ხელოვნება

თბილისის ძველი ეკლესიების და საკულტო ნაგებობების ინვენტარიზაცია

19 მარტი, 2014 • 2046
თბილისის ძველი ეკლესიების და საკულტო ნაგებობების ინვენტარიზაცია

სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ ჟურნალისტებს ახალი პროექტი 19 მარტს გააცნო. მისი თქმით, ეს პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან აქამდე ამ მიმართულებით სამუშაოები არ ჩატარებულა და ეკლესიების და საკულტო ნაგებობის ინვენტარიზაცია არ მომხდარა.

“დაახლოებით 50–60 ძეგლია, რომელიც ჩვენ ვიცით, ზოგი სათავსოებად არის გამოყენებული, ზოგი კი ჩაკარგულია დღევანდელ გარემოში. მათი ინვენტარიზაცია იმას ნიშნავს, რომ  სრულყოფილად გვექნება ინფორმაცია, რამდენი საკულტო ნაგებობაა თბილისის ტერიტორიაზე და რა მდგომარეობაშია ისინი”.

 

ანთიძის ცნობით,  პროექტი 2014 წლის მაისში დაიწყება,  ინვენტარიზაციის პროცესში  ჩაერთვებიან არქიტექტორები, გეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, კონსტრუქტორები. იგი ამბობს, რომ პროექტის დასრულების შემდეგ სრულყოფილი ინფორმაცია შეგროვდება:

 

“ეს არის კომპლექსური კვლევა, იმიტომ, რომ თავდაპირველად შესასწავლია, თუ რა მდგომარეობაშია და რა გარემოშია. ასევე ჩართულები არიან იურისტები, რომლებიც საკუთრების უფლებებს შეისწავლიან”.

სამუშაო ჯგუფი ყველა რელიგიური  კონფესიის საკულტო–არქიტექტურული ნიმუშების ინვენტარიზაციას და ფოტოფიქსაციას განახორციელებს, შექმნის სააღრიცხვო ბარათებს, მოამზადებს ძეგლთა არქიტექტურულ–კონსტრუქციულ წინასწარ  დასკვნებს და შეისწავლის საკულტო ნაგებობათა ირგვლივ არსებულ სოციალურ გარემოს.

 

პროექტის დასკვნით ნაწილში მოპოვებული მასალების საფუძველზე მომზადდება და გამოიცემა ფოტოალბომი სახელწოდებით ,,თბილისის ძველი ეკლესიები და საკულტო ნაგებობები”.

 

სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე ამბობს, რომ  აღწერის შემდეგ, 2015 წელს თითოეული ძეგლის რეაბილიტაციას დაიწყებენ.

თბილისი
თბილისი

მასალების გადაბეჭდვის წესი