სამართალი

თაღლითობა “ნიგერიული სქემით”, თუ უცხოელი ბიზნესმენების დევნა საქართველოში?

11 აპრილი, 2014 • • 2880
თაღლითობა “ნიგერიული სქემით”, თუ უცხოელი ბიზნესმენების დევნა საქართველოში?

განაჩენის გამოცხადებამდე იულია რომანოვამ სასამართლოზე ბოლო სიტყვა წარმოთქვა და საქართველოს მთავარი პროკურატურა მასზე და მის ოჯახის წევრებზე ზეწოლაში დაადანაშაულა:

 

“მე ბრალს არ ვაღიარებ, დამაკავეს სრულიად მოულოდნელად, ჩამომართვეს ფული, გატეხეს ჩემი პირადი ელექტრონული ფოსტა, პროკურატურაში მაჩვენებდნენ უცხო ხალხის სიას და მთხოვდნენ მათ წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა და მათთვის თაღლითობა დამებრალებინა. დაკავების მომენტიდან ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა, ვიყავი მშიერი, არ მიშვებდნენ საპირფარეშოში, მემუქრებოდნენ, რომ თუ არ ვაღიარებდი დანაშაულს, რომელიც არ ჩამიდენია, დამიმატებდნენ კიდევ რამდენიმე მუხლს. დაუკავშირდნენ ჩემს მშობლებს და სთხოვდნენ თანხას. ამ ყველაფერს პროკურატურა აკეთებს იმისთვის, რომ შემდეგ ტელევიზიაში ილაპარაკონ, როგორ გახსნეს საქმე”, –  ეს განცხადება სასამართლოში იულია რომანოვამ გააკეთა.

 

პროკურატურა იულია რომანოვას ბრალდებებს უარყოფს. როგორც პროკურორი სალომე ჩიქობავა ამბობს, რომანოვას საქმე ერთ–ერთია იმ საქმეებიდან, რომელიც ე.წ. “ნიგერიული სქემის” მიხედვით ხორციელდება და ამავე სქემით ჩადენილი დანაშაულისთვის დღეს საქართველოს ციხეებში სასჯელს უცხო ქვეყნის კიდევ 7 მოქალაქე იხდის.

 

პროკურატურის ინფორმაციით სქემა, რომლის განხორციელებაც თავდაპირველად ნიგერიის მოქალაქეებმა დაიწყეს, შემდეგ კი პროცესში სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც ჩართეს, ასეთია:

 

პირი საქართველოში საერთაშორისო სახელწოდებით კომპანიას არეგისტრირებს, შემდეგ ამ კომპანიის სახელით ანგარიშებს ხსნის რამდენიმე ბანკში, იმისათვის, რომ ანგარიშებზე ჰაკერული გზით მოპოვებული თანხა გადმოირიცხოს. როგორც პროკურორი სალომე ჩიქობავა განმარტავს,  IP მისამართების მიხედვით ჰაკერები ძირითადად ნიგერიიდან მოქმედებენ:

 

“ამ შემთხვევაში იულია რომანოვამ დააარსა შპს “ჯე ინტერნეშენალი”, გახსნა ანგარიშები, ამის შემდეგ მასთან დაკავშირებული პირი ლაოსიდან, ჰაკერული გზით ტეხავს სხვადასხვა ქვეყნებში ელ. ფოსტებს და თანხას საქართველოში რიცხავს”.

 

პროკურატურის ვერსიით, ტეხავენ ისეთი პირების ელ–ფოსტებს, ვინც საბანკო ოპერაციებს პირადი ბანკირის დახმარებით ონლაინ აწარმოებს.

 

“ამ შემთხვევაშიც გატყდა ორი ფიზიკური პირის – მია იანგის და ლიმ ფეთმენის ფოსტები და პირად ბანკირს გადაეგზავნა მათი ფოსტებიდან წერილი, რომ ფული გადაერიცხათ საქართველოში, “ჯე ინტერნეშენალის” ანგარიშზე”, – აცხადებს პროკურორი. თუმცა მისივე თქმით, საქმეში ამჟამად დაზარალებულად ეს ორი ფიზიკური პირი არ არის მიჩნეული:

 

“ბანკებმა, რომლებიც შევიდნენ შეცდომაში, რადგან დამატებით არ გადაამოწეს სად ირიცხებოდა მათი კლიენტის თანხა, აიღეს თავის თავზე ვალდებულება და ორივე ფიზიკურ პირს თანხა უკან დაუბრუნეს, თავად კი საქართველოში აიყვანეს ქართველი წარმომადგენლები და ჩაებნენ სამართალწარმოებაში. ანუ საქმეში დაზარალებულად მიჩნეულია ორი ბანკი”, – ამბობს პროკურორი. მისი თქმით, პროკურატურამ გამოძიება სწორედ ბანკების მიერ თაღლითობის დაფიქსირების შემდეგ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

 

პროკურატურის განცხადებით, რომანოვას ანგარიშზე ზემოთ აღნიშნული სქემის შედეგად 100 000 ამერიკული დოლარი დაირიცხა, რომელიც მან დააკონვერტირა და 75 000 ევრო ანგარიშიდან გამოიტანა, ხოლო ის, რომ რომანოვა ამ სქემის შესახებ ინფორმირებული იყო, მის სატელეფონო საუბრებზე და პირად მიმოწერაზე მიყურადების შედეგად დასტურდება:

 

“იულია რომანოვას ჰყავდა მეგობარი, რომელსაც თავად ინვესტორად მოიხსენიებს, ნიგერიის მოქალაქე კოლინზი, რომელიც საზღვრის კვეთების მიხედვით დასტურდება, რომ თავადაც იმყოფებოდა საქართველოში. ჩვენ წარმოვადგინეთ ფარული მიყურადებები, ეს ინვესტორი რომ რეალური ინვესტორი არ იყო, ეს ამ სატელეფონო საუბრებიდანაც ჩანს. რომანოვა მას ეუბნება – ბანკში ისეთი ტელეფონი მიმათითებინე, რომ შემდეგ გადავაგდო და შენც პრობლემები არ შეგექმნასო, ასევე, საუბრობს ყალბ დოკუმენტებზე”, – აცხადებს პროკურორი.

 

იულია რომანოვა კი ამბობს, რომ ის საქართველოში ბიზნესის დაწყებას გეგმავდა, რისთვისაც ინვესტორმა თანხა გადმოურიცხა და მას არანაირ უკანონო ქმედებასთან კავშირი არ ჰქონია:

 

“მე  ორი წელია საქართველოში ვცხოვრობ. როგორც ვიცი, საქართველო მიესალმება უცხოურ ინვესტიციებს. ჩემს ინვესტორთან 8 თვიანი საქმიანი თანამშრომლობა მაკავშირებდა. ჩვენ გადავწყვიტეთ ინვესტირება, გავაფორმეთ მემორანდუმი. მე დავდიოდი რეგიონებში და ვსწავლობდი მდგომარეობას, რომ გადაგვეწყვიტა სად ჩაგვედო თანხა. გადაწყდა, რომ ოფისი უნდა შეგვეძინა დიდუბეში, თუმცა როგორც კი თანხის პირველი ნაწილი გადმომირიცხა ინვესტორმა, რაც სწორედ ოფისისთვის იყო განკუთვნილი, მე დამაკავეს და დაიწყო ის კოშმარი, რომელიც 9 თვეა გრძელდება”, – განაცხადა რომანოვამ, რომელიც განაჩენის გამოცხადებამდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

 

მისი თქმით, კომპანიის დარეგისტრირების შემდეგ რამდენიმე ბანკში ანგარიში იმიტომ გახსნა, რომ გაეგო რომელი ბანკი უფრო სანდო იყო:

 

“ბანკები ყველაზე დიდი თაღლითები არიან, მუდმივად ატყუებენ კლიენტებს, ამიტომ მე გავხსენი რამდენიმე ანგარიში, ეს კანონით არ მეკრძალება, უბრალოდ, მინდოდა გამეგო რომელი ბანკია უფრო სანდო”, – ამბობს რომანოვა.

 

რაც შეეხება სატელეფონო საუბრებს, რომანოვას თქმით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ჩანაწერები დამონტაჟებულია:

 

“მე თავიდანვე ვითხოვდი ექსპერტიზა ჩაეტარებინათ ამ ჩანაწერებისთვის, მაგრამ ექსპერტიზა არ ჩატარებულა. იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვიზეც ამბობენ თითქოს მე ვესაუბრე, ჩემს სატელეფონო წიგნში საერთოდ არ არის”, – ამბობს რომანოვა.

 

მისი ადვოკატი, თემურ გოქსაძე აცხადებს, რომ ექსპერტიზის ჩატარებაზე მან შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მისივე თქმით, იულია რომანოვას ახლობლებთან სატელეფონო კონტაქტიც კი აუკრძალეს, რაც ასევე ეჭვს ბადებს:

 

“რომანოვას ჰყავს მეუღლე, 4 წლის ქალიშვილი, ასევე მშობლები, არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც მას აუკრძალეს ახლობლებთან დარეკვა. დეპარტამენტმა მისცა დარეკვის უფლება და გამომძიებელმა წერილობით აუკრძალა. მიზეზი მითითებული არ ყოფილა”, – ამბობს ადვოკატი.

 

იულია რომანოვა მიიჩნევს, რომ პროკურატურას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ზეწოლა უადვილდება, ამიტომ მათი უფლებების დარღვევის ხარჯზე საქმეებს ხსნის:

 

“როგორც წინა ხელისუფლება იჭერდა მოქალაქეებს ყველანაირი ფაქტის გარეშე, იგივეს აგრძელებენ ახლაც. ჩვენ არ ვიცით ენა, გვიკრძალავენ ახლობლებთან კონტაქტს, ასე უფრო ადვილია ზეწოლა, როგორც ჩანს, ასე ავსებენ ქვეყნის ბიუჯეტს”, – ამბობს რომანოვა, ის ციხეში თვითმკვლელობით იმუქრება.

 

პროკურატურის ინფორმაციით, გარდა ამ საქმისა, იულია რომანოვას წინააღმდეგ კიდევ სამი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რაზეც სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. ცალკე საქმეა აღძრული ასევე გლდანი–ნაძალადევის პოლიციაში, სადაც გამოძიება მიმდინარეობს რომანოვას ადვოკატის სახელით მისი ოჯახის წევრებისთვის ფულის გამოძალვის ფაქტზე. ამ დროისთვის რომანოვას ყველა ანგარიში დაყადაღებულია.

პროკურატურაში ამბობენ, რომ გარდა ამისა, მიმდინარეობს გამოძიება კიდევ ერთ დიდ საქმეზე, რომელიც ასევე ამ სქემით განხორციელდა და ამ შემთხვევაში სქემაში საქართველოს მოქალაქეებიც არიან ჩართულნი.

მასალების გადაბეჭდვის წესი