ახალი ამბები

რა ინფორმაციას მიაწვდიან არასამთავრობოები ნატოს წარმომადგენლებს

25 მარტი, 2014 • • 1169
რა ინფორმაციას მიაწვდიან არასამთავრობოები ნატოს წარმომადგენლებს

“მე ვისაუბრებ როგორც პოზიტიურზე, ასევე, ნეგატიურ საკითხებზე. პირველ რიგში, ალბათ უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მედიაგარემო, რაზეც აუცილებელია, რომ ვისაუბრო. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემები იყო საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით და ასევე ტელეკომპანიების რეიტინგების კვლევასთან დაკავშირებით. გარკვეული რეფორმები ჩატარდა საარჩევნო თვალსაზრისით, გარკვეულწილად გაუმჯობესდა საარჩევნო კანონმდებლობა და საპრეზიდენტო არჩევნები ნამდვილად დემოკრატიულად ჩატარდა. თუმცა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე, ალბათ აქ უკვე უნდა ვისაუბროთ იმ ჩანაწერებზე, რომელიც დარჩა და რომელიც ეხება პირდაპირ არჩეული მერების უნდობლობის გამოცხადების საკითხს”, – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.


მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც ქვეყანაში უნდა განხორციელდეს:


“მნიშვნელოვანია ასევე ვისაუბროთ იმ რეფორმებზე, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს ქვეყანაში, მე აღვნიშნავდი შინაგან საქმეთა სამინსიტროს და სამართალდამცავ უწყებებს, ასევე, იმ კანონმდებლობას, რომელიც ეხება თვალთვალსა და მიყურადებას, ამ კანონმდებლობის შეცვლა არის მნიშვნელოვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი კი პრაქტიკის შეცვლაა. ასევე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში აქტუალურია კონფლიქტური რეგიონების საკითხი, ვფიქრობ, რომ ამ მიმართლებითაც ნატოს მხრიდან ძალიან მნიშვლეოვანია ჩვენი ხმარდაჭერა”, – აცხადებს ეკა გიგაური.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, თამარ გვარამაძის თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან ისინი ასევე ისაუბრებენ მნიშვნელოვანი საქმეების ეფექტური გამოძიების საკითხთან დაკავშირებით:


“დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და ვაპირებთ, რომ ვისაუბროთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა საქართველოში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ეფექტური გამოძიება მნიშვნელოვანი საქმეების, ასევე, ფარული აუდიო და ვიდეოჩაწერების განხორციელება და ის კამპანია, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად დავიწყეთ ფარული ვიდეო–აუდიო მიყურადების განხორციელებასთან დაკავშირებით და ასევე მედიის თავისუფლება იქნება ერთ–ერთი თემა და აუცილებლად ვისაუბრებთ მოსალოდნელ არჩევნებზე”, – განაცხადა თამარ გვარამაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი