ახალი ამბები

მარგველაშვილი: რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის გლობალურ წესრიგს

19 მარტი, 2014 • • 1194
მარგველაშვილი: რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის გლობალურ წესრიგს

“ჩვენ ვართ უკიდურესად შეშფოთებული იმით, რაც გუშინ მოხდა, ის მოვლენები, რაც განვითარდა უკრაინაში, საფრთხეს უქმნის სტაბილურობას არა მარტო მთლიანად რეგიონს, არამედ იმ გლობალურ წესრიგს, რომლითაც კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომის მერე ფუნქციონირებდა. ასეთი საფრთხე ორი მიმართულებით იქმნება. პირველი ეს არის ის, რომ ბირთვულ განიარაღებას, რომელსაც ჰქონდა გარკვეული დადებითი ტენდენცია, რისი შედეგიც იყო 1994 წლის შეთანხმება, რომლითაც უკრაინამ თავისი ბირთვული არსენალი დათმო, რის გამოც ამ ტენდენციას სერიოზული დისკრედიტაცია შეიძლება შეექმნას. მეორე მდგომარეობს იმაში, რომ, ფაქტიურად, მსოფლიო ომის მერე, მე ძნელად თუ ვიხსენებ შემთხვევას, ერთ ქვეყანას მეორე ქვეყნის ტერიტორიები მიეერთებინოს, რა თქმა უნდა, მსოფლიო რუკა იცვლებოდა, ხდებოდა ქვეყნების დანაწილება, რა თქმა უნდა, არსებობდა კონფლიქტები ქვეყნებს შორის, მაგრამ არ ხდებოდა ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის ტერიტორიების მიერთება. ეს არის პრობლემა გლობალურად მსოფლიოს უსაფრთხოებისათვის, აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას, პრინციპულად შეაფასოს არსებული ვითარება და ჩვენ ვრჩებით იმ ცივილიზებული ქვეყნების გვერდით, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საკითხები წყდება არა ტერიტორიების დაკავების, სამხედრო ძალის გამოყენების, არამედ დიპლომატიური ურთიერთობების მეშვეობით”, – განაცხადა პრეზიდენტმა.


ჟურნალისტის კითხვას,  ყირიმის რუსეთთან შეერთებით შექმნილი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, უნდა გადახედოს თუ არა საქართველომ თავის საგარეო პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

 

“ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო თანამეგობრობა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით თავის პოზიციას აყალიბებს. საქართველო იყო და რჩება იმ ქვეყნების გვერდით, რომლებიც მიუღებლად მიიჩნევენ ასეთ აგრესიას, მაგრამ ამასთან ერთად მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში სწორედ იმაზე იყო ორიენტირებული, რომ ყველა პრობლემა- როგორც მეზობელ ქვეყნებს შორის, ასევე, ზოგად კონტექსტში- უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის, მოლაპარაკებების და დიპლომატიური გზების მეშვეობით. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში არც არასდროს ყოფილა განსხვავებული. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც რუსეთის საგარეო პოლიტიკის სუსხიანი ხელი საკუთარ თავზე იწვნია. 2008 წლის ომის შემდგომ ჩვენ ყველანი უფრო მეტად ორიენტირებულები უნდა ვყოფილიყავით, რომ მეზობელი ქვეყნის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანა ყოფილიყო აღქმული, როგორც აბსოლუტურად დაუშვებელი პრეცედენტი. ალბათ, მეტი უნდა ყოფილიყო გაკეთებული მთელი საერთაშორისო თანემგობრობის მიერ, მათ შორის ჩვენ მიერაც, რომ ასეთი რამ 6 წლის მერე არ განმეორებულიყო, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება არის, რომ ვცდილობთ დავიწყოთ ლაპარაკი არა აგრესიის, არამედ დიპლომატიის ენაზე, ასევე ვცდილობთ, რომ დავამყაროთ რაციონალური და მშვიდი დიალოგი. ეს არის დასავლეთის სტრატეგიული გზა და, ბუნებრივია, ჩვენ ამ გაერთიანების და კოალიციის ნაწილი ვართ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი