ არსებობს. არაფერი საერთო მაგათთან არ მაქვს, არავითარი ბრუნვა მაგათ არ აქვთ. ეს კომპანიები არ არსებობს, თუ უნდათ, კარგად შეამოწმონ”.

 

ნეტგაზეთის კითხვას, რატომ არ განახორციელა მან ზემოხსენებული კომპანიების ლიკვიდაცია, თუ ისინი აღარ მუშაობენ, და რატომ რჩება ქაღალდზე შპს ყაზბეგი–ნაყინი და შპს ყაზბეგი 2005, თოფაძე პასუხობს, რომ მან ამ საკითხის შესწავლა თავის დროზე იურისტს დაავალა, რომელიც რეესტრშიც იმყოფებოდა, თუმცა რეესტრშიც კი ვერ მოძებნეს შესაბამისი საბუთები:

 

“დავალებული ჰქონდა ჩემს იურისტს, მივიდა, მაგრამ ვერც იქ ნახეს ვერაფერი. შეამოწმონ, ეს კომპანიები აღარ არსებობს 10 წელია. რეესტრშიც ვერ მონახეს მაგის საბუთები”.

 

მეორე დეპუტატმა თამაზ ავდალიანმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ დღეს არც ასკო ლიმიტედი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას:

 

“მე ამასთან დაკავშირებით ამ კვლევის ავტორებსაც ველაპარაკე და წერილიც მივწერე, რომ ეს ფირმა ფაქტობრივად არ მოქმედებდა და სამეწარმეო საქმიანობასაც არ ეწეოდა. მე მითხრეს, რომ შეიძლებოდა ვყოფილიყავი როგორც დამფუძნებელი, მაგრამ შემდეგ შემატყობინეს, რომ არც დამფუძნებლობა შეიძლება და ეგეც გავაუქმე. ეს ფირმა 2010 წელს დაფუძნდა, დაფუძნებისას 2 ოპერაცია ჩაატარა მხოლოდ და მეტი არაფერი გაუკეთებია. თუ აინტერესებთ, გამოითხოვონ საგადასახადოდან, რა უწარმოებია ამ ფირმას, როდის ჩაატარა ბოლო ოპერაცია და ასე შემდეგ. გაარკვიონ ავდალიანი 2013 წელს მართლა საქმიანობდა თუ არა? შეუძლიათ 2012 და 2011 წლის მონაცემებიც ნახონ და დარწმუდნებიან, რომ ეს ფირმა სამეწარმეო საქმიანობას არ ახორციელებდა, უბრალოდ, რეგისტრირებული იყო”, – ამბობს ავდალიანი.

 

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ მოხდა ზემოხსენებული სავაჭრო პროფილის მქონე კომპანიის ლიკვიდაცია, თუ ის 2010 წლის შემდეგ მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, იგი ამბობს:

“ჩვენთან ფირმის ლიკვიდაცია პროცედურულად ცოტა პრობლემურია. ჯობია, რომ გაყიდო, რადგან ლიკვიდაცია რთულია. ამის გამო ეს იყო მხოლოდ ქაღალდზე. [ახლა] ჩემს სახელზე არაფერი არ არის. ნახონ 2012 წლის მერე, როცა მე პარლამენტში შევედი,  თუ ამ ფირმას რამე ოპერაცია უწარმოებია, მაშინ ილაპარაკონ. მანამდე ეს საკითხი უსაფუძვლოა”, – აცხადებს იგი და დასძენს, რომ მან ის ფირმა მთლიანად დაუთმო თავის გერმანელ პარტნიორს, რომელიც მას შემდეგ აღარ გამოჩენილა და, შესაბამისად, უცნობია, რა ბედი ეწევა კომპანიას.

ნეტგაზეთი ვერ დაუკავშირდა დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძეს, რომელსაც ტელეფონი გამორთული ჰქონდა, თუმცა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა განაცხადა, რომ ანგარიშზე მუშაობის პერიოდში სამივე დეპუტატს ესაუბრნენ და სამივემ განაცხადა, რომ ამ კომპანიებთან არავითარ შეხება არ აქვთ და ისინი მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” განმარტავს, რომ ზემოხსენებული დარღვევა პირდაპირ არ წარმოადგენს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს.

 

“მოცემული ინფორმაციის საფუძველზე დეპუტატები მხოლოდ ფიქსირდებიან ან ფიქსირდებოდნენ ამ კომპანიების დირექტორებად. შესაძლოა, ეს კომპანიები საერთოდ არ ახორციელბენ საქმიანობას, ან დეპუტატების დირექტორობა მხოლოდ რეესტრში დაფიქსირებით შემოიფარგლება. კანონმდებლობით კი, დეპუტატს უფლებამოსილება შეიძლება შეუწყდეს მხოლოდ მაშინ, თუ ის ეწევა (რეალურად ახორციელებს) სამეწარმეო საქმიანობას”, – აცხადებენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში” და მიუთითებენ 2006 წლის საკოსნტიტუციო სარჩელზე, რომელიც დეპუტატ ვალერი გელაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტას ეხებოდა.

 

როგორც ცნობილია, გელაშვილს მაშინ უფლებამოსილება სწორედ იმ მოტივით შეუწყვიტეს, რომ იგი “რეალურად ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას” სამშენებლო კომპანია “ევრას” მეშვეობით. პარლამენტმა და საკონსტიტუციო სასამართლომ გელაშვილის საწინააღმდეგო არგუმენტად მისი შეხვედრა გამოიყენეს განათლების იმდროინდელ მინისტრ ალექსანდრე ლომაიასთან. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მაშინდელი დასკვნის თანახმად, გელაშვილი განათლების მინისტრ კახა ლომაიას შეხვდა და კომპანია “ევრას“ მიერ ავლაბარში ახალი სკოლის მშენებლობის საკითხი განიხილა. თავად გელაშვილი ამ ფაქტს სხვაგვარად განმარტავდა და ამბობდა, რომ გელაშვილი განათლების მინისტრს ავლაბრის რაიონის ინტერესების დამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის რანგში შეხვდა და არა როგორც “ევრას“ წარმომადგენელი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ზემოხსენებული 3 დეპუტატის საქმით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს:

“საჭიროა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ ამ ფაქტების შესწავლა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდგომ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება”.

 

ლევან ნატროშვილის თქმით, უნდა გაირკვეს, ეს ადამიანები მართლაც ფორმალურად იყვნენ დირექტორები, თუ რეალურად ახორციელებდნენ საქმიანობას:

 

“ჩვენ ამაზე გვქონდა კონსულტაციები საპროცედურო საკითხთა კომიტეტთან და ნათელი გზავნილი ვერ მივიღეთ მათგან, აპირებენ თუ არა ამ საკითხის განხილვას. ჩვენი რეკომენდაცია ცალსახად არის ის, რომ სიტყვაზე ნდობა არ შეიძლება. კი, ამბობენ, რომ ეს დეპუტატები, რომ ეს ფირმები გაუქმებულია და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მონაცემები ფაქტობრივად არსებობს საჯარო სამსახურში, ისინი ლიკვიდრებული არ არიან, შესაბამისად, ეს საკითხი გამოკვლეული უნდა იყოს”, – აღნიშნავს ლევან ნატროშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი