ახალი ამბები

უჩა ნანუაშვილი: კაზრეთში ვითარება საგანგაშოა

27 თებერვალი, 2014 • • 1297
უჩა ნანუაშვილი: კაზრეთში ვითარება საგანგაშოა

სახალხო დამცველმა გაფიცულთა მოთხოვნები მოისმინა და ადგილზე მდგომარეობას გაეცნო. უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ კაზრეთში ვითარება საგანგაშოა და თუკი მთავრობა არ ჩაერთვება პროცესებში, სიტუაცია უმართავი გახდება:

 

“სიტუაცია არის ნამდვილად საგანგაშო, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ადგილი აქვს მუშა-მოსამსახურეთა მასობრივ გათავისუფლებას და უფლებების დარღვევას, გაფიცულია ადგილობრივი საჯარო დაწესებულებები, პარალიზებულია საგანმანათლებლო სისტემა”, – აცხადებს სახალხო დამცველი. ის მთავრობას მოუწოდებს შეასრულოს მედიუმის როლი, რათა საწარმოს ადმინისტრაციასა და გაფიცულებს შორის დაიწყოს მოლაპარაკებები. ნანუაშვილის თქმით, მთავრობას აქვს ბერკეტები ამ მოლაპარაკებების დასაწყებად. სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ ის ელოდა, რომ ბოლნისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ადგილზე იქნებოდა, თუმცა კობა ნაყოფია იქ არ არის.

 

ამჟამად გაფიცულები ბოლნისის რაიონის გამგებლის მისვლას ელოდებიან, ხოლო ადგილზე მხოლოდ დაბა კაზრეთის გამგებელი იმყოფება. 

 

დაბა კაზრეთში 14 თებერვლიდან კომპანიის მუშები გაფიცვას აწყობენ. მათგან 8 შიმშილობს. გაფიცვის მონაწილეების თქმით, მათ კომპანიის თითქმის ყველა თანამშრომელი შეუერთდა. გაფიცულები მოითხოვენ ხელფასების ზრდას, სამუშაო პირობებისა და სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას, კომპანიიდან გათავისუფლებული 180 ადამიანის აღდგენას. 24 თებერვლიდან კი მათ მოთხოვნებს კიდევ ერთი მოთხოვნა, კომპანიის მენეჯმენტის ცვლილება შეემატა. 

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ აღნიშნული ნაწილობრივ შესრულება შეუძლიათ. კომპანია თანახმაა, რომ სამუშაო და სადაზღვევო პირობები გააუმჯობესოს, ასევე, 40-მდე თანამშრომელი აღადგინოს.

 

ფოტო: თამარ მირიანაშვილი
ფოტო: თამარ მირიანაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი