ახალი ამბები

დაკავება ტრეფიკინგის ბრალდებით აჭარაში

15 აპრილი, 2014 • • 1356
დაკავება ტრეფიკინგის ბრალდებით აჭარაში

 

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის 16 აპრილს დაკავებულმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მოლარე ელენე კარტულიდს უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსასვლელად მოტყუებით გამოაწერინა 5681 ლარის ღირებულების ტაშკენტი-ალმაატას და ალმაატა-თბილისის მიმართულების თვითმფრინავის ბილეთები, რის შემდეგაც 2013 წლის 18 აპრილს უზრუნველყო უზბეკეთის რესპუბლიკიდან ნ.ხ–სა და მ.ს.–ს ჩამოყვანა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოში და საცხოვრებლად მოათავსა ნაქირავებ სასტუმროში. ამის შემდგომ ო.ბ–მ მათ ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტები, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, შანტაჟითა და იძულებით, მოახდინა ხსენებული პირების გადაბირება, პროსტიტუციაში ჩაბმა და 2013 წლის 13 ოქტომბრამდე მათ მიმართ ახორციელებდა ტრეფიკინგს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

უწყების ცნობით, 2013 წლის აგვისტოში ქალაქ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა N5-ში არსებულ შპს „ნათელა“-ში დაკავებული ტრეფიკინგის მსხვერპლთა პასპორტების გამოყენებით მოტყუებით დაეუფლა ხსენებული ფირმის დილერის, სონია ისხნელიძის კუთვნილ 6646 ლარის ღირებულების ორ ოქროს ძეწკვსა და სამაჯურს.

 

ო.ბ.–ს  წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 4-7 წლამდე და 11-15 წლამდე ვადით. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი