ახალი ამბები

სისტემური დარღვევები საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში

1 აპრილი, 2014 • • 2500
სისტემური დარღვევები საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში

2012 წელს საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებით ირკვევა, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობამოკლებული ბავშვების სფეროში გატარებული სისტემური ღონისძიებებისა, აღნიშნულ ბავშვთა სახლებში აღსაზრდელების ცხოვრების პირობები არ აკმაყოფილებს „ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების“ მოთხოვნებს.

 

ბავშვთა სახლებში საქართველოს სახალხო დამცველის რეგულარული გეგმური მონიტორინგის დროს სახალხო დამცველის ანგარიშით იკვეთება არაერთი პრობლემა. 

 

2014 წლის თებერვალში საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მონიტორინგი განახორციელა მცირე საოჯახო ტიპის 30 ბავშვთა სახლში. კერძოდ, თბილისის (13 სახლი), რუსთავის (2 სახლი), დუშეთის (1 სახლი), ახმეტის (1 სახლი), 
თელავის (3 სახლი), მცხეთის (2 სახლი), ხაშურის (4 სახლი), გორის (1 სახლი), კასპის (1 სახლი), გარდაბნისა (1 სახლი) და ლაგოდეხის (1 სახლი) მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში.

როგორც ომბუდსმენის ანგარიშში წერია, მონიტორინგის გუნდი დაკომპლექტდა ხუთ-ხუთი ექსპერტისაგან შემდგარ ორ ჯგუფად, სადაც შევიდნენ როგორც სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის, ასევე, ბავშვთა უფლებების ცენტრის თანამშრომლები (სულ 4 თანამშრომელი) და პრევენციის ეროვნული მექანიზმის 6 მოწვეული ექსპერტი – ფსიქოლოგები, ექიმები (ფსიქიატრი და 2 თერაპევტი), სოციალური მუშაკი, იურისტი.

 

მოცემულ ანგარიშში ცალ-ცალკე არის განხილული ფიზიკური გარემო, ჯანმრთელობის დაცვის სფერო, კვება, ფსიქოლოგიური სფერო და ა.შ. 

 

მაგალითად, მონიტორინგის დროს დადგინდა, რომ მთელ რიგ სახლებში:

 

“ბავშვებს პირად სარგებლობაში არა აქვთ პირსახოცები, სააბაზანოებსა და ტუალეტებში არ ფუნქციონირებს ვენტილაცია – იგივე მდგომარეობაა ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის“ ყველა სახლში.”

 

“არ ფუნქციონირებს გამწოვი, რის გამოც მთელ სახლში დგება საჭმლის სუნი.”


“ოთახებში შეინიშნება ოფლისა და ჭუჭყის მძაფრი სუნი.” 


“სახლის ეზოში მოთავსებულია აზიური ტიპის საერთო სარგებლობის საპირფარეშო ჩამრეცხი ავზისა და ხელსაბანი ნიჟარის გარეშე, საპირფარეშოში არ არის ჰიგიენის შესაბამისი ნივთები.”


“ამ სახლს შხაპითა და უნიტაზით აღჭურვილი 3,700 კვ.მ ფართობის საერთო სარგებლობის სველი წერტილი შენობაშიც გააჩნია, თუმცა აღნიშნული პირობების გამო იკვეთება დამატებითი სანიტარიული კვანძის საჭიროება.”

 

“არ არსებობს კვების ნორმების მარეგულირებელი სტანდარტი. აქედან გამომდინარე, აღმზრდელები ბავშვის ულუფას განსაზღვრავენ, „ოჯახში გამოცდილების“ მიხედვით თითქმის ყველა სახლში პური მოიხმარება ჭარბი ოდენობით; ხშირ შემთხვევაში დაკმაყოფილებულია ბავშვების სურვილი, იკვებონ უპირატესად ძეხვეულით, გაყინული ხინკლით, ჭარბად მიიღონ ტკბილეული. აღნიშნული არ პასუხობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს – ორგანიზმის ჯანსაღი ზრდა – განვითარების მოთხოვნებს.”

 

“ფსიქოლოგიური დახმარება ერთეული კონსულტირებით შემოიფარგლება, დაგვიანებით ან საერთოდ არ იმართება და ამოიცნობა ბავშვის ფსიქიატრიული პრობლემები. ფსიქიატრიული დახმარების მიწოდება მხოლოდ კრიზისული სიტუაციის ჩამოყალიბების შემდეგ იწყება და არ ატარებს ადეკვატურ ხასიათს.”

 

“სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ზრუნვის ქვეშ მყოფი ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას და მათ სამართლებრივ დაცვას. სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული ბავშვის ფსიქოლოგიური დახმარების სტანდარტები.”

 

“სახურავიდან ჩამოსული ბუნებრივი ნალექის გამო დაზიანებულია ჭერი და კედლები; სახლს ამორტიზებული აქვს კარ-ფანჯრები, რის გამოც ვერ ხერხდება შენობაში ტემპერატურის სტაბილურობის უზრუნველყოფა, არ მუშაობს სამზარეულოსა და სველი წერტილების ჰაერის გამწოვები, 2007 წლის შემდეგ არ განახლებულა ინვენტარი, რის გამოც ბავშვებს პირადი ნივთები  სკამებზე უწყვიათ; ბავშვების ოთახებში არ ინთება ელექტრონათურა, რის გამოც მათ მაგიდის ნათურის შუქზე უწევთ მეცადინეობა. არ არის ინტერნეტის ქსელი. სახლს წყალი 
მიეწოდება გრაფიკით, ამიტომ წყალს აგროვებენ ავზში, რომელიც განთავსებულია 15 კვ.მ ოთახში, სადაც ჭერი და კედლები ნესტიანი და დაობებულია.”

 

მიღებულმა შედეგებმა, როგორც ომბუდსმენის ანგარიშში წერია, ცხადყო, რომ ბავშვზე ზრუნვის ამ სეგმენტში განსაკუთრებით აღსანიშნავია სისტემური დარღვევები, რომელთა გამოსწორებაც მნიშვნელოვან ძალისხმევასა და მეთოდურ მიდგომას მოითხოვს.

 

“მათ შორის უნდა აღინიშნოს ის ხარვეზები, რომელთა დაძლევაც მოცემული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ვერ მოხერხდა. კერძოდ, კვლავ გამოწვევად რჩება ისეთი პრობლემები, როგორიცაა აღმზრდელთა კვალიფიკაცია და სახელმწიფო ზრუნვისადმი დაქვემდებარებული ბავშვების ხარისხიანი ფსიქოლოგიური/ფსიქიატრიული მომსახურება. განსაკუთრებით თვალშისაცემია ერთიანი და ჩამოყალიბებული სახელმწიფო კონტროლის მექანიზმების არარსებობა,”- წერია ანგარიშში. 

 

მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების სრული მონიტორინგის შედეგების სპეციალურ ანგარიშის გამოცემას, ამ სფეროში პრობლემების დეტალური განხილვით, სახალხო დამცველი მიმდინარე წელს გეგმავს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი