ახალი ამბები

საგანელიძე: მარგველაშვილის პოზიციის შეცვლა ცოტა არ იყოს მიუღებელია

19 მარტი, 2014 • • 1058
საგანელიძე: მარგველაშვილის პოზიციის შეცვლა ცოტა არ იყოს მიუღებელია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ “პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით მარგველაშვილის პოზიციის შეცვლა ცოტა არ იყოს მიუღებელია:


“პრეზიდენტის ფუნქციაც  არის ის,  რომ აზრთა სხვადასხვაობაში გარკვეული ბალანსი მოახდინოს. ის ამ შემთხვევაში არის მედიატორი. რაც შეეხება საკადრო ცვლილებას, ცოტა საწყენი და გასაკვირიც არის, რადგან მიმაჩნია, რომ საკმაოდ ძლიერი კადრები ჰყავს ,,ქართულ ოცნებას“ და მაინცდამაინც ,,ნაციონალურ მოძრაობაზე“ დამოკიდებული კადრების დაკომპლექტება პრეზიდენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურების,  მისაღები არ არის. რაც შეეხება სასახლეს, მარგველაშვილის პოზიციის შეცვლა ცოტა არ იყოს მიუღებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე თავს იმედგაცრუებულად თვლის.”

 

ხოლო საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე ამტკიცებს, რომ ივანიშვილი ქვეყნის მართვაშია ჩართული:

 

“მთავრობის შეფასებისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ “ეს არ არის მთავრობა, რომელიც ხალხს ერთს ეუბნება და მეორეს აკეთებს”, საქმე სწორედ ამასთან გვაქვს, როგორც მთავრობის შემთხვევაში, ისე პირადად ივანიშვილთან მიმართებაში, როცა ის პირდაპირ და უსირცხვილოდ ატყუებს ხალხს, როცა აცხადებს, რომ იგი ქვეყნის  მართვაში არ არის ჩართული. ვინმეს სჯერა, რომ იგი ამას არ აკეთებს? მისი დღევანდელი ინტერვიუც ამ სიცრუის გამომზეურების ნათელი დადასტურება იყო, თუ როგორ აკონტროლებს იგი, ვითომ რიგითი მოქალაქე, პირადად მთავრობის საქმიანობას. რატომ იტყუება ივანიშვილი, რომელმაც “მოიცილა” პასუხისმგებლობა და გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. ადვილი მისახვედრია, მან იცის, რომ ხალხი სწორედ პირადად მას მოთხოვს პასუხს უხვი და არარეალისტური დაპირებების შეუსრულებლობის გამო.”

მასალების გადაბეჭდვის წესი