ახალი ამბები

სააკაშვილი: აჭარა და ჯავახეთი ცხვირწინ ავაცალეთ რუსეთს, ცხინვალს და აფხაზეთს ვერ მივუსწარით

25 თებერვალი, 2014 • • 1324
სააკაშვილი: აჭარა და ჯავახეთი ცხვირწინ ავაცალეთ რუსეთს, ცხინვალს და აფხაზეთს ვერ მივუსწარით

“ყირიმში მთავარი პრობლემა არის რუსული სამხედრო ბაზა და რუსეთის სამხედრო კონტინგენტის ადგილზე ყოფნა. იქ ეს საკითხი დგას და ახლა რუსები ცდილობენ ზუსტად იგივე სცენარის გაკეთებას, რაც თავის დროზე ცხინვალსა და აფხაზეთში გააკეთეს. როგორც აჭარაში ცდილობდნენ… ჩვენ ხომ აჭარა და ჯავახეთი რუსეთს ცხვირწინ ავაცალეთ?! იქაც რუსული ბაზა იყო. 2004, 2005, 2006 წლებში ზუსტად იგივეს ახორციელებდნენ, თუ არა ვარდების რევოლუცია და შემდგომ ჩვენ მიერ გატარებული რეფორმები, დღეს აჭარაც დამოუკიდებლად ექნებოდა რუსეთს გამოცხადებული, და რაღაც ფორმით გამოყოფილი ექნებოდა ჯავახეთიც. ჩვენ მოვახერხეთ და დროზე მივუსწარით. აფხაზეთს და ცხინვალს ვეღარ მივუსწარით იმიტომ, რომ ძირითადი საქმე რუსეთმა იქ 1990–იანებში მოათავა. ყირიმში ჯერ საწყის ეტაპზეა ეს სეპარატიზმი და თუ უკრიანის სახელმწიფო სწრაფად იმოქმედებს, ვერც ყირიმში განახორციელებს თავის მიზანს რუსეთი”, – განაცხადა კიევში მყოფმა სააკაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ ამ საკითხზე იგი უკრაინის პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის ვიტალი კლიჩკოს ესაუბრება.

 

სააკაშვილმა უკრაინაში განვითარებული მოვლენებიც შეაფასა:

 

“ამ გამარჯვებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის და საქართველოსთვის. საბჭოთა კავშირი ნამდვილად იშლება ახლა, საბჭოთა მენტალიტეტი ინგრევა ახლა. რამდენიმე რაღაცა დაინგრა ახლა უკრიანის რევოლუციით: პირველ რიგში, დაინგრა რუსეთის ყოვლისშემძლლეობის მითი, პუტინმა ყველაფერი გააკეთა, რაც მის ძალებში იყო, რათა უკრაინის ეს რევოლუცია შეეჩერებინა. კიევში და უკრიანის თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის აღმოსავლეთში, პუტინი ბოლომდე დამარცხდა. ბოლო კვირებში აქ პუტინს ნამდვილი დესანტი ჰყავდა: ეფ–ეს–ბეს გენერლები, სურკოვი, რომელიც მისი წარმომადგენელია აფხაზეთსა და და სამხრეთ ოსეთში, და რეალურად გადმოამისამართა უკრიანაში, კიევში იჯდა პირდაპირ და ამათ მოქმედებებს ხელმძღვაენლობდა, იანუკოვიჩს მისცა 2 მილიარდი იმისათვის, რომ მას განეხორციელებინა დარბევა, თუმცა ეს ყველაფერი ჩამოიშალა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი