ახალი ამბები

რატომ გაერთიანდნენ ნინო ბურჯანაძე და ქდმ

19 მარტი, 2014 • • 1620
რატომ გაერთიანდნენ ნინო ბურჯანაძე და ქდმ

როგორც ნეტგაზეთს ბურჯანაძის პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა გია კობახიძემ განუცხადა, ამავე საერთო ბლოკში გაერთიანების თაობაზე მოლაპარაკებები სხვა პარტიებთანაც მიმდინარეობს, მათ შორის კახა კუკავას “თავისუფალ საქართველოსთან”, “ქართულ დასთან’, მემარჯვენეებთან და მერმარცხენე ალიანსთან. გია კობახიძის განცხადებით, ბლოკი, ჩამოყალიბების შემთხვევაში, არჩევნებში საერთო რესურსებით და კანდიდატებით მიიღებს მონაწილეობას:

 

“ჩვენი კონსულტაციები დიდი ხანია მიმდინარეობს და დღესაც არ დამთავრებულა იმ პარტიებთან, რომლებსაც არასაპარლამენტო ოპოზიციას უწოდებენ. ამ მიმართულებით ჩვენ და ქდმ–მ დავასრულეთ ჩამოყალიბების პროცესი და გადავწყვიტეთ, რომ ერთობის შექმნა აუცილებელია, მაგრამ კონსულტაციები ისევ გრძელდება. არავისთვის არის დასრულებული ეს თემა და ველოდებით პასუხებს სხვა ორგანიზაციების მხრიდანაც. დროში ძალიან შეზღუდული ვართ, მაქსიმუმ ერთი კვირა დაგვრჩა. ამ ვადაში ალბათ ეს ორგანიზაციები იტყვიან თავის პასუხს”,  – ამბობს კობახიძე.

 

მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს “ახალი მემარჯვენეების” ერთ–ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე. თბილისის საკრებულოს წევრის ცნობით, მისი პარტია მსგავსი ტიპის გაერთიანების ჩამოყალიბებას მხარს უჭერს:

 

“ახალი მემარჯვენეები” დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ შექმნილი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ქართულ პოლიტიკას სჭირდბა ძლიერი არასაპარლამენტო გაერთიანების შექმნა, რათა შევძლოთ, რომ ჩამოვაყალიბოთ არსებული ორი პოლუსის საპირწონე ძალა. ამისათვის ჩვენ, ბუნებრივია, ვმოქმედებთ. ჯერჯერობით არის პროცესი. ჩვენ გვინდა, რომ დიდი გაერთიანება შეიქმნას, თუმცა, რამდენად იქნება ანალოგიური მზაობა სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების მხრიდან, ვერ გეტყვით. მეტს ამჯერად არაფერს ვიტყვი. ამ კვირის ბოლოსთვის, როდესაც პარტიებს მოუწევთ საკუთარი აზრის დაფიქსირება მზაობაზე დიდ პოლიტიკურ გაერთიანებასთან დაკავშირებით, მერე გამოჩნდება ყველაფერი”, – აღნიშნავს კაციტაძე.

 

რის საფუძველზე გადაწყვიტეს ბურჯანაძის პარტიამ და ქდმ–მ გაერთიანება 2014 წლის არჩევნებისთვის, მაშინ, როდესაც გასული წლების განმავლობაში ამ პარტიების წევრებს ერთმანეთი არაერთხელ გაუკრიტიკებიათ, ერთი მხრივ, “პრორუსული კურსის”, თუ, მეორე მხრივ, “ნაცმოძრაობასთან თანამშრომლობის” ბრალდებით და რა შეიცვალა ამ წლების შემდეგ? – ამ კითხვას გია კობახიძე ასე პასუხობს:

 

“ჯერ ერთი, ის შეიცვალა, რომ ახალი რეალობის წინაშეა მთლიანად ქვეყანა. მეორე, ამ ორგანიზაციამ თავისი რებრენდინგი გაიარია. ესეც ყველასთვის არის ცნობილი. ის ნაკლი, რაც იყო მათ გადაწყვეტილებებში პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი გაანალიზდა ობიექტურად. ჩვენ საკუთარი ანალიზი გავაკეთეთ ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით, ეს ერთმანეთისთვის გახდა ცნობილი და, ბუნებრივია, რომ ამის შემდეგ გადაიდგა ეს ნაბიჯები ერთმანეთის მიმართულებით.”

 

მისივე თქმით, ქდმ–ს და დემოკრატიული მოძრაობის ხედვები ერთმანეთს მრავალი მიმართულებით ემთხვევა:

 

“რაც მთავარია, წმინდა იდეოლოგიური თვალსაზრისით არის სრული თანხვედრა. ჩვენც მემარჯვენე ცენტრისტული ტიპის გაერთიანება ვართ, ქრისტიან–დემოკრატიული იდეოლოგია, ჩვენი აზრით, ყველაზე პროგრესული და წამყვანია. სწორედ ამ იდეოლოგიის მატარებლები ვართ დაარსების დღიდან. უბრალოდ, სახელწოდებაში არ გვქონდა ეს სიტყვათა წყობა გამოყენებული, მათგან განსხვავებით”.

ნეტგაზეთის შეკთხვას, ეთანხმება თუ არა დემოკრატიული მოძრაობის ქდმ–ს მიერ დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ბურჯანაძის თანაპარტიელი ასე პასუხობს:

 

“საერთოდ დასავლური კურსი არის ერთადერთი სწორი და აუცილებელი გადაწყვეტილება და მიმართულება საქართველოსთვის. ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს. საერთოდ ეგ კითხვა რატომ ისმება ხოლმე, სრულიად გაუგებარია”.

 

რეპლიკაზე, ეს კითხვა იმიტომ ისმება, რომ მისი პარტიის ლიდერი მოსკოვში პუტინთან შეხვედრაზეა ნამყოფი, კობახიძე აცხადებს:

 

“ქალბატონი ნინო იქ საქართველოს პრობლემებთან დაკავშირებით იყო ჩასული, რა შუაშია ეს კურსთან, იდეოლოგიასთან და პრინციპებთან დაკავშირებით. ეს იყო პოზიცია, რომელიც დღეს ყველა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ გაიზიარა, რომ რუსეთთან ურთიერთობა დიალოგის რეჟიმში უნდა გადავიტანოთ. დღეს ამას ყველა ორგანიზაცია ლაპარაკობს. ჩვენ გვეყო გამბედაობა, რომ ეს გვეთქვა მაშინ, როცა ამის გაკეთება ძალიან საშიში იყო, იმიტომ, რომ სააკაშვილისგან შავი პიარი და მტრის ხატად გამოცხადება გარდაუვალი იყო, მაგრამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ეს გავაკეთეთ”.

 

ნეტგაზეთის რეპლიკას, ამ კითხვის დასმის კიდევ ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მის პარტიას მკაფიო განცხადებები არ გაუკეთებია ევროინტეგრაციული კურისის თაობაზე, იგი პასუხობს:

 

“მხოლოდ სიტყვებზე რომ არ იყოს საუბარი, მოდით, შედით ჩვენს ვებგვერდზე, სადაც უკვე მე–5 წელია გამოქვეყნებულია პროგრამა და წაიკითხეთ უსაფრთხოების მიმართულებით”.

 

მისივე თქმით, ჯერჯერობით არ ყოფილა საუბარი იმის თაობაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს ბლოკის საერთო კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებზე. იგი არ აკონკრეტებს, სურს თუ არა ნინო ბურჯანაძეს ამ არჩევნებში მონაწილეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი