ახალი ამბები

წულუკიანსა და თაქთაქიშვილს შორის პარლამენტში დაპირისპირება მოხდა

1 აპრილი, 2014 • • 1328
წულუკიანსა და თაქთაქიშვილს შორის პარლამენტში დაპირისპირება მოხდა

ჩიორა თაქთაქიშილმა სიტყვით გამოსვლისას თეა წულუკიანს განუცხადა, რომ ის რეალობასაა მოწყვეტილი:

 

“თქვენ მოწყვეტილი ხართ იმ რეალობას, რომელშიც გარდაიცვალა შალვა თათუხაშვილი, იმ რეალობას, რომელსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ქურდულ გარჩევას, თუ ადამინისტრაციის მხრიდან წამებას შეეწირნენ პატიმრები: კორტავა, ძველაია, ფერტენაძე, მაისურაძე. ეს პირები შეეწირნენ იმ სისტემას, რომლის სათავეშიც დგახართ და სრული პასუხისმგებლობა გაგაჩნიათ. არგუმენტები, რომ ვერ ჩაერევით ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებში, ძალიან გაუმართლებელი იქნება იმიტომ, რომ თქვენ არ არიდებთ თავს და ერევით სასამართლოს საქმიანობაშიც, როდესაც საჭიროდ მიიჩნევთ.

 

კონკრეტულად ორი პროკურორი, ძნელაშვილი და გილაური არიან მხილებული გარდაცვლილი თათუხაშვილის წამებაში. სწორედ მათ ადებს ხელს ბატონი ნუგზარ წიკლაურიც. თქვენ უნდა ჩაერიოთ ცალკეული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაში და თუ ერევით, მაშინ დღემდე რატომ არ არის გამოძიებული არც ერთი ის სამართალდარღვევა, რომელზეც სახალხო დამცველი მიგითითებდათ. ის მიგითითებდათ თენგიზ გუნავასთვის ნარკოტიკის და იარაღის ჩადების ფაქტზე, ის მიგითითებდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების ფაქტებზე, ვინ დაისაჯა?

 

ლადო ბედუკაძე დაისაჯა, თუ გეგუთის ციხის უფროსი, მას ედებოდა ბრალი კორტავას წინააღმდეგ ადმინისტრაციის ქმედებებში და ეს ადამიანი, მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება გამოსძალეთ, საქართველოდან გააპარეთ. 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა, ვინ დაისაჯა? ეს არის ადამიანების უფლებების დაცვის გაუმჯობესებული სტანდარტი? თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა ყველა ამ გამოუძიებელ საქმეზე და მაინტერესებს, ასეთი დამშიდებული და ბედნიერი სახით რატომ გვიჩვენებთ ფილმებს ადამიანის დასაქმებაზე? დასაქმება სიკეთეა, მაგრამ ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პრობლემა?”- თქვა ჩიორა თაქთაქიშვილმა. 

 

აღნიშნული კითხვების საპასუხოდ თეა წულუკიანმა თაქთაქიშვილს განუცხადა, რომ მან არც კანონი იცის, არც კონსტიტუცია წაუკითხავს და არც ის იცის, რომ მინისტრები კანონებს არ წერენ:

 

“კმარა ქალბატონო ჩიორა, კმარა, კმარა! მათ შორის თქვენ პირადად მიეცით ხმა იმ კანონს, რომლის თანახმად იუსტიციის მინისტრს ეკრძალება ჩაერიოს ინდივიდუალურ სისხლის სამართლის საქმეში.”

 

რაზეც თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ მინისტრი იტყუება, რადგან “ნაციონალურ მოძრაობას” აღნიშნული კანონისთვის მხარი არ დაუჭერია.

 

“რეფორმა, რომელსაც არ ატარებდით, ჩვენ ჩავატარეთ. ჩემი წინამორბედი თქვენ მიერ იყო შექმნილი – პოლიტიკოსი, გენპროკურორი, მართლმსაჯულების ხელმძღვანელი, გიბრძანებდათ, რა კანონები უნდა მიეღო, მიიჭრებოდა საკანონმდებლო მაცნეში და უკვე გამოქვეყნებულ კანონებს ხელით ასწორებდა. არ მითხრათ, არ იყო ასეო, ამიტომ გაგეღიმათ? თქვენი ფუნქცია ნულამდე იყო დაყვანილი და ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოგეცათ გასაქანი, რომ აზრები თავისუფლად გამოთქვათ, თორემ ვინ გისმენდათ ადრე, საკუთარი ხელისუფლება არ გისმენდათ. ჩემი პასუხი არის ის, რომ თქვენ კანონი არ გაქვთ წაკითხული და კანონმდებლისთვის ეს არის დიდი სირცხვილი. აქ იქნება შს მინისტრი და გენერალური პროკურორი, რომლებიც კომპეტენტურ პასუხებს გაგცემენ, მაგრამ სანამ ისინი მოვლენ, კანონი წაიკითხეთ”,- თქვა წულუკიანმა. 

 

წულუკიანის განცხადების საპასუხოდ თაქთაქიშვილმა დაზუსტების უფლების გამოყენება მოითხოვა, თუმცა ბესელიამ ამის უფლებას არ მისცა და მანდატურის სამსახურს ჩიორა თაქთაქიშვილისთვის მიკროფონის გამორთვა სთხოვა, თუმცა სერგო რატიანმა მანდატურის სამსახურის თანამშრომელს ამის უფლება არ მისცა:

 

“წულუკიანის განცხადება არის პარლამენტის წევრის და კომიტეტის სტატუსის შეურაცხყოფა და თქვენ ამაზე მოგიწევთ პასუხისგება,”-აღნიშნა თაქთაქიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი